მატჩისშემდგომი მიმოხილვა: გასწი მერანო!
"ვილიარეალთან" მატჩს წინ უძღოდა "ატლეტიკოს" თამაში და ლუის სუარესის იდეალური დებიუტი. რონალდ კუმანზე წნეხი გაიზარდა, რამდენჯერაც "ბარსას" გოლის შეგდების პრობლემა გაუჩნდება, იმდენჯერ წამოაძახებენ თავზე "სუარესს!" მართალია, წნეხი თითოეულ იმ ადამიანზეა, რომელთაც სუარესის გაშვებაში მიუძღვით ბრალი, მაგრამ უკვე დიდი ხანია ვიცით, რომ იმ ხალხს არც კრიტიკა აინტერესებს, არც წნეხი, არც ვინმეს დაფასება, იმ ხალხს ნამუსი არ აქვს და შესაბამისად, ყველაფერი მოსულა!
მაგრამ, კუმანი ნამუსიანი კაცი ჩანს, ასე რომ, ყველანაირად ეცდება, ურუგვაელის გაგდება სეზონის ბოლომდე არ დაეტყოს. სტარტი მშვენიერი გამოვიდა. იყო შედეგიც, ხარისხიც, დავინახეთ კონკრეტული მონახაზი, გამოჩნდა მწვრთნელის ხელი და რაც მთავარია, გამოჩნდა დიდი რესურსი.
ღერძი ნაპოვნია
ტაქტიკა არ შეცვლილა, მოსამზადებელ პერიოდში ეს უკვე ვნახეთ. მესი ცრუ ცხრიანზე, გრიზმანი მარჯვენა გარემარბად, ფატი მარცხნივ და კოუტინიო ათიანზე. ფატის გარდა ყველა ცვლის პოზიციებს და ერთადერთი რამ იყო დასადგენი - რა ლოგიკით იცვლებიან? ლოგიკა ნაპოვნია! ისე გავიხარე, თითქოს "მობი დიკი" მეპოვნოს უკიდეგანო ოკეანეში, არადა ის ვიპოვე, რაც ყველა გულშემატკივარს უკვე ნაპოვნი აქვს. ღერძი მესია, თუ ლეოს მარჯვენა ფლანგიდან მოუნდება შეტევა, გრიზმანი ცენტრში შედის, თუ ათიანზე დაიხევს უკან, კოუტინიო ადის ცრუ ცხრიანზე, მოსამზადებელი ეტაპის დროს ვნახეთ, რომ ასეთ შემთხვევაში, ხანდახან ფატი იწევდა ცენტრში და კოუტინიო გადადიოდა მარცხნივ.
შეტევა მოძრაობს მესის გარშემო და როგორც ჩანს, ყველა კმაყოფილია, გრიზმანის გარდა. ანტუანმა ახალი სეზონიც ტრადიციულად დაიწყო, მთელი თამაში ჩრდილში იყო. გამომდინარე იქიდან, რომ "ვილიარეალს" შეტევით თავი არ მოუკლავს, არც ანტუანს შემოუთავაზებია თავგანწირული ფეხებში ვარდნა, ადრე ამით მაინც ჩანდა ხოლმე, ახლა ეგეც მოგვაკლდა.
შეტევაში ერთი დარტყმა დაუბლოკეს, ერთხელ პასი დააგვიანა და.. სხვა არც არაფერი.
ანსუ ფატი
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი, 17 წლის ანსუ ფატი! აშკარაა, რომ ვითარდება. ასეთი შეხვედრები მეტ თავდაჯერებას შემატებს და მისი ვარსკვლავობა გარდაუვალი იქნება. ადრეც აღგვინიშნავს, მომდევნო სამი წელი რომ ასეთი პროგრესი განაგრძოს, მსოფლიო დონის ვარსკვლავად ჩამოყალიბდება, სულ რაღაც 20 წლის ასაკში.
სტარტი კარგი აქვს, მწვრთნელი ენდობა, უკეთეს პარტნიორებს ვერც კი ინატრებს, ყველაფერი მასზეა დამოკიდებული.
წინა სეზონში მისი მთავარი მინუსი ბევრი წუნი იყო, მათ შორის ჩვეულებრივ სათამაშო მომენტებში, ცდებოდა პასის დროს, ბურთს კარგავდა მაშინ, როცა შეეძლო, რომ სიტუაციიდან მარტივად გამოსულიყო, ახლა კი ვხედავთ, რომ წუნი მინიმუმამდე აქვს დაყვანილი. ეს კი თავისით არ ხდება, ეს სწორი მუშაობის შედეგია.
