ანსუ ფატი დამატებით ვარჯიშობს
"ბარსელონას" ახალგაზრდა ესპანელი თავდამსხმელი ანსუ ფატი მსოფლიო ჩემპიონატს ძალიან დიდი შემართებით ხვდება. აშკარაა, რომ 20 წლის ფეხბურთელს ძველებურ დონეზე დაბრუნების დიდი სურვილი აქვს.
ფატი ჯერ 20 წლისაა და მას ტრავმის გამო უკვე დაახლოებით წელიწადნახევარი გაუცდა, რაც ძალიან დიდი დროა. ანსუმ ძველი ფორმის დაბრუნება ჯერ კიდევ ვერ მოახერხა, რის გამოც მისი მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლა კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, თუმცა ლუჩომ ახალგაზრდა თავდამსხმელს ნდობა ბოლო მომენტში გამოუცხადა.
როგორც ჩანს, ფატიმ გადაწყვიტა, მწვრთნელს ნდობა გაუმართლოს. ანსუ ესპანელთა სასტარტო შემადგენლობის წევრად არ მოიაზრება, მაგრამ "ფურია როხას" შეტევის ისეთი ჩამოყალიბებული ძირითადი შემადგენლობა ნამდვილად არ ჰყავს, ანსუ უშანსოდ რომ იყოს.
Relevo-ს ინფორმაციით ანსუ ფატი კატარის სიცხეში დამატებით ვარჯიშებს არ ერიდება. გუშინ საღამოს ესპანელებს არ უვარჯიშიათ, თუმცა გამონაკლისი იყო ფატი, რომელიც სავარჯიშო მოედანზე მივიდა და კარში დარტყმებში ვარჯიშობდა.
იმედია, ანსუს თავდადება დაუფასდება და ის მსოფლიო ჩემპიონატზე გაიბრწყინებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]