ერთი წელი ფრენკი დე იონგის შეძენიდან
2019 წლის 23 იანვარს "ბარსელონამ" ფრენკი დე იონგის შეძენის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ჟოზეპ მარია ბართომეუმ და აღმასრულებელმა დირექტორმა ოსკარ გრაუმ ოფიციალურად დაასრულეს ტრანსფერი, რომლის ღირებულება 75 მილიონი ევრო იყო. კონტრაქტის მიხედვით, დე იონგი "ბარსელონაში" 2024 წლის ივნისამდე დარჩება.
ჰოლანდიელმა სეზონი "აიაქსში" დაასრულა და ამსტერდამულ კლუბს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე მისვლაში დაეხმარა. დე იონგის არაჩვეულებრივი თამაში შეუმჩნეველი არ დარჩენილა. იგი შიდა ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს. ასევე, აღიარეს წლის საუკეთესო ახალგაზრდა ჰოლანდიელ ფეხბურთელად. უეფამ კი მას წლის საუკეთესო ნახევარმცველის ჯილდო გადასცა.
5 ივლისს კი, დე იონგი "კამპ ნოუზე" შეკრებილი 20 000 გულშემატკივრის წინაშე ოფიციალურად წარადგინეს. მან კლუბში 21-ნომრიანი მაისური მოირგო. ფრენკისთვის სადებიუტო მატჩი 16 აგვისტოს, "სან მამესზე", "ბილბაოსთან" დაპირისპირება გამოდგა.
ჰოლანდიელი კლუბის შეუცვლელი ფიგურა გახდა და 2019/20 წლების სეზონზე ყველა ჩატარებულ მატჩში მიიღო მონაწილეობა (ერთი თამაში დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა). 22 წლის ფეხბურთელის მომავალი საკმაოდ წარმატებული მოჩანს. მას განსაკუთრებული ხედვა, ბურთისადმი დამოკიდებულება და სხვა საჭირო უნარები აქვს, რომ თავის პოზიციაზე საუკეთესო მოთამაშე იყოს.
ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში დე იონგმა 1000-ზე მეტი გადაცემა გააკეთა, აქედან 93% ზუსტი იყო. ამ მაჩვენებლით იგი ტონი კროოსთან ერთად ერთ-ერთი საუკეთესოა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]