10 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა ვიყიდოთ სესკი
გთავაზობთ 10 მიზეზს, თუ რატომ არ უნდა შეიძინოს ”ბარსელონამ” სესკ ფაბრეგასი.
1. სესკმა დატოვა თავისი კლუბი. არავინ ”ბარსაში” მის წასვლას არ ითხოვდა. ახლა მხოლოდ სესკს სურს სწრაფად დაბრუნება კატალონიაში და ამისთვის ის ლონდონში დაბრუნდა, რათა მიიღოს ნებართვა უკან დაბრუნების და დარჩენის.
2. საჯაროდ გამოსვლა და თქმა, ”ჩემი ოცნება ყოველთვის ”ბარსაში” თამაში იყო” - უაზრობად ჩანს მას შემდეგ, რაც ის თავად წავიდა კანტერიდან და ”არსენალთან” გააფორმა კონტრაქტი. ამ საქციელით მან ძალიან გაართულა საკუთარი ”ოცნების” ახდენა.
3. თანხა, რომელსაც ”არსენალი” სესკში ითხოვს (50 მილიონი ევროს ფარგლებში), ჩემი მოკრძალებული აზრით დიდი სისულელეა, რადგან სესკმა გასულ სეზონში თამაშს აშკარად უკლო.
4. ძალიან კარგად მახსოვს ”ბარსელონასა” და ”არსენალს” შორის შემდგარი უკანასკნელი შეთანხმებები: ემანუელ პეტი, მარკ ოვერმარსი, ალექსანდრ გლები, ტიერი ანრი. ყველა ეს ფეხბურთელი ”ბარსელონაში” ვარსკვლავების რანგში მივიდნენ, მაგრამ ”ნოუ კამპზე” ასპარეზობისას ვერ გაამართლეს მათში გადახდილი თანხები. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ნახევარი ”ემირეითსი” ”ბარსელონას” თანხით აშენდა.
5. ასევე არ უნდა დავივიწყოთ ხერარდ ლოპესის შემთხვევაც. ”ბარსამ” ”ვალენსიიდან” საკუთარი აღზრდილის დასაბრუნებლად 34 მილიონი პესეტა გადაიხადა. ხერარდმა ”ბარსაში” 5 სეზონი გაატარა და ხშირად ტრავმირებული იყო. ამჟამად ის ”ხირონაში” თამაშობს.
6. სესკის გადმობირება უმნიშვნელოვანესი ტრანსფერი არ არის. ”ბარსა” იგებდა და იგებდა ტიტულებს სესკის გარეშე. არაფერი მიგვანიშნებს იმაზე, რომ ამ წარმატებას სესკის გარეშე ვერ გაიმეორებენ. ჩემი აზრით გუნდს გასაძლიერებლად ცენტრალური და მარცხენა მცველი, ასევე მარცხენა ვინგერი სჭირდება.
7. უაზრობაა ისაუბრო ეკონომიკურ კრიზისზე, გააუქმო კლუბის სპორტული სექციები და ამავდროულად სესკის ტრანსფერზე იფიქრო.
8. ვერცერთი კულე ვერ გამორიცხავს, რომ მათ საყვარელ გვარდიოლას და მათ კუმირებს, მესის, პიკეს და პუიოლს სურთ სესკ ფაბრეგასის ”ბარსაში” გადმობირება, თუმცა პრიორიტეტული ტრანსფერები სანდრო როსელმა და ანდონი სუბისარეტამ უნდა დაგეგმონ, რომლებიც კლუბის ეკონომიკურ სიტუაციასაც აკონტროლებენ.
9. სესკს ნამდვილად შეუძლია ”ბარსაში” თამაში და გაბრწყინება. მისი მაღალი დონე თვალნათელია, მაგრამ ამჟამად კლუბში არიან ჩავი და ინიესტა, ასევე ტიაგო, რაფა ალკანტარა და სერხი რობერტო. რა თქმა უნდა ტიაგო არ არის ჩავი, მაგრამ ვერც სესკი და ვერც რომელიმე სხვა ფეხბურთელი ვერ იქნება ჩავი, რადგან მისნაირები 50 წელში ერთხელ იბადებიან.
10. ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ სესკი იმიტომ უნდა შევიძინოთ, რომ მისით კონკურენტები არ გაძლიერდნენ (მაგალითად, ”რეალი”). როგორც ნამდვილი კულე გეტყვით, რომ ეს მიზეზი ძალიან ”დაბალი დონისაა”. ”ბარსამ” 3 სეზონში 10 ტიტული მოიგო. რათ გვინდა სესკი, რაზეა საუბარი?
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]