ხორხე ვალდანოს გამოსათხოვარი წერილი
არგენტინის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი, ხორხე ვალდანო, დიეგო მარადონას დაემშვიდობა. წერილს უცვლელად გთავაზობთ.
„ის ვინც ზიზღით და სიძულვილით ადევნებდა თვალს მარადონას უკანასკნელ ინკარნაციას, დასცინოდა მის უმწეობას, როცა სიარულს ძლივს ახერხებდა, ან სიტყვის სათქმელად უკანასკნელ ძალებს იკრებდა, უმჯობესია შეწყვიტოს ამ გამოსამშვიდობებელი სიტყვის კითხვა, რადგან ეს წერილი კიდევ ერთხელ განადიდებს მას როგორც გენიოსს და შეუნდობს, როგორც ადამიანს.
აქ ვერ იპოვით ვერც ერთ საყვედურს, რადგან როგორც ფეხბურთელს მას ნაკლი არ ჰქონია, ხოლო როგორც ადამიანი, ის იყო მსხვერპლი! რისი ან ვისი? ჩემი, ან თქვენი, მაგალითად, ხალხის, რომელიც რაღაც მომენტში, ვალდებული იყო, რომ უმოწყალოდ თაყვანი ეცა მისთვის.
ბილწია ცხოვრება, რომელიც ყველანაირ ოცნებას გისრულებს, დიეგოს კი ბედი სხვაზე მეტად სწყალობდა. საშინელმა მოგზაურობამ ადამიანობიდან, მითიურ პერსონამდე იგი ორად გახლიჩა.
ერთ მხარეს გვყავს უბრალოდ დიეგო, ხოლო მეორე მხარეს მარადონა.
მისმა ფიტნეს მწვრთნელმა, ფერნანდო სინიორინიმ, მგრძნობიარე და ინტელიგენტმა ადამიანმა, რომელიც ალბათ ყველაზე უკეთ იცნობდა მას, ერთხელ ასეთი რამ თქვა:
დიეგო სიღარიბის მორიგი პროდუქტი იყო, ღარიბი უბნიდან, ვისაც ნაადრევად დაატყდა თავს დიდება და პოპულარობა, დღითიდღე იკრებდა ძალას და კვებავდა ლეგენდას, რომელსაც ადგილობრივი ხალხი ითხოვდა, მისი განდიდება ფატალური გამოდგა ისეთი ადამიანისათვის როგორიც დიეგო იყო.
თუ ფეხბურთი მრავალფეროვანია, დიეგოც მრავალფეროვანი იყო, რადგან ფეხბურთი და დიეგო სინონიმებია. ამავე დროს, ის იყო მთელი არსებით არგენტინელი, სწორედ ამით აიხსნება მისი ემოციური იმპულსი და საოცარი ქარიზმა. მისი გენია ვერასდროს საზღვრებში ვერ თავსდებოდა და ამავე დროს ყოველთვის ამაყობდა იმით, თუ საიდან იყო წარმოშობით. უყვარდა თავის ღარიბი უბანი და ამაყობდა კიდეც ამით.
მას მითიური, სიმბოლური დატვირთვა მიენიჭა, ის იყო ღარიბების ღმერთი, რომელმაც მდიდრები დაამარცხა. მდიდრებს საშინლად არ უყვართ წაგება, მაგრამ მისი ყველაზე დაუნდობელი მტრებიც კი, იძულებულნი იყვნენ ქედი მოეხარათ, სხვა არჩევანი არ ჰქონიათ.
სულ რაღაც მცირედით გადაცდა 15 წელს, როდესაც ფეხბურთის ღმერთობაზე დაიწყო ფიქრი, მან ეს გააკეთა იმ ქვეყანაში, სადაც მიიღეს როგორც მესია, იმიტომ, რომ არგენტინაში ეს არის თამაში, რომელიც გონებამდე ყოველთვის გულის გავლით მიდის. მისი ხელოვნება ქუჩიდან სტადიონის ფარგლებში აღმოჩნდა და ჯერ ფანატების გული, შემდეგ კი მათი გონება დაიპყრო.
არ ჰქონდა მნიშვნელობა რომელი გუნდის მაისური ეცვა, მესია არგენტინელი იყო და ეს საკმარისი გამოდგა იმისათვის, რომ გვეამაყა.
ლეგენდად მისმა სამსახურმა აქცია და არა ცხოვრებამ. - მოდი აქიდან დავიწყოთ.
