ინტერვიუ რაფა მარკესთან

ინტერვიუ რაფა მარკესთან

"ბარსელონას" ლეგენდარული მექსიკელი ცენტრალური მცველი რაფაელ მარკესი ამჟამად "ბარსა ატლეტიკს" წვრთნის და საკმაოდ წარმატებითაც. 4 ტურის შემდეგ ახალგაზრდა კატალონიელები დაუმარცხებლები არიან და ჩემპიონატში მე-4 ადგილს იკავებენ.

სამწვრთნელო კარიერის წარმატებით დაწყების შემდეგ მარკესი კატალონიურ Sport-ს ესაუბრა.

- "ბარსა ატლეტიკი" დაუმარცხებელია და ეს ძალიან კარგი სტარტია. ელოდით ამას?

- ფეხბურთელებს ესმით ჩვენი კონცეფცია, თამაშის იდეა და ისიც, თუ რისი დანერგვა გვსურს. პირველივე დღიდან ძალიან კარგად ვმუშაობდით და შედეგიც სახეზეა.

- რამდენად შორს შეუძლია ამ გუნდს წასვლა? მაგალითად ზედა დივიზიონში გადასვლა.

- როდესაც აქ მოვედი, მთავარი მიზანი, რაც დამისახეს, ფეხბურთელების განვითარება იყო. ისინი უკეთ უნდა ვავარჯიშო და დამატებითი შესაძლებლობები მივცე. თუმცა ამის გამო რაიმე არ უნდა დავთმოთ.

- სარეზერვო გუნდი ელიტამდე ერთ ნაბიჯში იმყოფება და ხშირად ასეთ დონეზე გუნდის დაკომპლექტება ადვილი არაა. რა არსენალი გაქვთ?

- გუნდში ბევრი ახალი ფეხბურთელია. რამდენიმე მათგანი ასაკობრივი გუნდიდან ამოვიდა და ისინი ერთმანეთს კარგად იცნობენ. ასევე არიან ისეთებიც, რომლებიც "ბარსა ატლეტიკში" დარჩნენ და ენთუზიაზმით გამოირჩევიან. კარგი სამუშაო გუნდი შეიქმნა როგორც სტაფში, ასევე შემადგენლობაში, რაც ძალიან მეხმარება. ბიჭების მონდომება აღსანიშნავია.

- რატომ არ დაიმატეთ ცენტრფორვარდი?

- ალბათ ვერ ვნახეთ ჩვენთვის სასურველი პროფილის ფეხბურთელი. არ გვინდოდა, ტრანსფერი მხოლოდ ტრანსფერისთვის განგვეხორციელებინა, ჩვენი სურვილი იყო, ახალწვეულს გუნდისთვის ბევრი რამ შეეძინა.

- ეცდებით თავისუფალი აგენტის დამატებას?

- არა, დეკემბრამდე ამ შემადგენლობას შევინარჩუნებთ და შემდეგ ვნახავთ, რა ვარიანტები გვექნება.

- ახლა სასტარტო 9 ნომერი რობერტოა. "კალაჰორასთან" თამაშის დროს, როდესაც თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვეთ, თქვენ გუნდს სათადარიგოთა სკამიდან მიუთითებდით, რომ ბურთთან ჩუს ალბა უნდა მისულიყო, მაგრამ რობერტომ დაარტყა და გაიტანა...

- ეს ამ გუნდზე კარგად მეტყველებს. ფეხბურთელებს სიტუაცია ესმით, მათ იციან, რომ რობერტოს თავდაჯერება ჭირდება. დიახ, ჩვენი გადაწყვეტილება იყო, რომ ჩუს ალბას უნდა დაერტყა, მაგრამ ფეხბურთელებს ამ საკითხში თავისუფლება აქვთ.

- კიდევ გაქვთ იმედი, რომ პაბლო ტორეს გამოიყენებთ?

- თუ ის ჩვენთან მოვა, დაგვეხმარება. მისთვის კარი ყოველთვის ღიაა. თუმცა ეს საკითხი პირდაპირ პირველმა გუნდმა და ჩავიმ უნდა გადაწყვიტონ.

- დავბრუნდეთ ცოტათი უკან. როგორ დაგითანხმეს "ბარსაში" დაბრუნებაზე?

