ოფიციალურად: ლუსი ბრონზი ბარსელონას ფეხბურთელია
ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ინგლისელი ფლანგელი, ლუსი ბრონზი "ბარსელონაში" ითამაშებს.
ბრონზი "ბარსას" თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოუერთდა და კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა. ლუსიმ დღეს სამედიცინო შემოწმება გაიარა და ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურიც მოირგო. მისი წარდგენის ცერემონია ჟოან ლაპორტასთან ერთად მალე გაიმართება.
ბრიტანელი ფეხბურთელი უკვე 30 წლისაა. მას კარიერის განმავლობაში "სანდერლენდში", "ევერტონში", "ლივერპულში", "მანჩესტერ სიტისა" და "ლიონში" უთამაშია. ამ უკანასკნელის რიგებში ბრონზმა ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ 3-ჯერ მოიგო. ამასთან, 2020 წელს იგი FIFA-ს მიერ საუკეთესოდ დასახელდა, 1 წლით ადრე კი UEFA-ს წლის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
გამოცდილი უკანახაზელი 2013 წლიდან ინგლისის ნაკრების წევრია, 2021 წელს კი ბრიტანეთის ნაკრებშიც გამოიძახეს.
ლუსი მარჯვენა ფლანგელია, რომელიც ფიზიკურად ძლიერი გახლავთ, კარგი ტექნიკით გამოირჩევა და ძლიერი დარტყმა აქვს.
"ბარსელონაში" გატარებული პირველი დღის შემდეგ, ის ინგლისის ნაკრებს შეუერთდა, რომლის შემადგენლობაშიც საკუთარ ქვეყანაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე უნდა ითამაშოს.
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ "ბარსელონასნაირ" კლუბში გადმოვედი - მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში. ახალ თანაგუნდელებთან ერთად მუშაობის დაწყებას მოუთმენლად ველი.
"ბარსასთვის" უარის თქმა შეუძლებელი იყო.
- განაცხადა ლუსიმ Barça TV-სთან საუბრისას.
ლაია კოდინასა (ის "მილანში" იყო განათხოვრებული) და ნურია რაბანოს შემდეგ, ბრონზი ამ ზაფხულში "ბლაუგრანას" ქალთა გუნდის მე-3 შენაძენია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]