ატლეტიკო-ბარსელონა - მატჩისწინა მიმოხილვა
- თამაშის დრო: შაბათი, 4 აპრილი, 23:00
ლა ლიგის ლიდერები "ვანდა მეტროპოლიტანოსკენ" მიემართებიან, სადაც სასწორზე სამი უმნიშვნელოვანესი ქულაა, დიეგო სიმეონეს გუნდის წინააღმდეგ ათ დღეში გასამართი სამი მატჩიდან პირველში.
ლოდინი დასრულდა. სეზონის ბოლო სანაკრებო პაუზის შემდეგ საკლუბო ფეხბურთი ბრუნდება და ეს დაბრუნება ლა ლიგაში მართლაც მძიმე წონის დაპირისპირებით ხდება. “ბარსელონა” საკუთარ უპირატესობას გამოცდის "ვანდა მეტროპოლიტანოზე" სტუმრობით, სადაც “ატლეტიკოს” წინააღმდეგ ითამაშებს.
პირველი სამიდან
"ბლაუგრანამ" და "როხიბლანკომ" ცოტა ხნის წინ ორჯერ ითამაშეს ესპანეთის თასის ნახევარფინალში, ხოლო ამ შაბათის მატჩი ათ დღეში გასამართი სამი ახალი შეხვედრიდან პირველი იქნება, რის შემდეგაც ჩემპიონთა ლიგაზე ორი დაპირისპირება გაიმართება.
მაშინ, როცა “ბარსელონა” სატურნირო ცხრილს ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ “რეალ მადრიდთან” ოთხქულიანი უპირატესობის შენარჩუნებას ცდილობს, “ატლეტიკო” მეოთხე ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის საგზური პრაქტიკულად უკვე განაღდებული აქვს და მინიმალური მიზანი მესამე ადგილზე გასვლაა, “ვილიარეალზე” წინ. ქაღალდზე ეს იმას ნიშნავს, რომ “ბარსელონა” მაქსიმუმს დადებს, ხოლო მადრიდული გუნდი შესაძლოა როტაციას მიმართავდეს ჩემპიონთა ლიგის გათვალისწინებით.
“ატლეტიკოს” დანაკლისი
დისკვალიფიკაციების, ტრავმებისა და ფიზიკური პრობლემების გამო, სიმეონეს არჩევანი შეზღუდული აქვს, განსაკუთრებით ნახევარდაცვაში. ჯონი კარდოსო, სასტარტო თერთმეტეულის ნახევარმცველი და ლიორენტე, ძირითადის მარჯვენა მცველი, რომელსაც ნახევარდაცვაშიც შეუძლია თამაში, ორივე დისკვალიფიცირებულია. გარდა ამისა, მენდოსა და პაბლო ბარიოსი კვლავ ტრავმირებულები არიან, ხოლო მასპინძელთა მწვრთნელმა შესაძლოა სისტემაში ცვლილებები შეიტანოს - ან ბაენა ან გრიზმანი გამოიყენოს ცენტრალურ ნახევარმცველად კოკესთან ერთად, ან შანსი მისცეს ახალგაზრდა ვარგასს, რომელიც გუნდს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში შეუერთდა.
მარკ პუბილიც ტრავმის გამო გამოტოვებს მატჩს, ხოლო იან ობლაკისა და სორლოთის მდგომარეობა საეჭვოა.
კუნდე და ბალდე ბრუნდებიან, რაფინია ვერ ითამაშებს
“ბარსელონა” რაფინიას გარეშე იქნება, რომელიც სანაკრებო მატჩებზე დაშავდა, ასევე დე იონგისა და კრისტენსენის გარეშე, რომლებიც უკვე ტრავმირებულები იყვნენ. თუმცა ჰანსი ფლიკის გუნდს ჟიულ კუნდე და ალეხანდრო ბალდე უბრუნდებიან.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბლაუგრანას სეზონის დასკვნით ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე რთული მატჩი ელოდება. არა მხოლოდ მეტოქის სიძლიერის გამო, არამედ იმიტომაც, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ გამართული თამაშები ყოველთვის რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა გუნდის უმეტესობა მხოლოდ ხუთშაბათს ბრუნდება, მატჩამდე სულ ორი დღით ადრე. მიუხედავად ამისა, მთავარი მიზანი სამი ქულის მოპოვებაა.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 7 ]