ყველაზე ახალგაზრდა ბარსა 21-ე საუკუნეში
"ბარსელონას" ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი გუნდი ჰყავს, თუ არა ყველაზე იმედისმომცემი. ამის მიზეზი არა მხოლოდ მიმდინარე სეზონში ნაჩვენები თამაში, არამედ გუნდის ახალგაზრდა შემადგენლობაცაა.
კატალონიური კლუბის ცნობით "ბლაუგრანას" საშუალო ასაკი 25 წელი და 169 დღეა, რაც იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც მსგავსი სტატისტიკა ითვლება, ანუ 21-ე საუკუნეში ყველაზე ახალგაზრდული გუნდია. აქ გათვალისწინებულია არა მთელი შემადგენლობა, არამედ ის ფეხბურთელები, რომლებსაც ჩავი იყენებს. საშუალო ასაკი დადგენილია იმის მიხედვით, თუ რამდენ სათამაშო დროს იღებს ესა თუ ის ფეხბურთელი.
ეს არის 2004/05 წლების სეზონის შემდეგ პირველი შემთხვევა, როდესაც "ბარსას" საშუალო ასაკი 26 წელს ჩამოსცდა. მას შემდეგ "ბლაუგრანას" ფეხბურთელების საშუალო ასაკი 26-27 წელი იყო ერთი გამონაკლისის გარდა - 2015/16 წლების სეზონში 28 წელსა და 60 დღეს შეადგენდა.
2005 წლის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა სასტარტო შემადგენლობა "ბარსას" ერთი თვის წინ, "სოსიედადთან" სტუმრად გამართულ შეხვედრაში ჰყავდა, როდესაც თერთმეტეულის საშუალო ასაკი 24 წელი და 45 დღე იყო.
"ელჩესთან" გასულ უქმეებზე გამართული შეხვედრა კი "ბარსელონამ" დაასრულა თერთმეტეულით, რომლის საშუალო ასაკიც 23 წელი და 88 დღე იყო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]