ბარსელონა-ესპანიოლი - მატჩისწინა მიმოხილვა
- თამაშის დრო: შაბათი, 11 აპრილი, 20:30
ესპანეთის ჩემპიონატის 31-ე ტურში "სპოტიფაი კამპ ნოუ" მორიგ პრინციპულ კატალონიურ დერბის უმასპინძლებს - "ბარსელონა"-"ესპანიოლის" წინააღმდეგ.
დღეს მოგების შემთხვევაში "ბარსელონა" უახლოეს მდევარ "რეალ მადრიდს" უკვე 9 ქულით ჩამოიტოვებს და ზედიზედ მეორე ჩემპიონობისკენ კიდევ ერთ დიდ ნაბიჯს გადადგამს.
გუნდების ამჟამინდელი მდგომარეობა და ფორმა
"ბარსელონას" ფორმა ჩემპიონატში შთამბეჭდავია. გუნდი ლა ლიგის სატურნირო ცხრილს ლიდერობს და 30 ტურის შემდეგ უახლოეს მდევარს 7 ქულით უსწრებს. ბოლო 6 თამაშიდან კატალონიელებმა ყველა მოიგეს, თუმცა ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში მადრიდის "ატლეტიკოსთან" 0-2 დამარცხდნენ. მიუხედავად ამისა, შიდა ჩემპიონატში მათი დომინაცია გრძელდება. შეტევაში გუნდი ძალიან ეფექტურად მოქმედებს.
მეორე მხრივ, "ესპანიოლს" ძალიან რთული პერიოდი უდგას. გუნდი ბოლო 13 ტურის განმავლობაში მოგების გარეშეა დარჩენილი (5 ფრე, 8 წაგება), რაც 2009 წლის შემდეგ მათ ყველაზე ცუდ სერიას წარმოადგენს. გასულ კვირას მათ "რეალ ბეტისთან" უგოლო ფრე ითამაშეს.
დანაკლისი
"ბარსელონას" რიგებში ტრავმების გამო რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშე დააკლდება. დანამდვილებით ცნობილია, რომ ანდრეას კრისტენსენი, რაფინია და მარკ ბერნალი მოედანზე ვერ გამოვლენ. ასევე, ფრენკი დე იონგის თამაშიც საეჭვოა.
რაც შეეხება "ესპანიოლს", მათ რიგებში დისკვალიფიკაციის გამო კლემენს რიდელი არ იქნება. ასევე, მძიმე ტრავმის გამო სეზონის ბოლომდე ხავი პუადოა გამოთიშული, რაც სტუმარი გუნდისთვის ძალიან სერიოზულ დანაკლისს წარმოადგენს.
მწვრთნელების კომენტარები
მატჩის წინ "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა, მომავალ შეხვედრასა და ჩემპიონთა ლიგის პრიორიტეტებზე ისაუბრა:
"რა თქმა უნდა, ლა ლიგა არის ის, რის გამოც ჩემპიონთა ლიგაზე ვთამაშობთ, მაგრამ თითოეული მწვრთნელის, მოთამაშისა და გულშემატკივრის ოცნება ჩემპიონთა ლიგის მოგებაა და სწორედ ამიტომ ვართ აქ."
მან გუნდის განწყობაზეც აღნიშნა:
"თქვენ ხედავთ, რომ გუნდი ოდნავ უფრო მოტივირებულია ჩემპიონთა ლიგაზე და ეს არის ტურნირი, რომლის მოგებაც ჩვენ გვსურს."
ფლიკმა მომავალი მეტოქის მიმართ პატივისცემაც გამოხატა:
"მანოლოს მინდა მივულოცო, ის შესანიშნავ საქმეს აკეთებს. ეს არის გუნდი, რომელიც კარგად აპრესინგებს და შეტევაში კარგად გადადის. დერბიში ჩვენ უმაღლეს დონეზე თამაში, სიმშვიდის შენარჩუნება და საუკეთესო ფეხბურთის ჩვენება მოგვიწევს. გამარჯვების მოსაპოვებლად საკმარისი ხარისხი გაგვაჩნია."
ურთიერთშეხვედრების ისტორია
ისტორიულად ამ დაპირისპირებაში "ბარსელონას" სრული უპირატესობა აქვს. ლა ლიგის ეგიდით გუნდები ერთმანეთს 179-ჯერ დაუპირისპირდნენ. აქედან 105 მატჩი "ბარსელონამ" მოიგო, 34-ჯერ გამარჯვება "ესპანიოლს" დარჩა, ხოლო 40 შეხვედრა ფრედ დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონის პირველ წრეში, 3 იანვარს გამართულ მატჩში, "ბარსელონამ" გასვლაზე დანი ოლმოსა და რობერტ ლევანდოვსკის მიერ მატჩის მიწურულს გატანილი გოლებით 2-0 გაიმარჯვა.
მსაჯი
ხვალ გასამართ მატჩს ალეხანდრო ერნანდეს ერნანდესი განსჯის. იგი მკაცრი სტილით გამოირჩევა და თამაშის კონტროლს ხშირად ბარათებით ცდილობს. კარიერის განმავლობაში ჩატარებულ 322 მატჩში მას საშუალოდ 5.46 ყვითელი ბარათი აქვს ნაჩვენები, რაც საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს. ასევე, მან კარიერაში 129 პენალტი დანიშნა.
საინტერესო სტატისტიკა
-
"ბარსელონამ" ლა ლიგის მიმდინარე სეზონში საკუთარ მოედანზე ჩატარებული 15-ივე მატჩი მოიგო;
-
უფრო მეტიც, ამ 15 საშინაო გამარჯვებიდან 10 მატჩი "ბარსელონამ" 2 ან მეტი ბურთის სხვაობით დაასრულა;
-
ლა ლიგის ფარგლებში "ბარსელონას" "ესპანიოლთან" 29-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (22 მოგება, 7 ფრე), რაც ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში ნებისმიერ დერბიში დაფიქსირებულ ყველაზე გრძელ წაუგებელ სერიას წარმოადგენს;
-
დერბის ისტორიაში "ბარსელონას" სულ 347 გოლი აქვს გატანილი, ხოლო "ესპანიოლს" - 184.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 10 ]