მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ზამთარი მოდის!
ძალიან საინტერესო შეხვედრას ველოდით, გამომდინარე იქიდან თუ რა შემადგენლობა წაიყვანა რონალდ კუმანმა და როგორი ძირითადი შემადგენლობა დააყენა.
მოლოდინი გამართლდა და სათქმელიც ბევრია, ხოდა მივყვეთ თავიდან:
დაცვის ხაზი
დაცვით ხაზში პრობლემების გამო ძირითადში მინგესა ვიხილეთ, რომელმაც მშვენივრად გაართვა თავი მოვალეობას, ლანგლეზე ბევრად კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ეს ალბათ მოტივაციის ბრალიც იყო, ლანგლესგან განსხვავებით უხეში შეცდომები არ დაუშვია, პოზიციურად კარგად ითამაშა, ბურთის ამოტანით დიდად თავი არ შეიწუხა, მაგრამ საგოლე გადაცემა მიითვალა. ეს მეტ თავდაჯერებას შემატებს, კუმანსაც ეცოდინება, რომ შეუძლია ენდოს. მართალია, ერთი თამაშით დიდი დასკვნების გაკეთება არ ღირს, მაგრამ ტრავმიანობას როგორმე გავუმკლავდებით. მინგესა და არაუხო "ბარსას" მომავალი ცენტრია, ადრე თუ გვიან, გუნდში კიდევ ერთი მაღალი კლასის ცენტრალური მცველი მოვა, ამიტომ, შესაძლოა, სულაც კონკურენტებად მოგვევლინონ.
მასთან ერთად საუკეთესო იყო სერჟინიო დესტი, ჩემი აზრით კი მატჩის საუკეთესო სწორედ ის იყო. დიდი ხანია "ბარსელონაში" მარჯვენა მცველის ასეთი კარგი თამაში არ გვიხილავს, ალბათ დანი ალვესის წასვლის შემდეგ მსგავსი არაფერი გვინახავს. ძალიან პროდუქტიული და დამაჯერებელი იყო შემტევ ფაზაში, ხოლო დაცვაში დიდი საქმე არ ჰქონია. რაც შეიძლება მეტი სათამაშო დრო უნდა მიიღოს, რადგან ფეხბურთელი სწორედ ასეთ თამაშებში ვითარდება. სერჟი რობერტოზე კი ვერ ვიტყვი, რომ ძლიერი კონკურენტია. რობერტო საერთოდ მცველიც კი არ არის, ეს კუმანმაც აღნიშნა, როცა მწვრთნელად დაინიშნა.
სერჟინიო დესტი მეტ ნდობას იმსახურებს.
ნახევარდაცვა
საინტერესო იყო საყდენი ზონის ხილვა ბუსკეტსისა და დე იონგის გარეშე. პირველ ტაიმში თამაში ვერაფრით დაალაგეს, ვერც პიანიჩმა და ვერც ალენიამ, გუნდს ძალიან ცუდი პირველი ტაიმი გამოუვიდა, რაშიც მთავარი დამნაშავენი ცენტრალური ნახევარმცველები არიან. გასაკვირი ამბავია, რადგან პიანიჩი, ალენია, კოუტინიო და პედრი ბურთის დამჭერები არიან, მათი მთავარი პლუსი ბურთის კონტროლია, მაგრამ პირველ ტაიმში მნიშვნელოვანი ვერაფერი შექმნეს. აი მეორე ტაიმში თამაშის მიმდინარეობა სრულად გააკონტროლეს, მომენტებიც შეიქმნა და გოლებიც გავიდა.
ყველაზე სუსტად კოუტინიო გამოიყურებოდა. გასაგებია, რომ ტრავმის გამო რაღაც პერიოდი გაუცდა და ფორმიდან ამოვარდა, მაგრამ მაინც ვერ ტოვებს ისეთ შთაბეჭდილებას, როგორსაც ვისურვებდით. აქვს გამონათებები, ეს არის და ეს. მისი პოზიციის ფეხბურთელს ბოლო პასი მოეთხოვება, მისი შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელს კარში ხშირად დარტყმა მოეთხოვება, გოლებიც მოეთხოვება, მაგრამ ამის მსგავსი არაფერი გვინახავს.
