როგორ შეიცვალა ბარსას ლა ლიგის მოგების შანსები სეზონის სტარტის შემდეგ?
ნაყოფიერი სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ "ბარსელონას" გულშემატკივრები ახალ სეზონს იმედიანად შევხვდით. ჯერჯერობით "ბარსა" ვერც ლა ლიგაში ლიდერობს და ვერც ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გუნდი იმედებს გვიცრუებს. პირიქით - ჩავის გუნდის თამაში აშკარად სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს და ამტკიცებს, რომ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია.
როგორც ირკვევა, ასე მხოლოდ ადამიანები არ ვფიქრობთ. "ბარსელონასი" უკვე fivethirtyeight-ს ცნობილმა სუპერკომპიუტერმაც იწამა.
სეზონის სტარტზე ეს სუპერკომპიუტერი მიიჩნევდა, რომ "ბარსელონას" სიძლიერის ინდექსი 84.4 იყო, ხოლო "რეალ მადრიდის" - 86.2. "ბარსელონას" შეტევა 2.4 ბალით ფასდებოდა, მადრიდელების კი 2.7 ბალით. კატალონიელებს უპირატესობა ჰქონდათ დაცვაში - 0.5 მადრიდელთა 0.6-ს წინააღმდეგ (დაცვაში დაბალი ბალი უპირატესობაა).
რაც შეეხება პროგნოზს - ლა ლიგაში "რეალ მადრიდის" გაჩემპიონების ალბათობა 39% იყო, ხოლო "ბარსასი" - 25%. ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა "სამეფო გუნდს" 81%-ით ჰქონდა განაღდებული, ხოლო "ბლაუგრანას" - 72%-ით. მოსალოდნელი იყო, რომ "რეალი" ლა ლიგას 78 ქულითა და ბურთების შეფარდებაში +42-ით დაასრულებდა, "ბარსა" კი 74 ქულითა და +34-ით.
რა შეიცვალა სეზონის სტარტის შემდეგ? თუ მანამდე ორივე გუნდს თანაბარი, 0 ქულა ჰქონდა, ახლა "რეალ მადრიდი" 2 ქულით წინაა. სუპერკომპიუტერი ლა ლიგის მოგების ფავორიტად კვლავ მადრიდელებს მიიჩნევს, მაგრამ ამჯერად არა გუნდის სიძლიერის, არამედ აქამდე დაგროვილი უპირატესობის გამო.
დღეს "ბარსა" უფრო ძლიერ გუნდად მიიჩნევა. მისი სიძლიერის ინდექსი 88.8 არის, ხოლო "ბლანკოსის" - 87.1. ორივე გუნდის შეტევა 2.7 ბალით ფასდება, დაცვაში კი "ბარსა" ისევ ერთი მეათედით იგებს - 0.4-0.5.
მოსალოდნელია, რომ ლა ლიგის დარჩენილ ტურებში "ბარსა" უფრო მეტ ქულას აიღებს, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ერთი ქულით დამარცხდება - "რეალ მადრიდს" 85 ქულა, "ბარსელონას" 84 ქულა. ბურთების შეფარდება კატალონიელებს +56, ხოლო მადრიდელებს +50.
ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა ორივე გუნდს თითქმის განაღდებული აქვს - 95% "რეალს" და 93% "ბარსას".
კარგი სტარტის გამო ჩემპიონობის შანსები ორივე გუნდს მნიშვნელოვნად გაეზარდა, თუმცა უფრო "ბარსას". "რეალის" შანსებმა 9%-ით მოიმატა და ახლა 48% არის, ხოლო "ბარსელონასი" 16%-ით გაიზარდა და ახლა 41% არის.
დინამიკა გვიჩვენებს, რომ თუ "ბარსელონა" ქულებში წინ გასვლას მოახერხებს, რაც დიდად გასაკვირი სულაც არ იქნება, ლა ლიგის მოგების ფავორიტად სწორედ ჩავის გუნდი იქცევა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]