- ამაზე საუბარი ჯერ კიდევ გასული წლიდან მოყოლებული იყო. მადრიდში სამწვრთნელო კურსებს გავდიოდი და "ბარსამ" ასაკობრივი გუნდის გაწვრთნა შემომთავაზა, მაგრამ ვინაიდან ჯერ კვალიფიკაცია არ მქონდა, ეს არ გამოვიდა. წელს კი საბოლოოდ "ბარსა ატლეტიკი" შემომთავაზეს და ეს ჩემთვის დიდი შესაძლებლობა იყო. მინდა, ამით ვისარგებლო და ზრდა განვაგრძო.

- ლაპორტამ შეგარქვათ მეტსახელი "კაიზერი"...

- დიახ, ეს მან გააკეთა (იცინის). ის არის პრეზიდენტი განსაკუთრებული პიროვნული თვისებებით. მას შეუძლია რისკზე წასვლა, კონკურენტუნარიანი გუნდის შექმნა და კლუბისთვის იმის მიცემა, რაც საჭიროა, კლუბის აღზრდილი ფეხბურთელების დაწინაურება, შანსის მათთვის მიცემა, ვინც იცის და ვისაც უნდა ამ ფერების დაცვა. მათ შორის ვარ მეც და ამისთვის მადლიერი ვარ. მინდა, მას ამ ნდობისთვის პასუხი შედეგებით დავუბრუნო.

- რაფა მარკესი ყოველთვის გამოირჩეოდა ბავშვებისადმი ყურადღებით, განსაკუთრებით მათ მიმართ, ვინც ამის ნაკლებობას განიცდიდა. ისევ ეხმარებით მათ?

- სამწუხაროდ, ჩემ საქველმოქმედო ფონდს პრობლემები შეექმნა, თუმცა მაინც ვცდილობთ, მათ დავეხმაროთ ყველაფრით, რითაც შეგვიძლია.

- მოდით, "ბარსას" პირველ გუნდზე ვისაუბროთ. დაიბრუნებს ის ძველ ადგილს?

- ძალიან კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავს, თითო პოზიციაზე 2 ფეხბურთელი, მაღალი ხარისხი, გამოცდილი მოთამაშეები და "ლა მასიას" აღზრდილები. დიახ, ამ გუნდს ტიტულებისთვის ბრძოლა შეუძლია.

როდესაც თანაგუნდელები ვიყავით, ჩავის ეტყობოდა, რომ ის მწვრთნელი გახდებოდა. მას ნათელი იდეები აქვს, საკუთარ სახლშია და მან კარგად იცის, როგორ უნდა მართოს გუნდი. "ბარსა" საუკეთესო ხელშია.

- ლევანდოვსკის განეიტრალება რომ გიწევდეთ, როგორ მოახერხებდით ამას?

- ძალიან რთული იქნებოდა. ის ძალიან მაღალი დონის თავდამსხმელია, ლიდერია როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. როდესაც გოლები გააქვს, დაუყოვნებლივ ინსტრუქციებს იძლევა, თანაგუნდელების გარჯას აფასებს. მისი დამატებით "ბარსელონამ" ძალიან სწორი ნაბიჯი გადადგა.

- როგორ უყურებ კაპიტნების, პიკესა და ალბას სიტუაციას?

- რთული სიტუაციაა. ისინი კონკურენტუნარიანი ადამიანები არიან. ვიცნობ რა მათ, ვიცი, რომ ყოველ კვირა თამაში უნდათ. მნიშვნელოვანია ჩავის საუბრები მათთან იმისათვის, რომ ფეხბურთელებმა მოტივაცია არ დაკარგონ. მათ შეუძლიათ, გუნდს გამოადგნენ მაშინაც კი, თუ არ თამაშობენ.

- 5 ცენტრალური მცველი გუნდში და არცერთი ცაცია...

- არაუხოსა და კუნდეს მარჯვენა ფლანგზე თამაშიც შეუძლიათ. ძალიან მაღალი დონის ცენტრალური მცველები გვყავს. არაუხო ფიზიკურად ძალიან ძლიერი და სწრაფია. კარგი ამბავი კი ისაა, რომ მათ კიდევ ბევრად მომატება შეუძლიათ.

- ყველა მწვრთნელი დიდ მიზნებზე ოცნებობს. იგივეა რაფა მარკესის შემთხვევაში? ოცნობობს ის "ბარსას" პირველ გუნდზე, ან მექსიკის ნაკრებზე, რომელთან ერთადაც 5 მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა?

- რა თქმა უნდა, როდესაც ამ საქმით ხარ დაკავებული, დიდ გუნდებზე ოცნებობ, მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად ბევრი უნდა იშრომო, გამოცდილება დააგროვო და მზად იყო იმ შემთხვევისთვის, როდესაც შანსი მოგეცემა. "ბარსელონასა" და ეროვნულ ნაკრებს უარს ვერასდროს ეტყვი.

