ოფიციალურად: ჟოან გამპერის თასზე ბარსელონას მეტოქე მონაკო იქნება
ბარსელონას ოფიციალური საიტი იტყობინება, რომ ჟოან გამპერის თასის 59-ე გათამაშებაში ჰანსი ფლიკის გუნდის მეტოქე მონაკო იქნება.
აღნიშნული მატჩი, რომელიც გერმანელი მწვრთნელისთვის ბარსას თავკაცის რანგში პირველი საშინაო შეხვედრა იქნება, 12 აგვისტოს, თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება. მისი პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა Barça One-ზე შეგვეძლება.
მონაკო ბარსელონასთვის პრესეზონის ბოლო მეტოქე იქნება. მანამდე კატალონიელები აშშ-ში მანჩესტერ სიტის, რეალ მადრიდსა და მილანს დაუპირისპირდებიან. "ბლაუგრანა" სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს 17 აგვისტოს, ლა ლიგაში, ვალენსიას წინააღმდეგ ჩაატარებს.
მონეგასკები ჟოან გამპერის თასზე მონაწილეობას პირველად მიიღებენ. მონაკო მამაკაცთა (2022 წელს მონპელიემ ქალთა ჟოან გამპერის თასზე ითამაშა) მე-5 ფრანგული კლუბი იქნება, რომელიც ბარსელონას მიერ ორგანიზებულ ტრადიციულ ტურნირზე ითამაშებს: 1966 წელს ბარსა ნანტს შეხვდა, 1989 წელს - სოშოს, 1991 წელს - მარსელს, 1993 წელს კი - ბორდოს. მაშინ ჟოან გამპრის თასი 4-გუნდიანი იყო.
აღსანიშნავია, რომ ჟოან გამპერი მონჟუიკზე მეოთხედ ჩატარდება. აქამდე ხსენებული ტურნირი ამ სტადიონზე 1990, 1996 და 2023 წლებში გაიმართა. წლევანდელ გამპერის თასს განსაკუთრებული დატვირთვა ექნება, რადგან წელს ბარსელონა 125-ე იუბილეს აღნიშნავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]