კუნდეს სამედიცინო შემოწმება 3 საათი მიმდინარეობდა
დღეს, "ბარსელონას" ახალწვეულმა, ჟიულ კუნდემ სამედიცინო შემოწმებას გაიარა, რის შემდეგაც კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს.
La Sexta-ს ინფორმაციით, ფრანგ მცველს საკმაოდ საფუძვლიანად ამოწმებდნენ, რადგან მან არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ბოქვენის ტრავმის გამო ოპერაცია გაიკეთა.
წყაროს ცნობით, ახალგაზრდა ფეხბურთელის შემოწმება 3 საათი მიმდინარეობდა, ახლა კი პროცესი დასრულებულია და ჟიული ბარსელონას საავადმყოფოს ტოვებს.
23 წლის უკანახაზელი ხელშეკრულებას ხელს ორშაბათს მოაწერს, შემდეგ კი მას ლურჯ-ბროწეულისფერი ფორმით წარადგნენ. Mundo Deportivo-ს თქმით, პრეზენტაცია "კამპ ნოუზე" არ გაიმართება, რადგან სტადიონზე სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. შესაბამისად, "ბარსა" ფეხბურთელს სიუტატ ესპორტივაზე წარადგენს.
კუნდეს ტრანსფერის ფინანსური დეტალები ჯერ ოფიციალურად ცნობილი არაა, მაგრამ, გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონა" ფრანგის სანაცვლოდ €50+€5 მილიონს გადაიხდის და ფეხბურთელს 5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს. მისი გამოსასყიდი თანხა €1 მილიარდი იქნება.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჟიული "ბარსას" ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა და კლემან ლანგლეს (€35.9) გადაასწრო. იმ 4 უკანახაზელს შორის, რომელშიც კლუბმა ყველაზე დიდი თანხა გადაიხადა, 3 (დანი ალვესი, კლემან ლანგლე, ჟიულ კუნდე) "სევილიაში" თამაშობდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]