პაბლო ტორე მალიორკას უახლოვდება
"ბარსელონა" ცდილობს მოაგროვოს საკმარისი ფინანსური რესურსი, რათა ლა ლიგაში დაარეგისტრიროს ჟოან გარსია და ნიკო უილიამსი. ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი, რომლის გაყიდვაც დღის წესრიგში დგას, ახალგაზრდა ნახევარმცველი პაბლო ტორეა.
22 წლის ტორეს გასულ სეზონში პრაქტიკულად არ მიეცა სათამაშო დრო, ხოლო ნიკო უილიამსის მოსვლის შემთხვევაში, მისი როლი ჰანსი ფლიკის ტაქტიკურ ხედვაში კიდევ უფრო შემცირდება. ამ ფონზე, მოთამაშის წასვლა გარდაუვალად მიიჩნევა.
ტორეს კონტრაქტი 2026 წელს იწურება, რის გამოც კლუბი მის იჯარას აღარ განიხილავს - საუბარია მხოლოდ სრულ ტრანსფერზე. ამ ეტაპზე ფავორიტად მოიაზრება "მალიორკა", რომელთანაც მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია.
ჟურნალისტ მატეო მორეტოს ინფორმაციით, მომდევნო 24-48 საათში იგეგმება დამატებითი მოლაპარაკებები "ბარსელონასა" და "მალიორკას" შორის. მხარეები იმედოვნებენ, რომ ტრანსფერის დასაფიქსირებლად შეთანხმება სამშაბათამდე, სატრანსფერო ფანჯრის ოფიციალურად გახსნამდე შედგება.
პაბლო ტორე ოთხწლიან კონტრაქტზე შეთანხმდა – მალე "მალიორკას" ფეხბურთელი გახდება
მიუხედავად იმისა, რომ ტრანსფერი ჯერ ოფიციალურად არ არის დადასტურებული, მედიის ცნობით ტორე უკვე შეთანხმებულია "მალიორკასთან" ოთხწლიან კონტრაქტზე. ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ "სონ მოიქსზე" კარიერას ახალი იმპულსით განაახლებს, განსაკუთრებით კატალონიაში გატარებული რთული სამი წლის შემდეგ.
"ბარსელონამ" ტორე 2022 წელს "რასინგ სანტანდერიდან" 6 მილიონ ევროდ გადაიბირა, თუმცა მისი ამჟამინდელი კონტრაქტული სტატუსის გათვალისწინებით, კლუბს ტრანსფერზე ზარალის მიღება მოუწევს. ამავდროულად, კატალონიელები გეგმავენ შეინარჩუნონ მისი მომავლის კონტროლი - შეთანხმებაში შედის როგორც გაყიდვის შემდგომი პროცენტის წილი (sell-on clause), ისე გამოსყიდვის უფლება (buy-back option).
ტორე გასულ სეზონში მცირე სათამაშო დროის მიუხედავად, პოზიტიურად გამოირჩა და თუ ის მართლაც შეუერთდება ხაგობა არასატეს გუნდს, "მალიორკა" ძალიან პერსპექტიულ ნახევარმცველს მიიღებს. ტორე რეალური შემცვლელი იქნება რობერტ ნავაროსთვის, რომელმაც გასულ სეზონში იჯარით ითამაშა და ამ ზაფხულს "რეალ სოსიედადიდან" საბოლოოდ გადავიდა "ატლეტიკში".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]