- რომელია თქვენი საუკეთესო მოგონება "ბარსელონადან"?

- საუკეთესო მოგონება 2006 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალია "არსენალის" წინააღმდეგ. ამ შეხვედრაში ვითამაშე და მთლიანი წელი ძალიან წარმატებული გამოვიდა. რომის ფინალი ტრავმის გამო გამოვტოვე. იმ სეზონის ბოლო ნაწილი მთელი გუნდისთვის ძალიან დაძაბული გამოდგა, მაგრამ ამისგან სიამოვნება მივიღე. "ბარსელონაში" ცუდი მომენტები არ არსებობს, არის რთული ეპიზოდები, მაგრამ აქ დიდებული 7 წელი გავატარე.

- "ბარსელონაში" ყოფილი თანაგუნდელებიდან ვის გამოარჩევთ?

- პუიოლთან ერთად ძალიან კარგი დაცვის წყვილი მქონდა. გარდა ამისა ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით. უდავოა, რომ მეგობრობა მოედანზე ერთმანეთის უკეთ გაგებაში გვეხმარებოდა.

მქონდა პრივილეგია, მეთამაშა რონისთან და მესისთან ერთად. ლეოსთან ერთად ვარჯიშზე გატარებული ყოველი წუთისგან სიამოვნებას იღებ. ნამდვილად დიდი სიამოვნება იყო იმ ადამიანთან ერთად თამაში, ვინც დღეს მსოფლიოში საუკეთესოა.

- ვინ იყო ყველაზე რთული მოწინააღმდეგე?

- რამდენიმე თავდამსხმელი პრობლემებს მიქმნიდა, მაგალითად დროგბა ჩემპიონთა ლიგის თამაშებში. ის ძალიან სწრაფი და ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელი იყო. ლა ლიგიდან მახსოვს ფერნანდო ტორესი და რაული. ისინი ბურთს არასდროს თმობდნენ, ნებისმიერ მონაკვეთში ბოლომდე იბრძოდნენ და მეტოქის შეცდომას ელოდნენ.

რაფა მარკესმა ასევე მისი გუნდის რამდენიმე ფეხბურთელზე ისაუბრა.

რიად ჩადი

მაღალი დონის ცენტრალური მცველი, რომელიც ბურთით კარგად თამაშობს. გამოცდილი და მომწიფებული ფეხბურთელი ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად. ნამდვილი ლიდერი მოედანზე.

პელაიო ფერნანდესი

ენთუზიაზმი, ხასიათი და სიძლიერე. ის ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის მნიშვნელოვანი წევრია.

მარკ კასადო

საუკეთესო ჩუმი ლიდერია. მისი ქცევების გამო ის ჩემი გუნდისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოთამაშეა.

ჩუს ალბა

სათამაშო თვისებების გარდა ის ძალიან კონკურენტუნარიანია. ის ბურთს გამოუვალ სიტუაციებშიც კი არ თმობს, რაც მას განსაკუთრებულ ფეხბურთელად აქცევს.

ხუანდა ფუენტესი

ლათინური სისხლი და თავდაჯერებულობა. იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა, მთელი მატჩი არ ჩაატაროს, მას შეუძლია, შეხვედრის მიმდინარეობა შეცვალოს.

ესტანის პედროლა

ძალა, სიძლიერე, შორეული დარტყმები და ზოგადად კარგი დარტყმა.

ილიას აკომაჩი

განსხვავებული ფეხბურთელი, რომლის მსგავსის ხილვაც რთულია. კარგი მარცხენას მქონე ფეხბურთელი, რომელსაც ერთი მოძრაობით ორი მეტოქის ჩამოშორება შეუძლია.

ალექს ვალიე

დინამიკურობა, ასევე ძალიან კარგია ბურთით თამაშის დროს.

ალეიშ გარიდო

ძალიან ინტელექტუალი ფეხბურთელია, ინიესტას მაგონებს. მან იცის, როდის და როგორ უნდა გააკეთოს პასი.

ვიქტორ ბარბერა

ახალგაზრდულ ლიგაზე მან თავდაჯერება შეიძინა. გოლების გატანა იცის და ის შეტევაში კარგი გაძლიერებაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 20 სექტემბერი 2022 13:23
    1
    ბარბერა მართლა გიჟია, 3 ბურთი გაუტანა ბაიერნს. და ეს 0-2 დან გააკეთა.