საჩემპიონო დეჟავიუ
11 მაისს, თბილისის დროით 22:00 საათზე "ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ კალენდარულ მატჩს გამართავს ლევანტეში ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ. დიდი ალბათობაა იმისა, რომ ეს მატჩი კატალონიელთათვის ზედიზედ მესამე ჩემპიონის ტიტულის მომტანი იქნება, რადგანაც "ბლაუგრანას" ყაიმიც აძლევს ხელს ესპანეთის ჩემპიონის ტიტულის ოფიციალურად გასაფორმებლად. "ბარსელონას" ლევანტესთან ძალიან კარგი მოგონებები აკავშირებს. გავიხსენოთ 2005 წლის გაზაფხული. კატალონიელები მაშინ გაჩემპიონების გაცილებით ნაკლები იმედებით გაემგზავრნენ დებიუტანტებთან სათამაშოდ. მაგრამ ამ მატჩს წინ უძღვოდა სევილიასა და მადრიდის რეალის თამაში ანდალუზიაში, რომელშიც, ყველასთვის მოულოდნელად, მადრიდელებმა ვერ შეძლეს გამარჯვების მოპოვება, რაც, პირველ რიგში, დალაქების ბრაზილიელი ლიდერის ჟულიო ბაპტისტას შესანიშნავი თამაშის დამსახურება გახლდათ. მატჩი ფრედ 2–2 დასრულდა. ამის შემდეგ "ბარსას" უკვე ქულის აღებაც ჰყოფნიდა ლევანტეში თასის ასაწევად. მთელი მატჩის განმავლობაში შეინიშნებოდა ნერვიულობა და ჩემპიონობის აღნიშვნის სამზადისი. ხუმრობა საქმე ხომ არ იყო, კატალონიელები 7 წლიანი პაუზის შემდეგ ასე ახლოს იყვნენ ლა ლიგის ჩემპიონის ტიტულთან! მატჩი საკმაოდ მძიმე გამოდგა, რადგანაც რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში მიმდინარეობდა, ამას ისიც დაემატა, რომ ლევანტე პირველ ტაიმშივე დაწინაურდა, პირველი ტაიმი ამ შედეგითვე დასრულდა და რაღაც მომენტში შეიძლებოდა გულშემატკივარს ის აზრიც დაეშვა, რომ კატალონიელთა გაჩემპიონება ერთი ტურით გადაიწევდა, თუმცა ერთ–ერთი კუთხურის მოწოდებისას დასწრებაზე საუცხოოდ ითამაშა რაფაელ მარკესმა. მის მიერ ნახტომში თავით გაგზავნილი ბურთი პირდაპირ სამუელ ეტო'ოსკენ გაფრინდა, რომელმაც უპრობლემოდ გამოავლინა თავისი ჩვეული ცივსისხლიანობა და წყნარად მიუჩინა ადგილი ბურთს მეტოქის კარის ბადეში. მატჩიც ასე, ფრედ 1–1 დასრულდა და კატალონიელებმა ზეიმი საფინალო სასტვენის შემდეგ მომენტალურად დაიწყეს. ამ სეზონს, ამ ტიტულსა და ამ მატჩს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა "ბარსელონას" ისტორიაში, რადგანაც სწორედ ამის შემდეგ დაიბრუნა გუნდმა ძველი, დროებით დაკარგული, დიდება და დღემდე მისაბაძი მაგალითს წარმოადგენს. ამ ყველაფერს კის აფუძველი სწორედ ლევანტეში ჩაეყარა. სიტუაცია ამჯერადაც მსგავსია, "ბლაუგრანა" ისევ მიემგზავრება ლევანტეში და ისევ 1 ქულა ჰყოფნის ჩემპიონობის გასაფორმებლად. ვფიქრობთ, ნამდვილად მნიშვნელოვანი დამთხვევაა, ასეთი დამთხვევები ხშირად არ ხდება და ეს ფაქტი იმსახურებდა ერთი სტატიის მიძღვნას, თუნდაც იმიტომ, რომ დავიწყებას არ მიეცეს წარსულის ღირსშესანიშნავ მოვლენები, ხოლო თუ რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა "ბარსელონასთვის" იმ მატჩში წარმატებასა და ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას, ამას წლების გასვლის შემდეგ კიდევ უფრო უკეთ გავაცნობიერებთ...
ეს კი სამუელ ეტო'ოს ჩემპიონობის მომტანი გოლი:
[media=http://www.youtube.com/watch?v=XvgrVgoBu54]
თორნიკე რაზმაძე
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]