ჩემი ქალიშვილი ატლეტიკოს ფანია - მსაჯთა ახალი მრჩეველი
ესპანეთის მსაჯთა ახალი ხელმძღვანელობა - მსაჯთა ტექნიკური კომიტეტი (CTA) - ოფიციალურად წარადგინა ახალმა პრეზიდენტმა ფრანცისკო სოტო ბალირაკმა, თუმცა უკვე პირველივე დღეს სკანდალი აგორდა. ჩემა ალონსო ინოვაციებისა და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიური მრჩევლად დაინიშნა, თუმცა ბოლო 15 წლის განმავლობაში სოციალურ ქსელებში მისი აქტიური მხარდაჭერა "რეალ მადრიდის" მიმართ აშკარად იკვეთებოდა.
როგორც Marca იტყობინება, ალონსომ ამ ფონზე ღია წერილი გამოაქვეყნა და საკუთარი თავი დაიცვა - შეამცირა თავისი სიმპათია "რეალ მადრიდის" მიმართ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას არ ექნება არანაირი პრაქტიკული გავლენა მსაჯებზე ან VAR-ზე.
ალონსოს როლი კომიტეტში
ჩემა ალონსომ განმარტა, რომ მას არ აქვს არც გადაწყვეტილების მიღების უფლება და არც მონაწილეობა ტექნოლოგიის შემუშავებაში, რომელიც მსაჯების შეფასებასა და დანიშვნას უკავშირდება - სწორედ ეს არის იმ კომიტეტის მთავარი ფუნქცია, რომელშიც ის მუშაობს. მისი როლი მხოლოდ მრჩევლობაა.
მე აქ მხოლოდ იმისთვის ვარ, რომ ფრანცისკო სოტოს და მის გუნდს ტექნოლოგიურ საკითხებში ვურჩიო. ცხადია, რომ მე ვარ მრჩეველი და არა პასუხისმგებელი პირი.
ალონსომ დაამატა, რომ ყველა ტექნოლოგიურ პროექტს ლა ლიგის პარტნიორი კომპანია Sportian ახორციელებს - მათზეა ალგორითმების და AI-ის შექმნაც. მისი თქმით, მხოლოდ ეხმარება კომიტეტს გააკეთოს სწორი არჩევანი, ხოლო თავად სისტემაში ჩარევას არ გეგმავს:
VAR-თან პირდაპირი შეხება არ მექნება. მხოლოდ ტექნოლოგიის შესახებ შეხვედრებზე ვიქნები მრჩეველი. თუ მსაჯები შეცდებიან, პასუხისმგებელი სხვა იქნება - მე კი უბრალოდ ტელევიზორში ვუყურებ თამაშს.
"მადრიდის "ატლეტიკოს" ფანი ვარ“ - ჩემა ალონსოს ოჯახური არგუმენტი
ტელეფონიკას ყოფილი ჰაკერი და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი ჩემა ალონსო, რომელიც წარსულში აშკარად "რეალ მადრიდის" ქომაგი იყო, ამბობს, რომ ახლა უკვე ასე ძლიერად აღარ ადევნებს თვალს ფეხბურთს:
წლიურად 10-12 მატჩზე მეტს არ ვუყურებ. არც სატელევიზიო საფეხბურთო პაკეტი მაქვს - თამაშებს მეგობრებთან ერთად ვუყურებ. რა თქმა უნდა, მიხარია, როცა "რეალ მადრიდი" იგებს, მაგრამ ჩემთვის ფეხბურთი პირველ ადგილზე არ დგას.
ალონსო ასევე ჰყვება, რომ მისი ქალიშვილი არის მადრიდის "ატლეტიკოს" გულშემატკივარი, რაც მასაც აიძულებს სიმპათიები "ატლეტიკოს" მიმართ გამოავლინოს:
ცხოვრებამ დამაჯილდოვა ქალიშვილით, რომელიც "რეალ მადრიდთან" დაპირისპირებული "ატლეტიკოს" ფანია. პატარა რომ იყო, ყოველთვის "გოპა ატლეტი" ეძახდა, ამიტომაც ვასწავლიდი, რომ "აუპა ატლეტი" ეთქვა. ასე რომ, მეც ვარ "ატლეტიკოს" ფანი. ხშირად ვამბობ - "რეალ ატლეტიკო მადრიდი"! ვიცი, რომ ბევრისთვის ეს უცნაურია, მაგრამ ჩემთვის მთავარი შვილის სიხარულია და თუ "ატლეტიკო" "ხეტაფეს" სჯაბნის, მით უმეტეს.
"ბარსელონაში" უკმაყოფილება
მიუხედავად ალონსოს განმარტებებისა, "ბარსელონაში" უკმაყოფილება მაინც არ იკლებს - განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა CTA-ში უკვე შედის "რეალ მადრიდის" ყოფილი მოთამაშე, ხოლო ქალთა ლიგის მსაჯობაზე პასუხისმგებელია "რეალ მადრიდის" დელეგატის - იოლანდა პარგას - მეუღლე. კატალონიური კლუბი ოფიციალურად არ გამოხმაურებულა, თუმცა მედიის ცნობით, კლუბში დაბნეულობა და გაღიზიანება იგრძნობა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]