რა ბედი ელით მემფის დეპაისა და ობამეიანგს?
"ბარსელონა" მომდევნო სეზონისთვის გაძლიერებაზე უკვე მუშაობს. უპირველესი საკითხი თავდამსხმელის მოყვანაა. კლუბი რობერტ ლევანდოვსკის დამატებას ცდილობს. ამის პარალელურად, საინტერესოა, რა ბედი ელით გუნში ამჟამად მყოფ შემტევებს.
Sport-ის ინფორმაციით, პიერ-ემერიკ ობამეიანგი მომდევნო სეზონშიც "ბარსაში" ითამაშებს, იმის მიუხედავად, შეიძენს თუ არა კლუბი მაღალი დონის ცხრიანს. იგი ზამთარში მოვიდა და შესანიშნავ შთაბეჭდილებას ტოვებს, შესაბამისად, ჩავის მისი გაშვების საფუძველი არ აქვს.
განსხვავებულია მემფის დეპაის სიტუაცია. დიდი შანსია, ნიდერლანდელმა ზაფხულში "ბარსელონა" დატოვოს. მემფისს მსოფლიო ჩემპიონატის წინ რეგულარულად თამაში სურს, რისი შანსიც "ბლაუგრანაში" ნაკლებად ექნება. 28 წლის შემტევი ხელსაყრელი შეთავაზების მიღების შემთხვევაში კლუბის დატოვებაზე უარს არ იტყოდა.
მოსალოდნელია, რომ კატალონიელები ლუკ დე იონგსა და მარტინ ბრეითუეიტსაც გაუშვებენ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]