ჩავის ახალწვეულებიდან ყველაზე მეტად ფერან ტორესი მოსწონს
"ბარსელონას" გულშემატკივრები ფერან ტორესს ხშირად აკრიტიკებენ ხოლმე და სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, არცთუ უსაფუძვლოდ. ახალგაზრდა ფეხბურთელი ბევრ საგოლე მომენტს აფუჭებს, ბოლო დროს კი ძალიან პასიურიცაა. ამის მიუხედავად ჩავი ერნანდესი ახალწვეულებიდან ყველაზე მეტად კმაყოფილი სწორედ მისითაა.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს "ბარსელონამ" ფერან ტორესი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, დანი ალვესი და ადამა ტრაორე დაიმატა. ობამეიანგი აშკარად წარმატებული ტრანსფერია - უფასოდ დამატებულმა ფეხბურთელმა 19 თამაშში 11 გოლი გაიტანა. ადამა ტრაორემ კარგად დაიწყო, მაგრამ ახლა ის სასტარტოს წევრად აღარც განიხილება. დანი ალვესი გუნდს მოედანს მიღმა უფრო ეხმარება, ვიდრე მოედანზე. ფერანი კი ბოლო 6 მატჩში გოლის გატანას ვერ ახერხებს და ზოგ თამაშში თითქოს საერთოდ დაკარგულია.
იმის მიუხედავად, რომ ერთი შეხედვით ზამთრის საუკეთესო ტრანსფერი ობამეიანგია, თუ ხავი მიგელს დავუკერებთ, ჩავი ამ სტატუსს ტორესს ანიჭებს. კატალონიელ სპეციალისტს ახალგაზრდა შემტევის პოზიციური თამაში მოსწონს და მიაჩნია, რომ გუნდის სათამაშო სტილს ის ძალიან კარგად ერგება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]