1:0 - ფატი დემბელესთან კონკურენციაში დაწინაურდა.
ეს "დამბოს" ბოლო სეზონი იქნება კლუბში, თუ თავი არ გაიგიჟა და კარიერის საუკეთესო სეზონი არ ჩაატარა, ამიტომ მარცხენა ფლანგზე გაცხოველებული კონკურენცია გველის. თუმცა, თუ გრიზმანის ინერტულობას გავითვალისწინებთ, არ არის გამორიცხული, ფატი-დემბელე ერთად ვიხილოთ შეტევაში, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მარჯვენა ფლანგზე თავის შანსს ტრინკაუ ყოველთვის ელის. ერთი სიტყვით, ფრანგებს მოუწევთ ტყავიდან ამოძვრნენ და რამე ღირებული გააკეთონ, თორემ ეს გოთვერანი ბავშვები ქვას ქვაზე არ დატოვებენ.
ფლანგები
დაცვას ბევრი საქმე არ ჰქონია, გამოვყოფდი ლანგლეს პირველ პასს, რომელმაც მოედნის ცენტრში აბსოლუტურად მარტოდ დარჩენილი კოუტინიო მოძებნა და მერე რაც მოხდა, ყველამ ნახა. კარგი პასი იყო, მთელი ნახევარდაცვის ხაზი გაიჭრა.
ალბა როგორც ყოველთვის აქტიური იყო, სერჟი რობერტო რაღაცას ცოდვილობდა. იქნებ გრიზმანის ინერტულობა ამის ბრალიც იყოს, უფრო აქტიური მარჯვენა ფლანგელი რომ ჰყავდეს, ბურთსაც უფრო ხშირად მიიღებდა, მაგრამ რობერტოსთან დიდად ვერ აქვს კარგი დუეტი, ამიტომ ველით კიდევ ერთ ახალგაზრდას, დაუღალავ და ენერგიით სავსე მარჯვენა მცველს, იმედია სულ მალე შემოგვიერთდება და ისევე ჩაერთვება ხოლმე შეტევებში, როგორც ბებერი ალბა ერთვება მარცხენა ფლანგზე.
ბუსკეტსი-დე იონგი
მე ეს დუეტი ძალიან მომწონს. მართალია, სერხიოს რამდენიმე პასი გაუცუდდა, მათ შორის ისეთ სიტუაციაში, როცა ეს არ ეკადრებოდა, მაგრამ საერთო ჯამში, არ ჰქონია ცუდი შეხვედრა. საიმედო ცენტრია. ბურთის დაჭერა ამათ არ ეშლებათ და ბურთის ამოტანა, არც სივრცეს ტოვებენ და არც დაზღვევას აგვიანებენ, ასაკიც ისეთი აქვთ, რომ ერთმანეთს კარგად აბალანსებენ. მოკლედ, წესით და რიგით, "ბარსას" ისტორიაში კიდევ ერთი დიდი "დუეტი" უნდა შედგეს. ეს ჯერ მხოლოდ ვარაუდია და იქნებ პიანიჩმა ჩაშალოს კიდეც ყველაფერი, თუ ამის თავი ექნება, კი ბატონო, ჩაშალოს!
სხვებს კი ნაკლები შანსი ექნებათ. მათ შორის რიკი პუჩს, მაგრამ სეზონი გრძელია, თასის შეხვედრებიც სათამაშოა, ტრავმები იქნება, დისკვალიფიკაციებიც იქნება, ამიტომ ვინ როდის შემოვარდება მოედანზე, არავინ იცის. სკამზე დარჩენილებსაც ამის იმედი აქვთ და თავის დროს ელიან.
კუმანი
კუმანი ტოვებს ისეთი კაცის შთაბეჭდილებას, რომელსაც ყველა დეტალი გათვლილი აქვს. ასე იყო სეზონის წინა შეხვედრებში და ასე მოხდა ახლაც. გუნდი ფსიქოლოგიურად გამოკეთდა, მენტალური გამოცდა ძირითადად გასვლით შეხვედრებში ელის. ვნახოთ, რამდენ წაუგებელ შეხვედრას გადააბამს, მის წინამორბედებს ისეთი შედეგები დაუდიათ, რომ სერიოზული გამოწვევის წინაშეა, ძალიანაც კარგი! გაეჯიბროს გვარდიოლას მოგებების სერიას და ვალვერდეს წაუგებელ სერიას, ამ გზაზე სიარულით ხომ ლა ლიგა თავისით მოვა?!
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]