კარგად შემოვიდა რიკი პუჩი. ზუსტად იცის, რასაც თამაშობს და ის სიზუსტეც ახასიათებს, რომელიც "ბარსას" სტილის გუნდისთვის აუცილებელია. კუმანი ამ ტაქტიკურ სქემაში მის ადგილს ვერ ხედავს, არადა რიკი ისეთ ასაკშია, რომ აუცილებლად სჭირდება სათამაშო პრაქტიკა. წასვლა ურჩიეს და დარჩა. ახლა კი ისეთი დროა, არ არის გამორიცხული, კუმანი მასზე სწრაფად წავიდეს გუნდიდან.
თავდასხმა
ცუდი პირველი ტაიმის შემდეგ თავისუფლად ათამაშდა ტრინკაუ, დესტთან ერთად ფლანგი ააწიოკა და კარგი სანახავიც გამოდგა. ძირითადისთვის ჯერჯერობით ვერ იბრძოლებს, მაგრამ კარგად ჩანს, რომ დიდი პოტენციალი აქვს. მეორე ტაიმში რამდენიმე ეფექტური მოძრაობით დაგვამახსოვრა თავი და ერთი ძალიან მაგარი პასიც შეასრულა, რომელიც ბრეითუეიტმა ვერ შეირგო.
თავად ბრეითუეიტმა კი ითამაშა როგორც ნამდვილმა ცხრიანმა. "ბარსა" მოკლებულია ასეთი სტილის ფეხბურთელს, განსაკუთრებით ამ სეზონში. თერთმეტმეტრიანიც შეასრულა, გრიზმანი უკვე გამოსული იყო მოედანზე, მაგრამ ბრეითუეიტს არ ადარდებს გრიზმანის პობლემები, მას თავისი საწუხარი აქვს, მეტი დრო სჭირდება და ამის მისაღებად ყველაფერს აკეთებს.
გრიზმანმაც შეაგდო. იმ ინტერვიუს შემდეგ, რომელიც რას ემსახურებოდა, კარგად ვერ გავიგე. გუნდში ისეთი არეულობაა, რომ ყველაფერზე განმარტების კეთება გახდა საჭირო. სიტუაცია ვერაფრით დალაგდა, რაც ყველაზე უარყოფითად აისახება. ანტუანმა კარგი გოლი შაგდო, იქვე წაუცეკვა და იქნებ ახლა მაინც მოახერხოს და ზედიზედ შეძლოს გატანა. მისი მენტალური ხსნის გზა სწორედ ამაზე გადის, აუცილებელია, რომ ზედიზედ რამდენიმე შეხვედრაში გაიტანოს. თავდაჯერებას მხოლოდ ასე დაიბრუნებს.
მიღმა დარჩენილები
პიკე, ბუსკეტსი და მესი ყველაზე ნაკლებს მოძრაობენ მოედანზე. სამივე ძალიან შენელებულია. შესაძლოა, ყველაზე სწრაფად აზროვნებენ, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში მხოლოდ ეს არ კმარა. მათ გარეშე გუნდმა ბევრად მაღალ ტემპში ითამაშა. "ბარსა" ნელ-ნელა უნდა გათავისუფლდეს მესის გავლენისგან, არ არის საჭირო ყველა პასი მასზე წავიდეს, ფიზიკურად ვერ გაუძლებს, ვხედავთ კიდეც ამას, მაგრამ ერთი მხრივ მისი ავტორიტეტი მუშაობს, მეორე მხრივ კი ახალგაზრდა ფეხბურთელების კომპლექსები. თავის დროზე ნეიმარიც ასე იყო, პირველ სეზონში პასს მხოლოდ მესის უკეთებდა (თითქმის ყოველთვის), მაგრამ 26 წლისა და 33 წლის ფეხბურთელს შორის დიდი სხვაობაა.
კუმანს ბევრი სამუშაო აქვს. თავსატეხიც ბევრი აქვს. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დაძლეულია, მაგრამ აუცილებლად უნდა ამოძვრეს სატურნირო ცხრილის ქვედა ზონიდან, თორემ, მისი გადადგომის მოთხოვნები დღითიდღე მოიმატებს.
ზამთარი მოდის, სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება, არჩევნები ახლოვდება, ახალი ხალხი მოსასვლელად ემზადება და კაცმა არ იცის რა პროექტს მოიტანენ.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]