ბარსელონა ახალ სეზონში 1.3 მილიარდის შემოსავალს ელის
"ბარსელონას" მომდევნო გენერალურ ასამბლეაზე კლუბის წევრებისთვის წარსადგენი ახალი სეზონის ბიუჯეტი უკვე მზად აქვს, ესპანური მედია კი მის დეტალებს ავრცელებს.
ინფორმაცია 2022/23 წლების სეზონის ფინანსური დეტალების შესახებ თავდაპირველად Què T'hi Jugues-მა გაავრცელა, ცოტა ხნის წინ კი ეს ცნობები Sport-მა დაადასტურა.
უახლოეს გენერალურ ასამბლეაზე ახალი სეზონის ბიუჯეტის წარდგენის გარდა 2021/22 წლების სეზონის ბიუჯეტიც დაიხურება. ეს სეზონი "ბარსამ" დაახლოებით 100 მილიონიანი მოგებით დაასრულა, მაგრამ კლუბის საკუთარმა კაპიტალმა -350 მილიონი ევრო შეადგინა. სეზონის მოგებით დახურვა "ბარსამ" პირველი ფინანსური ბერკეტის ამოქმედებით, ანუ ლა ლიგის სატელევიზიო უფლებების 10%-ის ოცდახუთი წლით გასხვისებით მოახერხა. ამ ოპერაციიდან კატალონიურმა კლუბმა 267 მილიონი ევრო მიიღო.
ახალ სეზონს კი "ბარსელონა" რეკორდული ბიუჯეტით ხვდება. კატალონიური კლუბი 2022/23 წლების სეზონში 1.3 მილიარდი ევროს შემოსავალს ელის. თუ მოლოდინები გამართლდა, "ბლაუგრანა" გახდება ისტორიაში პირველი საფეხბურთო კლუბი, რომლის წლიური ბიუჯეტიც მილიარდ ევროს გადააჭარბებს. ამ ნიშნულისთვის "ბარსას" აქამდეც უნდა მიეღწია, რომ არა პანდემია.
შემოსავლის საკმაოდ დიდი ნაწილი, დაახლოებით ნახევარი მილიარდი ევრო უკვე ამოქმედებული ფინანსური ბერკეტებიდან იქნება მიღებული. "ბარსამ" ივლისის თვეში 2 ბერკეტი აამოქმედა - ლა ლიგის სატელევიზიო უფლებების კიდევ 15% და Barca Studios-ის 24.5% გაასხვისა.
კლუბში იმედოვნებენ, რომ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების გამო ლა ლიგა მათ ახალწვეულების დარეგისტრირების უფლებას მიცემს. თუ ასე არ მოხდება, "ბარსელონა" Barca Studios-ის კიდევ 24.5%-ს 100 მილიონ ევროდ გაასხვისებს და ბიუჯეტი 1.4 მილიარდ ევრომდე გაიზრდება.
რაც შეეხება ხარჯებს - მოსალოდნელია, რომ "ბარსელონას" წლიური გასავალი 900 მილიონი იქნება, საიდანაც 620 მილიონი ხელფასებზე დაიხარჯება. კლუბში ელიან, რომ ლა ლიგა მათ სახელფასო ლიმიტად 680 მილიონ ევროს დაუწესებს და თუ ასე მოხდა, "ბლაუგრანას" მეოთხე ფინანსური ბერკეტის ამუშავება არ მოუწევს.
თუ "ბარსას" მოლოდინები გამართლდა, ანუ კლუბის შემოსავალმა 1.4 მილიარდი, ხოლო გასავალმა 900 მილიონი შეადგინა, კატალონიელთა საკუთარი კაპიტალი -350 მილიონიდან +50 მილიონ ევროზე შეიცვლება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]