მისტერ, პრიმერას მეოთხე თასი გამოჩნდა!..
"კაპიტანო, მიწა გამოჩნდა!", - მეზღვაური გემის კაპიტანს.
"მისტერ, პრიმერას მეოთხე თასი გამოჩნდა!", - ბლაუგრანელი გუნდის დამრიგებელს...
პეპ გვარდიოლა უკვე 3 წელია, რაც კატალონიურ კლუბს სათავეში უდგას. ამ სამი წლის განმავლობაში კი "ბარსამ" მისი თაოსნობით, 3–ჯერ მოახერხა "პრიმერა დივიზიონის" ტიტულის მოპოვება. თუმცა, კატალონიელ მწვრთნელს უფრო მეტის მოპოვება რომც ნდომოდა, ვერ მოიპოვებდა, რადგანაც როგორც ვიცით, "ლა ლიგას" ტიტული სეზონში ერთხელ თამაშდება. მიუხედავად ამისა, მას "პრიმერას" ზედიზედ მეოთხე ტიტულის მოპოვებისა და იოჰან კრუიფის "Dream Team"-ის შედეგის გამეორების სავსებით რეალური შანსი გააჩნია. პეპი ხომ მომავალ წელსაც "ბარსას" გაწვრთნის...
პეპ გვარდიოლას მრავალჯერ უთქვამს, რომ "ჩემპიონთა ლიგის" "გლამურობსდა" მიუხედავად, წლის მთავარი ტიტული მაინც "ლა ლიგაა". გამონაკლისი ალბათ არც მომავალი სეზონი იქნება და როგორც პეპისთვის, ისევე მთელი გუნდისთვის, წლის მთავარი ტიტული ისევ ესპანურ გუნდებში გასათამაშებული თასი იქნება ... და თუ ყველაფერი ისევე წარმატებით წარიმართა, როგორც პეპის გუნდის სათავეში ჩადგომის დღიდან დღემდე, მაშინ გვარდიოლას გუნდი მოახერხებს და იოჰან კრუიფის "Dream Team"-ის მიერ ნაჩვენებ შედეგს გაიმეორებს. ჰოლანდიელი სპეციალისტის გუნდმა მოახერხა და 1990/91 წლების სეზონიდან, 1993/94 წლების ჩათვლით, "ლა ლიგას" ყველა ტიტული მოიპოვა.
მართალია "Dream Team"-მა მოახერხა და ქვეყნის ჩემპიონატი ზედიზედ 4–ჯერ მოიგო, თუმცა ეს ესპანეთში საუკეთესო შედეგი არ გახლავთ. მადრიდულმა "რეალმა" შეძლო და სამოციან წლებში მიყოლებით 5–ჯერ აღმართა "ლა ლიგას" ტიტული. ამ შედეგის გამეორება კი მადრიდელებმა 1985/86–1989/90 წლების სეზონებში მოახერხეს.
ინგლისის "პრემიერ ლიგა" და გერმანული "ბუნდესლიგა" ის ჩემპიონატებია, რომლებშიც არც ერთ გუნდს არ მოუპოვებია ზედიზედ 4–ჯერ ჩემპიონატის ლიდერის წოდება. ორივე გათამაშებაში საუკეთესო მაჩვენებელი მიყოლებით 3–ჯერ მოპოვებული თასია. ინგლისში ასეთი შედეგები "ჰადერსფილდ თაუნს", "არსენალს", "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" (ორჯერ) აქვთ ნაჩვენები. "ბუნდესლიგაში" კი, რომელიც 1963 წელს დაარსდა, ასეთი მაჩვენებლებით მხოლოდ "ბაიერნისა" და "გლადბახის" გუშემატკივრებს შეუძლიათ იამაყონ.
ინგლისისგან და გერმანიისგან განსხვავებული სიტუაცია სუფევს იტალიასა და საფრანგეთში. მილანის "ინტერმა" ახლახან მოახერხა ზედიზედ 5 თასის მოპოვება. 2005/06 წლების სეზონიდან სწორედ ისინი ედგნენ "სერია ა"–ს სათავეში. თუმცა ზედიზედ მეექვსე ტიტულის მოპოვება თანაქალაქელმა "მილანმა" არ აცალა და ხუთი კვლავ ხუთად დარჩა. იტალიაში, "ინტერის" მსგავსი შედეგი მხოლოდ ტურინულ "იუვენტუსს" აქვს ნაჩვენები. ტურინულმა კლუბმა 1930/31 წლების სეზონიდან, 1934/35 წლების სეზონის ჩათვლით, მოახერხა და "სერია ა"–ს პირველი ადგილოსნის რანგში მოგვევლინა. აღსანიშნავია ისიც, რომ "იუვენტუსმა" ამის შემდეგ ზედიზედ 4–ჯერ შეძლო "სერია ა"–ს ტიტულს დაუფლებოდა. ეს კი უკვე მათ ორმოციან წლებში მოახერხეს.
საფრანგეთში კი საუკეთესო მაჩვენებლით "ლიონი" "იწონებს" თავს. ამ გუნდის რეკორდი ზედიზედ 6 მოპოვებული თასი გახლავთ. მათ ეს 2002/03–2007/08 წლების სეზონებში მოახერხეს. ამ შედეგით "ლიონმა" მარსელის "ოლიმპიკის" რეკორდი დაამხო – "მარსელი" 1988/89–1991/92 წლების სეზონებში საფრანგეთის დომინანტ გუნდად ითვლებოდა.
ასე რომ, მისტერ, პრიმერას მეოთხე თასი გამოჩნდა!..
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]