ჟორდი ალბა გაურკვევლობაშია
"ბარსელონას" ვეტერანები, ჟორდი ალბა და ჟერარ პიკე ერთი შეხედვით ერთმანეთის მსგავს სიტუაციაში არიან, მაგრამ სინამდვილეში მათი სიტუაციები განსხვავებულია.
პიკეს რომ სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა ძალიან გაუჭირდებოდა, ეს ჯერ კიდევ გასული სეზონის ბოლოს იყო ცნობილი. როდესაც გაირკვა, რომ კატალონიური გუნდი ცენტრალური დაცვის პოზიციას გააძლიერებდა, ჩავი ჟერარს შეხვდა და მას აცნობა, რომ კონკურენციის დაძლევა გაუჭირდებოდა. პიკესთვის დღევანდელი მდგომარეობა დიდი ხნის წინ იყო ცნობილი.
ალბას სიტუაციას კი განსხვავებულია. მთელი ზაფხულის განმავლობაში ვიცოდით, რომ "ბარსელონას" მარცხენა მცველი უნდა შეეძინა, მაგრამ იმისათვის, რომ ჟორდისთვის კონკურენცია გაეწია, სასტარტო შემადგენლობის წევრად ისევ ალბა განიხილებოდა. ჩავის მისთვის არ უთქვამს, რომ რეზერვისტობა მოუწევდა. წინასასეზონო მზადების დროსაც გუნდის მთავარი მარცხენა მცველი ალბა იყო და სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩშიც, რომელიც მან ძალიან დაბალ დონეზე ჩაატარა. იმის შემდეგ კი ჩავი ძირითადად ბალდეს ენდობა, მეორე ვარიანტად კი მარკოს ალონსო განიხილება. ალბასთვის კი ისევ არავის არაფერი უთქვამს.
კატალონიური ARA გასული სეზონის ბოლოს მომხდარ ერთ ინციდენტს იხსენებს. როდესაც გადაწყდა, რომ "ბარსელონა" სეზონის ბოლოს ავსტრალიაში ამხანაგური თამაშის ჩასატარებლად მიემგზავრებოდა, რამდენიმე ფეხბურთელმა პროტესტი გამოთქვა. ჩავიმ მათ აუხსნა, რომ ეს მათივე ხელფასების გადასახდელად იყო საჭირო. როგორც ირკვევა, ერთ-ერთი იმ მოთამაშეთაგანი ჟორდი ალბა იყო, რომელსაც დასმულ კითხვაზე უპასუხეს, რომ ეს თამაში მისი მსგავსი კონტრაქტების გასასტუმრებლად იყო საჭირო.
მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" ალბას ხელფასი 20 მილიონ ევროზე მეტი უჯდება, რაც სათადარიგო ფეხბურთელისთვის ძალიან ბევრია. სწორედ ამიტომ ცდილობდა "ბარსა" ჟორდის მილანის "ინტერში" განათხოვრებას, მაგრამ ისე, რომ ფეხბურთელისთვის არაფერი უთქვამს. ალბას მთავარი პრობლემა სწორედ ისაა, რომ ის გაურკვევლობაშია. სათადარიგოთა სკამზე გადასმის შემთხვევის მსგავსად მასთან არც ფინანსებზე უსაუბრია ვინმეს. გასულ ზაფხულში "ბარსა" სერხიო ბუსკეტსთან და ჟერარ პიკესთან ხელფასის შემცირებაზე მოლაპარაკებას აწარმოებდა, მაგრამ არა ალბასთან, კლუბის მისთვის ხელფასის შემცირებაც არ უთხოვია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]