ანდონი სუბისარეტას პირველი წელი

ანდონი სუბისარეტას პირველი წელი

 

უკვე 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც "ბარსელონას" 39–ე პრეზიდენტად ოფიციალურად სანდრო როსელი იქნა არჩეული. მისი ერთ–ერთი პირველი ცვლილება კი სპორტული დირექტორის შეცვლა გახლდათ. ანდონი სუბისარეტამ უკვე 1 წელია, რაც ჩიკი ბეგირისტაინი შეცვალა...

 

შეცვალა სუბიმ ჩიკი ბეგირისტაინი და ფეხბურთის სექციაც ორ ნაწილად, პროფესიონალურ და აკადემიის ნაწილებად გაიყო. ანდონი იყო ადამიანი, რომელმაც თავის თავზე პირველი გუნდის, "ბარსა ბ"–სა და "ხუვენილ ა"–ს საქმეები თავის თავზე, ნარცის ხულიასთან და ალბერტ ვალენტინთან ერთად აიღო. "ბარსას" ყოფილი მეკარე, რომელმაც კონტრაქტი 2013 წლამდე გაახანგრძლივა, მუშაობდა დიდი შემართებით, კეთილგონიერებითა და სიფრთხილით, რამაც დანარჩენ ფაქტორებთან ერთად გამოიღო ის შედეგი, რომ გუნდმა წელიწადი დიდი გამარჯვებებით დაასრულა.

 

სუბის მოსვლამდე კატალონიურ კლუბს ტიტულები არ აკლდა. საჭირო იყო მცირე ცვლილებებისა და კორექტივების შეტანა. ანდონის ევალებოდა მოეძებნა ფეხბურთელები, რომლებიც "ბარსას" სტილთან ადაპტირებას მალე გაივლიდნენ. თავისი პირველი ნაბიჯები ადრიანოსა და მაშერანოს გადმობირებისას გადადგა. ორივე მათგანმა "ბარსას" ფილოსოფიას მალევე აუბა მხარ. ამ ორ შენაძენთან ერთად კი ბარგის ჩალაგება ჩიგრინსკის, იბრაჰიმოვიჩს, ტურეს, მარკესსა და ანრის მოუწიათ.

 

ახალ შენაძენებთან და ახალ "დაკარგულ" ფეხბურთელებთან ერთად "ბარსას" ფეხბურთელების შენარჩუნებაც ევალებოდა. ანდონისა და თავისი თანაშემწეების მუშაობის შედეგად გუნდში კონტრაქტი სერხიო ბუსკეტსმა, დანი ალვესმა, სეიდუ კეიტამ და ხოსე მანუელ პინტომ გაახანგრძლივეს. მათთან ერთად კი ხელშეკრულების გახანგრძლივება პეპ გვარდიოლამ და ტიტო ვილანოვამაც გადაწყვიტეს. თუმცა, ალბათ "ბარსაში" მოღვაწე ამ ადამიანებს, ზოგიერთი გამოკლებით, დიდი ხვეწნა–მუდარა არ დასჭირვებიათ გუნდში დასარჩენად. აღსანიშნავია ანდონისა და ბართომეუს ერთობლივი მუშაობის შედეგად შეძენილი ახალგაზრდა ჰოლანდიელი ტალანტი, იბრაჰიმ აფელაი. ეს ფეხბურთელი კატალონიელებმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გადმოიბირეს და უნდა ითქვას, რომ საკმაოდ დაბალ ფასად – დაახლოებით 4 მილიონ ევროდ. ჩვენ კი თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აფელაიმ გაამართლა.

 

ყველა ეს მოქმედება გუნდს რამდენიმე ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა: პირველმა გუნდმა შეძლო და "ესპანეთის სუპერ თასის", "ლა ლიგასა" და "ჩემპიონთა ლიგის" ტიტულები მოიპოვა. "ბარსა ბ"–მ მოახერხა და "სეგუნდაში" მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო "ხუვენილ ა"–მ ტრიპლეტი შეასრულა.

 

სუბის პირველი წელი "ბარსელონაში" შესანიშნავი გამოდგა. იმედია, იგი კვლავ ასეთი შემართებითა და ენთუსიაზმით განაგრძობს მუშაობას, რაც "ბარსელონას" ტიტულების მოპოვებაში დაეხმარება, რომელთა სიმრავლესაც არც ახლა უჩივიან კატალონიელები.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.