ყველას გინახავს ძველი ჩანაწერი, სადაც პატარა და ღარიბი დიეგო მის საყვარელ სათამაშოს იმორჩილებს, ჯერ მარცხენა ფეხით, შემდეგ კი თავით, უფლებას არ აძლევს, რომ მისგან გაიქცეს. ეს სცენა რაღაცით დისკუსიას მაგონებს, რომელიც ხასიათს იცვლის, თითქოს ბურთი ცდილობს როგორმე გაექცეს და მისგან გათავისუფლდეს, მაგრამ დიეგო თავის ჭკუაზე ათამაშებს და ამით სიამოვნებას იღებს, სულ მალე სამუდამოდ დაუკარგავს გაქცევის სურვილს, ეს მისი პირველი და ყველაზე მთავარი ბრძოლა იყო, მრგვალი სათამაშო მისივე საკუთრებად აქცია.
ბურთისა და დიეგოს ურთიერთობა მყარდებოდა და ამის ყურება დიდებული რამ იყო, ეს იყო განუყრელი წყვილი, მორჩილება ურთიერთსიყვარულში გადაიზარდა. დიეგოს უყვარდა ბურთი და ბურთს უყვარდა დიეგო. მისი საყვარელი ვარჯიშის ხილვაც ერთ რამედ ღირდა, დაარტყამდა ბურთს ძალიან მაღლა, რაღაც ისეთი მოძრაობით მხოლოდ მას რომ შეეძლო და მისი საუკეთესო მეგობარიც იმდენ ხანს ბზრიალებდა ცაში, რამდენიც საჭირო იყო, თამაშობდა, ერთობოდა, ბურთი ბრუნდება და მეორდება ისევ იგივე, ბურთი მიფრინავს, დიეგო კი მშვიდად დადის, რადგან ზუსტად იცის როდის დაბრუნდება, ზუსტად იცის როდის იქნებიან ისევ ერთად.
ერთხელ ბერლინში თამაშისთვის ვემზადებოდით, ნაკრების მწვრთნელი კარლოს ბილარდო გვაიძულებდა, რომ ჩვენი ტექნიკური მონაცემები გაგვეუმჯობესებინა, მაქსიმალისტი იყო და ჩვენგანაც იმავეს ითხოვდა, მუდმივად იმეორებდა, რომ არგენტინელი ფეხბურთელი აუცილებლად ტექნიკური უნდა ყოფილიყო, ბურთთან ერთად უნდა გაატაროს მთელი დღე, შუადღე, საღამო, ღამე, ყოველთვის ბურთთან ერთად უნდა იყოს! ამას ყოველდღე იმეორებდა, იქამდე სანამ მარადონა თავის ოთახიდან ბურთის კენწვლით არ გამოვიდა, ლიფტში ბურთის კენწვლით შევიდა, იქიდან სასადილოში ბურთით გამოვიდა, დაჯდა ისე, რომ ბურთი არ დაუშვია და პურს ისე წაავლო ხელი, რომ ბურთი ისევ ფეხში ჰქონდა, ამ დროს ბილარდო მოვიდა, სიხარულს ვერ მალავდა, რადგან მართალი გამოდგა და გვითხრა: „ხედავთ? ამიტომ არის ის მარადონა“ - ამ ისტორიას ყოველთვის სიცილით ვყვებოდი, ახლა კი სიჩუმეა და ვტირი.
მისი ტექნიკის მსგავსი არასდროს არაფერი მინახავს, ვერავინ მის მსგავსად ბურთს ვერ ფლობდა, ამავე დროს ყველაფერი ხელოვნების დონემდე აჰყავდა, მისი ფიზიკური ძალა ცალკე აღნიშვნის ღირსია, მისი დაგდება თითქმის შეუძლებელი იყო, დარღვევის გარეშე კი ნამდვილად შეუძლებელი, ხოლო ლიდერის თვისებებით ნაპოლეონსაც კი შევადარებდი. ყოველთვის მზად იყო საბრძოლველად, დასაპყრობად, მოსაგებად.
არსად ყოფილა ისეთი ბედნიერი, როგორც მოედანზე. სწორედ ეს იყო პაემნის ადგილი, მისი ცხოვრების სიყვარულთან. ეს იყო ადგილი სადაც მუდმივი დომინაცია შეეძლო, ის დაიბადა ამისთვის. უფრო მეტად როკვარსკვლავს ჰგავდა, რომელსაც მაყურებელი ჭკუიდან გადაჰყავს, ვიდრე ფეხბურთელს. მისი თავდაჯერებულობა გახდა ყველაფრის საწყისი, ის სხვა გახდა, თავს გრძნობდა სხვა ადამიანად, იქცეოდა როგორც სხვა, მისი სწრაფვა სრულყოფისაკენ გაგრძელდა იქამდე, სანამ ერთ დღეს, მარადონამ დიეგოსგან არაფერი დატოვა.
