რა ელის პაბლო ტორეს? 3 ვარიანტი
ესპანელი ამომავალი ვარსკვლავი პაბლო ტორე რომ "ბარსელონას" ფეხბურთელი გახდება, ეს დიდი ხანია, გადაწყვეტილია.
19 წლის ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონის მიზანს უკვე მიაღწია და "რასინგს" ესპანეთის ჩემპიონატის მე-2 დივიზიონში გადასვლაში დაეხმარა. ახლა კი მას უკვე შეუძლია, მომდევნო სეზონზე და "ბარსელონაზე" იფიქროს.
პაბლო ტორე "ბარსას" ფეხბურთელი 1 ივლისს გახდება, მალევე კი კატალონიურ კლუბთან ერთად წინასასეზონო მზადებას დაიწყებს. სწორედ ამ ეტაპის შემდეგ გადაწყვეტს ჩავი, თუ როგორ გაგრძელდება ტორეს კარიერა. Sport-ის აზრით ვარიანტი 3 არსებობს.
პირველი გუნდი
არაა გამორიცხული, რომ პაბლო ტორე თავიდანვე "ბარსას" პირველი გუნდის წევრად იქცეს. ამისთვის საჭიროა, რომ მან ჩავი საკუთარ შესაძლებლობებში დაარწმუნოს. რა თქმა უნდა, "ბარსას" ნახევარდაცვაში არსებული კონკურენციის დაძლევა მარტივი არ იქნება, მაგრამ ასე ამბობდნენ პედრისა და გავის შემთხვევაშიც.
მომდევნო სეზონში "ბარსელონას" ნახევარდაცვაში პედრი, ბუსკეტსი, გავი, ნიკო, სერჟი რობერტო, ფრანკ კესიე და სავარაუდოდ ფრენკი დე იონგი იქნებიან.
ბარსა ბ და პირველი გუნდი
თავდაპირველი ჩანაფიქრი იყო, რომ პაბლო ტორეს თამაში "ბარსა ბ-ში" უნდა დაეწყო, მაგრამ ტრანსფერის გაოფიციალურებიდან მალევე სარეზერვო გუნდის დამრიგებელმა, სერჟი ბარჟუანმა დაადასტურა, რომ ეს ფეხბურთელი კლუბმა პირველი გუნდისთვის შეიძინა.
"ბარსელონაში" არის ხალხი, რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ ტორე "ბარსა ბ-ში" არასდროს ითამაშებს, როგორც ეს პედრის შემთხვევაში მოხდა.
თუმცა მაინც განიხილება ვარიანტი, რომ ფეხბურთელმა პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშოს, თამაშით კი "ბარსა ბ-ში" ითამაშოს. ასე ის შემდეგი სეზონისთვის პირველ გუნდში სათამაშოდ უკეთ მოემზადება.
"რასინგში" განათხოვრება
მესამე ვარიანტად კი კატალონიელი ჟურნალისტები ტორეს ერთი წლით "რასინგში" დატოვებას განიხილავენ. პაბლო ტორე სანტანდერელთა გმირია, რომელიც გუნდს ზედა დივიზიონში გადასვლაში დაეხმარა. გარდა ამისა ამავე გუნდში თამაშობდა პაბლოს მამაც. 19 წლის ფეხბურთელს "რასინგის" მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს და არაა გამორიცხული, "ბარსამ" მისი ამ გუნდში ერთ წლით დატოვების ვარიანტი განიხილოს.
ამ ვარიანტის შანსები მნიშვნელოვნად შემცირდება, თუ "რასინგის" მსგავსად სეგუნდა დივიზიონში "ბარსა ბ-ც" დაწინაურდება. თუ ორივე ეს გუნდი ერთ ლიგაში ითამაშებს, ლოგიკური იქნება, თუ "ბარსა" პაბლო ტორესთვის საკუთარ სარეზერვო გუნდს აირჩევს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]