10 რამ, რაც დანი ოლმოზე უნდა ვიცოდეთ
"ბარსელონასთან" განშორებიდან თითქმის 10 წლის შემდეგ დანი ოლმო 26 წლის ასაკში მშობლიურ კლუბში დაბრუნდა. "ბლაუგრანას" ოფიციალური ვებგვერდი წარმოგვიდგენს ოლმოს შესახებ 10 ფაქტს, რომლებიც უნდა ვიცოდეთ:
1) ოლმო დაიბადა 1998 წლის 7 მარტს, იმ დროს, როდესაც "ბარსელონას" ლუი ვან გაალი წვრთნიდა. "ბლაუგრანას" ამჟამინდელი ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც 1998 წელსაა დაბადებული, ფრანგი მცველი ჟიულ კუნდეა.
2) დანის მამა, მიკელ ოლმო, ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელია, რომელიც კატალონიურ კლუბებს, "ჟირონასა" (2009) და "საბადელს" (2013-2014) ხელმძღვანელობდა.
3) ოლმო "ბარსას" სკოლის აკადემიაში 2008 წლის ზაფხულში ჩაირიცხა. მან "ლა მასია" 2014 წელს დატოვა და ზაგრების "დინამოს" მიაშურა.
4) "ბარსელონას" ახალგაზრდულ გუნდებში ესპანელ ნახევარმცველს უთამაშია კარლეს ალენიასთან, კარლეს პერესთან და მარკ კუკურელიასთან, რომელთან ერთადაც ცოტა ხნის წინ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი მოიგო.
5) "ბლაუგრანადან" წასვლის შემდეგ ოლმო 2014-2020 წლებში ზაგრების "დინამოში" თამაშობდა, რის შემდეგაც ის "ლაიფციგში" ირიცხებოდა.
6) ოლმომ ტიტულები ორივე კლუბთან ერთად მოიგო. ის ზაგრების "დინამოსთან" ერთად 5-ჯერ ხორვატიის ჩემპიონატის, 3-ჯერ ხორვატიის თასისა და ერთხელ ხორვატიის სუპერ თასის გამარჯვებული გახდა. "ლაიფციგის" რიგებში მან კიდევ 3 ტიტული მოიპოვა - 2 გერმანიის თასი და 1 გერმანიის სუპერ თასი. სანაკრებო დონეზე ოლმო 2020 წელს ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონი გახდა, 2021 წელს - ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალოსანი, 2023 წელს - ერთა ლიგის გამარჯვებული და 2024 წელს - ევროპის ჩემპიონი.
7) ოლმომ აღიარა, რომ მას ხორვატიის მოქალაქეობა და მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ხორვატიის ნაკრებში თამაში შესთავაზეს. იმ დროს დანის ესპანეთის ნაკრებში ნათამაშები არ ჰქონდა.
8) "ბარსაში" დაბრუნების შემდეგ ოლმო ჩაეწერა სიაში იმ ფეხბურთელებისა, რომლებმაც კლუბი დატოვეს, შემდეგ კი დაბრუნდნენ. ეს მოთამაშეები არიან: ჟერარ ლოპესი, ლუის გარსია, ჟერარ პიკე, სესკ ფაბრეგასი, ჟორდი ალბა, ალეიშ ვიდალი, დენის სუარესი, ჟერარ დეულოფეუ, ერიკ გარსია, ადამა ტრაორე, ექტორ ბელერინი და ორიოლ რომეუ.
9) ესპანელ ნახევარმცველს კარიერაში ევროპული ფეხბურთის არაერთ გამოჩენილ სახესთან ერთად უთამაშია. ზაგრების "დინამოში" მისი თანაგუნდელები ლივაკოვიჩი და პეტკოვიჩი იყვნენ, "ლაიფციგში" კი - უპამეკანო, საბიცერი, ნკუნკუ, ვერნერი, შიკი, სორლოტი, გვარდიოლი, სობოსლაი, ჩავი სიმონსი.
10) ხორვატიის გარდა, ოლმოს ასევე მჭიდრო კავშირი აქვს გერმანიასთან. "ლაიფციგში" მას გერმანელი მწვრთნელები, იულიან ნაგელსმანი და მარკო როზე წვრთნიდნენ. აგრეთვე გერმანია იყო ის ქვეყანა, სადაც ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი ჩატარდა. "ბარსაში" დანის საშუალება ექნება, მისი გერმანული გამოცდილება ჰანსი ფლიკთან, მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან და ილქაი გიუნდოგანთან ერთად გაიზიაროს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]