ბარსელონა ოლმოსა და პაუ ვიქტორს მალე დროებით დაარეგისტრირებს - Cadena SER
"ბარსელონა" დანი ოლმოსა და პაუ ვიქტორს ლა ლიგაში, სავარაუდოდ, მალე დაარეგისტრირებს, თუმცა დროებით.
Cadena SER-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სპორტულმა სასამართლომ "ბარსელონას" მიერ წარდგენილი მტკიცებულებები შეისწავლა და დაადგინა, რომ კატალონიურ გუნდს ფეხბურთელების დროებითი რეგისტრაციისათვის მყარი საფუძველი აქვს. Mundo Deportivo-მ სასამართლოს კითხვით მიმართა და მიიღო პასუხი, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა. სასამართლოსგან რაიმე ოფიციალური დოკუმენტი არც "ბარსელონას" მიუღია. თუმცა მოლოდინები პოზიტიურია.
ივარაუდება, რომ სასამართლო ოლმოსა და ვიქტორის დროებით რეგისტრაციის ნებართვას გასცემს, თუმცა ეს "ბილბაოსთან" დღეს გასამართ თამაშამდე ვერ მოესწრება. თუ "ბარსა" ესპანეთის სუპერ თასის ფინალში გავა, მაშინ ფეხბურთელებს თამაშის შესაძლებლობა ექნებათ.
გასათვალისწინებელია, რომ სასამართლო ამჟამად არ განიხილავს დანი ოლმოსა და პაუ ვიქტორის სეზონის ბოლომდე რეგისტრაციის საკითხს. მოსამართლეებმა უნდა გადაწყვიტონ, გამოიყენონ თუ არა დროებითი ღონისძიება, რომელიც საქმის განხილვის განმავლობაში იმოქმედებს. განხილვას კი, შესაძლოა, 3 თვე დასჭირდეს. ეს ნიშნავს, რომ არის შანსი, "ბარსამ" ოლმო და ვიქტორი დაარეგისტრიროს, მაგრამ სეზონის მიწურულს ეს რეგისტრაციები გაუქმდეს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]