ბარსა-მანჩესტერ იუნაიტედი - ურთიერთშეხვედრების ისტორია
დღეს ცნობილი გახდა, რომ ევროპა ლიგის ფლეი ოფის პირველ ეტაპზე "ბარსელონას" მეტოქე "მანჩესტერ იუნაიტედი" იქნება.
საუბარი ევროპული ფეხბურთის ორ გრანდზე გვაქვს და რა გასაკვირია, რომ ისინი ერთმანეთს აქამდეც არაერთხელ შეხვედრიან.
"იუნაიტედის" ახალგაზრდა გულშემატკივრებს "ბარსელონასთან" კარგი მოგონებები ნამდვილად არ ექნებათ, მაგრამ იყო ისეთი დროც, როდესაც "წითელი ეშმაკები" "ბარსას" უგებდნენ.
სულ გამართული 13 ოფიციალური დაპირისპირებიდან "ბარსელონამ" 6 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და 3 დათმო, კატალონიელებმა გაიტანეს 24 და გაუშვეს 15 გოლი.
ამ გუნდების პირველი შეხვედრა "ბარსამ" მოიგო, თუმცა ორრაუნდიანი დაპირისპირება "იუნაიტედმა". ეს 1984 წელს მოხდა, თასების მფლობელთა თასის 1/8-ფინალში. ესპანეთში "ბარსამ" 2-0 მოიგო, ინგლისში კი 0-3 წააგო.
შემდეგ იყო 1991 წელი, ისევ თასების მფლობელთა თასი, ამჯერად ფინალი და ისევ "მანჩესტერის" გამარჯვება, ანგარიშით 2-1. ცნობისთვის, ეს ალექს ფერგიუსონისთვის "იუნაიტედში" მოგებული პირველი ევროპული ტიტული იყო.
4 წლის შემდეგ გუნდები ერთმანეთს უკვე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ. ინგლისში გამართული თამაში 2-2 დასრულდა, ესპანეთში კი "ბარსამ" მეტოქე 4-0 გაანადგურა.
4 წლის შემდეგ ისევ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი და 2 დაუჯერებელი დაპირისპირება - მანჩესტერშიც და ბარსელონაშიც გუნდებმა 3-3 ითამაშეს.
შემდეგ იყო ათწლიანი პაუზა და 2008 წელს ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში შეხვედრა. ბარსელონაში გამართული პირველი თამაში უგოლოდ დასრულდა, მანჩესტერში კი მასპინძლებმა პოლ სქოულზის შესანიშნავი გასროლით მოიგეს.
მას შემდეგ გუნდებმა 4 თამაში ჩაატარეს და ყველა "ბარსამ" მოიგო.
2009 და 2011 წლებში პეპ გვარდიოლას "ბარსამ" ალექს ფერგიუსონის "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის ორ ფინალში უშანსოდ დატოვა - 2-0 და 3-1. არადა ის "იუნაიტედი" ძალიან ძლიერი გუნდი იყო.
ბოლო შეხვედრები კი 2018/19 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში შედგა. "ბარსამ" ორივე თამაში მშრალად მოიგო - სტუმრად 1-0 და შინ 3-0.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]