ჰანსი ფლიკის პრესკონფერენცია ესპანიოლთან მატჩის წინ
- თამაშის დრო: შაბათი, 11 აპრილი, 20:30
კატალონიური დერბის წინ "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა. გერმანელმა სპეციალისტმა "ესპანიოლის" წინააღმდეგ გასამართი მატჩის გარდა, ჩემპიონთა ლიგის პრიორიტეტებზე, ფეხბურთელების მდგომარეობასა და "ატლეტიკოსთან" დაპირისპირებისას განვითარებულ მოვლენებზეც გაამახვილა ყურადღება.
მოლოდინები და როტაცია "ესპანიოლის" წინააღმდეგ
ფლიკმა მომავალი მატჩისთვის გუნდის განწყობაზე და შესაძლო როტაციაზე კომენტარი გააკეთა:
"ძალიან კარგი შეგრძნებები მაქვს, ვარჯიშზე ატმოსფერო და კონცენტრაცია ძალიან კარგი იყო და ვხედავ, რომ ფეხბურთელები ხვალინდელი დღისთვის ძალიან მომზადებულები და ფოკუსირებულები არიან. ვნახოთ, რა თქმა უნდა, ფეხბურთელებზე უნდა ვიზრუნოთ და მათი სათამაშო წუთები ვმართოთ, როგორც ყოველთვის. ამ გუნდში დიდი ხარისხი გვაქვს და ხვალ ვინც ითამაშებს, ფანტასტიკურად იასპარეზებს."
მწვრთნელმა ინდივიდუალურად რამდენიმე მოთამაშეზეც ისაუბრა, მათ შორის ფრენკი დე იონგზე, ლამინ იამალსა და გავიზე:
"ის [ფრენკი] წინ ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს; შემდეგი ნაბიჯი ხვალ არის. ვნახავთ, ვარჯიშის შემდეგ თავს როგორ იგრძნობს და შემდეგ ვნახავთ, ხვალ რას გავაკეთებთ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ის დაბრუნდა, მაგრამ ხვალამდე უნდა მოვიცადოთ. ვარჯიშზე მან თავი კარგად იგრძნო და ის სათადარიგოთა სკამზე იქნება."
"ვნახავთ, ამას [ლამინის საკითხს] როგორ მოვაგვარებთ; მისთვის სასტარტო თერთმეტეულში დაწყება ყოველთვის კარგია და ჩვენ ამას ვნახავთ. ჯერ არ გადამიწყვეტია; ხვალამდე მოცდა მოგვიწევს."
"ხვალ ძირითად შემადგენლობაში დასაწყებად ის [გავი] კარგი ვარიანტია და ვნახავთ, ითამაშებს თუ არა 90 წუთს. უნდა ვნახოთ; მასთან ერთად ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიმოქმედოთ, მაგრამ ის სასტარტოში დასაწყებად მზად არის."
რაც შეეხება რობერტ ლევანდოვსკის მომავალს, გერმანელმა სპეციალისტმა მსგავს საუბრებს თავი აარიდა:
"ამაზე პასუხი უკვე გავეცი, ყოველთვის ასე ვპასუხობ, ახლა ამაზე საუბრის დრო არ არის. ჩვენ დიდი მიზანი გვაქვს და ყველა ფეხბურთელმა ამაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება და მაქსიმუმი გაიღოს. მომავალი წელი მნიშვნელოვანია, მაგრამ ახლა იმაზე საუბრის დრო არ არის, თუ ვინ მიდის."
პრიორიტეტები: ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა
ტურნირების მნიშვნელობის შესახებ დასმულ კითხვაზე, გუნდის თავკაცმა შემდეგი რამ განაცხადა:
"რა თქმა უნდა, ლა ლიგა არის ის, რის გამოც ჩემპიონთა ლიგაზე ვთამაშობთ, თუმცა ჩემპიონთა ლიგის მოგება ყველა მწვრთნელის, ფეხბურთელისა და გულშემატკივრის ოცნებას წარმოადგენს და იქ სწორედ ამიტომ ვიმყოფებით. თითოეულ მატჩში ხედავთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გუნდი ოდნავ უფრო მოტივირებულია და ეს ის ტურნირია, რომლის მოგებაც გვსურს. ლა ლიგაში ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მოგება ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს მოთამაშეებისა და კლუბის მიზანს წარმოადგენს და აქ სწორედ ამიტომ ვიმყოფებით."
საჩივარი უეფაში და "ატლეტიკოსთან" დაპირისპირება
"ბარსელონას" მიერ უეფაში შეტანილ საჩივარსა და VAR-ის მუშაობაზე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ატლეტიკოსთან" მომხდარ ეპიზოდებთან დაკავშირებით, ფლიკმა საკუთარი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა:
"არ ვიცი, შედეგი როგორი იქნება, მაგრამ ჩემთვის და გუნდისთვის კარგია, რომ ამ საკითხში კლუბი მხარს გვიჭერს, რადგან ეს უსამართლობა იყო. შეცდომა ერთხელ შეიძლება დაუშვა, მაგრამ არა ორჯერ და კლუბის მხარდაჭერა ძალიან დიდ დახმარებას წარმოადგენს."
"რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ VAR-ი დასახმარებლად მოვიდა. VAR-ის გუნდმა რაღაც არასწორი დაინახა და მათ მისთვის უნდა დაეძახათ და ეთქვათ, რომ ეპიზოდი გადაემოწმებინა, ამ მატჩში კი სწორედ ეს დამაკლდა. ვფიქრობ, ბევრი რამ უკეთესად შეგვიძლია გავაკეთოთ. მართალია, ჩვენი საუკეთესო თამაში არ გვიჩვენებია, შეცდომებიც დავუშვით, მაგრამ ეს კარგი არ ყოფილა და იმ მომენტში, ამან მატჩის ბედი გადაწყვიტა."
ალვარო არბელოას განცხადება და "რეალ მადრიდი"
"რეალ მადრიდის" მწვთნელის, ალვარო არბელოას კომენტარებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს ფლიკმა მოკლედ უპასუხა:
"არაფერი, ამაზე ჩემს ენერგიას არ ვხარჯავ. ეს მათი აზრია და მე ჩემს გუნდზე ვარ ფოკუსირებული. მსგავსი რაღაცები არ მაინტერესებს, ეს ასეთი ბიზნესია, ჩვენს შორის ბევრი ხმაურია, მაგრამ გუნდსაც ამას ვეუბნები, საკუთარ თავზე უნდა ვფოკუსირდეთ და არა იმაზე, თუ რას აკეთებს "რეალ მადრიდი". ჩვენ კარგ პოზიციაში ვიმყოფებით, ყველა თამაში უნდა მოვიგოთ და მხოლოდ საკუთარ თავზე ვიფიქროთ."
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 38 ]