ბარსელონამ სევილიასთან მოლაპარაკებები დაიწყო
ჟიულ კუნდე ნელ-ნელა "ბარსელონას" უახლოვდება - კატალონიურმა კლუბმა პოტენციური ტრანსფერის თაობაზე "სევილიასთან" მოლაპარაკებები დაიწყო.
Sport-ის ინფორმაციით, "ბარსას", გარიგებაში ფეხბურთელების ჩართვა ან ფრანგი მცველის იჯარით აყვანა და შემდეგ მისი გამოსყიდვა სურდა, მაგრამ ანდალუსიელებმა ორივე წინადადება დაბლოკეს, რადგან მათ ახალი მოთამაშის შესაძენად ფული სჭირდებათ. როგორც კი "ბლაუგრანა" ფინანსურ ბერკეტებს გაააქტიურებს, ისინი ახალ ოფიციალურ შეთავაზებას მოამზადებენ.
კუნდეს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში გადმოსვლა უნდა და ჟოან ლაპორტას გუნდიც მუშაობას განაგრძობს, მაგრამ ისინი "სევილიას" მიერ მოთხოვნილი 65 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებენ. შეთანხმების მიღწევა მარტივი არ იქნება, მაგრამ კატალონიური გრანდი დანებებას არ გეგმავს.
ჟიულს ჩავი ერნანდესთან საუბარი უკვე ჰქონდა და "ბარსას" შეატყობინა, რომ მათთვის მოიცდის. კლუბი თითქმის დარწმუნებულია, რომ ფრანგის შეძენას შეძლებს, თანაც, ეს უკანასკნელი მზადაა, კატალონიაში სათამაშოდ ბევრად სარფიანი შემოთავაზებები უარყოს. ამასთან, "ბლაუგრანას" საქმეს ისიც უმარტივებს, რომ კუნდეთი დაინტერესებული ერთ-ერთი გუნდი - "ჩელსი" "იუვენტუსიდან" მატიას დე ლიხტის გადაბირებაზე გადაერთო.
ზემოხსენებული წყაროს ცნობით, კუნდეს ალტერნატივა კალიდუ კულიბალია, რომლის ტრანსფერიც "ბარსელონას" ბევრად ნაკლები დაუჯდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]