აქ მოხდა ორი პიროვნების, ორი იდეის გადაკვეთა და ამაში სიცხადის შემოტანა გვმართებს. აღვნიშნე, რომ ის უფრო როკვარსკვლავს ჰგავდა, ვიდრე ფეხბურთელს, ამას ვამბობ იმიტომ, რომ მის სოლისტობას გავუსვა ხაზი და არა იმიტომ, რომ დავაკნინო როგორც ფეხბურთელი. ბოლო დღემდე სავსე იყო ფეხბურთით.
როგორც სოლისტი, გამოირჩეოდა კოლექტივისგან, მაგრამ არ იყო ცალკე. იყო გუნდის ნაწილი და გუნდი იყო მისი ნაწილი. ეს ყველაფერი მისმა ხასიათმა განაპირობა, მისი გამორჩეულობა არ გვთრგუნავდა, პირიქით, ყოველთვის ძალას გვმატებდა, მასთან ერთად უკეთესები ვხდებოდით.
იმ სიხარულმა, რომელსაც მოედანზე ყოფნის დროს განიცდიდა, უფრო მეტად მამაცი და მშიერი გახადა, შიოდა წარმატება და დიდება.
აუცილებლად მომიწევს ნეაპოლს შევეხო, ქალაქს სადაც დიეგომ რვა წელი გაატარა, ამ დროის განმავლობაში მან ისეთ სიმაღლემდე აიყვანა „ნაპოლი“, რაც მისთვისაც ახალი და უცხო იყო, ამას არავინ ელოდა, ყველანაირი ზღვარი წაშალა, ნეაპოლში გადაუხვია ლიანდაგებიდან, აქიდან დაიწყო სიამოვნება და ტკივილი, ბრძოლა ბნელის და ნათელის, მწვერვალების დაპყრობა და ქვესკნელამდე დაშვება. ფეხბურთი გახდა მისი ჯანმრთელობა, ხოლო ავადმყოფობამ საბოლოოდ ჩაიგდო ხელში. მე არავის ვიცნობ, ვინც ასეთი გრძელი და მტანჯველი გზა გაიარა.
მან წაშალა ზღვარი, როგორც ადამიანმა და როგორც ფეხბურთელმა. მოედანზე ის იყო იმაზე დიდი, ვიდრე ერთად აღებული სხვა ვარსკვლავები საუკეთესო ლიგაში, მას ჰქონდა მსაჯებზე დიდი გავლენა, მზად იყო ებრძოლა მდიდარ ჩრდილოეთთან, საძულველ "იუვენტუსთან" და არიგო საკის „მილანთან“, მზად იყო ებრძოლა ნეაპოლის ქუჩების სიღარიბესთან, სენთან, რომელიც მისთვის ძალიან ახლობელი იყო, ეს იყო ბრძოლა მარადონასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის და მარადონამ გაიმარჯვა.
1986 წელს პიკს მიაღწია. მისი გენია ხელშესახები გახდა, ჩვენ ეს ყველაფერი მოედანზე ვნახეთ, ჩვენ ამის ნაწილი გავხდით, მან ინგლისი დაამარცხა და აღმოჩნდა იმაზე მაღლა, ვიდრე ოდესმე ვინმე ყოფილა. ამის აღსაწერად მხოლოდ ჰომეროსი თუ დაგვეხმარება, რომელიც ოდისევსს ახასიათებს როგორც საზრიანს, ცბიერს, გამჭრიახს, მოხერხებულსა და სახიფათოს. დიეგოს ფეხბურთი ყოველთვის იდგა სილამაზეზე, ხელოვნებაზე, გამბედაობასა და სიმამაცეზე, ხოლო მუნდიალზე, ამას პატრიოტიზმის უდიდესი გრძნობა დაემატა. დიეგომ პირველი გოლი გაიტანა ისე, რომ მოატყუა მსაჯი, მოგვატყუა ჩვენ და ალბათ საკუთარი თავიც, ხოლო მეორე, ყველა დროის საუკეთესო გოლი, გაიტანა ისე, რომ მოატყუა ყველა, მთელი ინგლისი და მთელი მსოფლიო!
ამის აღწერა შეუძლებელია - ის სიკეთისა და ბოროტების მიღმა იყო.
ვისაც ნამდვილი ფეხბურთი უყვარს, ის ტირის ჩვენთან ერთად, ვინც მას პირადად იცნობდა, ტირის სხვებზე მეტად.
ნახვამდის კაპიტანო!“
El Pais-იდან The Guardian-ზე თარგმნა სიდ ლოუმ.
The Guardian-იდან ბარსამანიაზე თარგმნა ფეოლამ.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]