მესი: "მსოფლიო ჩემპიონატს მოვიგებთ"

მესი: "მსოფლიო ჩემპიონატს მოვიგებთ"

 პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელს, ლიონელ მესის წინათგრძნობა აქვს იმის შესახებ, რომ მისი ნაკრები მომავალში მსოფლიოს საუკეთესო ნაკრების სახელს მოიპოვებს.

 არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარ კოზირს სჯერა, რომ მომავალში იგი მსოფლიო ჩემპიონატის თასს აღმართავს და ასევე იმისიც სწამს, რომ ნაკრებში მის პასუხისმგებლობას ნელ-ნელა ეჩვევა, ხოლო კოპა ამერიკა ამ პროცესს უფრო დააჩქარებს.

 ტურნირის გახსნიდან რამდენიმე საათით ადრე ლეომ განაცხადა, რომ მას ძალიან სურს ნაკრებშიც ტიტულების მოგება.

 "არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ტიტულის მოგება მინდა და ვიცი, ამას გავაკეთებ." - განაცხადა ლეომ "Ole"-სთან ინტერვიუში. "არ ვიცი რატომ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიო ჩემპიონატს მოვიგებ. ვიცი, ეს დროც მოვა და მას სულმოუთმენლად ველი. რაღაც მკარნახობს, რომ ეს აუცილებლად მოხდება."

 "ბარსელონას" ფენომენი ბაპტისტას გუნდის საკვანძო ფიგურაა. სამხრეთ ამერიკელები იმედოვნებენ, რომ ლეოს დახმარებით კოპა ამერიკას მოიგებენ, რომელიც ამ საღამოს იწყება, როდესაც არგენტინა ბოლივიას შეხვდება. სამხრეთ ამერიკელებს ა ჯგუფში ასევე მოუწევთ კოლუმბიასთან და კოსტა რიკასთან დაპირისპირება.

 ლეო მესი მეორედ ითამაშებს ამ ტურნირში. ოთხი წლის წინ მისმა გუნდმა ფინალში ბრაზილიასთან 3-0 წააგო. მოლოდინი დიდია და რაც მთავარია, არგენტინის ათიანიც მზადაა მინდორზე საკუთარი ჩვეული შესაძლებლობების გამოსავლენად.

 "არგენტინისგან მუდმივად ტიტულების მოგებას ელიან. ჩვენს ქვეყანაში მუდმივად გვავალდებულებენ,მაგრამ ეს ვალდებულება გარკვეულწილად სიამოვნებას გვანიჭებს. ახლა ახალი ერა იწყება. კოპას მოგების შემდეგ, დავიწყებთ მსოფლიო ჩემპიოანტისთვის მზადებას." - დასძინა არგენტინელმა.

 მესი ასევე დარწმუნებულია, რომ 2007 წლის ტურნირისგან განსხვავებით, წელს იგი კოპას გაცილებით უფრო მომზადებული და გამოცდილი ხვდება: "ვგრძნობ, რომ შევიცვალე და პროფესიონალურად უფრო გავიზარდე. ვფიქრობ, ახლა სწორედ ის მომენტია, რომელსაც ყველანი დიდი ხანია ელოდნენ. დროა, ნაკრებში გავიბრწყინო."

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.