მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ფიქრები, მესის გოლის მოლოდინში
სამი ქულა "რეალამდე", ოთხი ქულა "ატლეტიკომდე". მართალია, "ატლეტიკოს" თამაშები აქვს მარაგში, მაგრამ ახლა ასეთი მდგომარეობაა, ცოტა ხნის წინ ოთხეულზე იყო საუბარი, ახლა კი ჩემპიონობაზე ფიქრიც დავიწყეთ. მაინც არარეალურად მოჩანს, მაგრამ ფაქტია, რომ "ბარსა" უმატებს. აგერ, ზედიზედ მეორე კარგი თამაში გადავაბით და ის ფეხბურთელებიც გამოირჩნენ, რომლებსაც ადრე არანაირი სარგებელი არ მოჰქონდათ.
ექსპერიმენტული დაცვა
თამაშის წინ, რონალდ არაუხოს მცირე დაზიანება მიუღია, დაცვის ცენტრში ვიხილეთ ის დუეტი, რომელსაც ყველაზე ნაკლებად ენდობა ადამიანი. მეტოქის რიგებში რობერტო სოლდადო და ლუის სუარესი თამაშობდნენ, არ არის მარტივი მათთან გამკლავება, მაგრამ მინგესამ და უმტიტიმ თავი ყველაფერს გაართვეს. უმტიტის ეტყობა უთამაშებლობა, მინგესასთან შედარებით ძალიან შენელებული და ზანტი იყო, მაგრამ უხეში შეცდომები არ დაუშვია, მისი ცნობილი აჩქარება წარსულს ჩაბარდა, სამაგიეროდ გამოცდილი მცველის შთაბეჭდილებას ტოვებს.
სულ უფრო დამაჯერებელია მინგესა, ორთაბრძოლების უმრავლესობა მოიგო, მათ შორის ტაქტიკურად დაშვებული შეცდომებიც, სისწრაფის ხარჯზე გამოასწორა. პირველი პასიც გაუმჯობესებული აქვს და შეტევას გაცილებით კარგად იწყებს.
აი სერჟინიო დესტს რაც შეეხება, ისევ შეშინებულმა ითამაშა, ერთ მომენტში მესიმ შენიშვნა მისცა, ამ მომენტიდან მალევე ჯერ ბალახზე გაწვა და ყველაფერი ტრავმას დააბრალა, მერე კი ფინტის გაკეთება უნდოდა და კინაღამ კისერი მოიტეხა. ამ ბიჭს გამბედაობა და სითავხედე აკლია. არადა, ასეთი ტექნიკური მცველი დიდი ხანია არ გვყოლია. დაცვაში როგორც ყოველთვის სუსტი იყო.
ნახევარდაცვა
ცუდი თამაშების დროს, კუმანის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ბირთვის ჩამოუყალიბებლობა მივიჩნიეთ. ხან ტაქტიკას ცვლიდა, ხან შემადგენლობას და თამაშიც ირეოდა. ამჟამად ბირთვი ჩამოყალიბებულია, ნახევარდაცვის სამეული გამოიკვეთა, კოუტინიო ჯანმრთელი რომც იყოს, მაინც სკამზე იჯდებოდა, პიანიჩმა კი ბუსკეტსს კონკურენცია ვერ გაუწია.
სერხიო დაბერდა და შეცდომებსაც მოუმატა, მაგრამ როცა ის მოედანზეა, "ბარსას" თამაში დალაგებულია, ვერავინ მის მსგავსად თამაშს ვერ კითხულობს. კუმანის ახალი სქემის მიხედვით ბურთის ამოტანის დროს მესამე ცენტრალურ მცველად იწევს და პირველი პასიც უმეტესად მას ევალება, რასაც გუშინ იდეალურად გაართვა თავი.
ცოტა გადაღლილის შთაბეჭდილება დატოვა პედრიმ. საერთოდ, გუნდს ეტყობოდა, რომ დაბალ ტემპში და ძალების დაზოგვით ითამაშა, მარათონულ ჩემპიონატში სხვანაირად არც გამოვა.
ფრენკი დე იონგი კი ჩემთვის საუკეთესო იყო, არავის საუკეთესოდ არ უღიარებია, იმიტომ, რომ გოლებს დამატებითი ქულები მოაქვს და ფრენკის არ გაუტანია, მაგრამ "ბარსელონურ" კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა. ართმევა, ბურთის ამოტანა, ბოლო პასი, დრიბლინგი, ყველაფერი გამოუვიდა. უკვე მესამე შეხვედრაა, იმ თამაშს აჩვენებს, როგორსაც ვითხოვდით.
ცოტა მეტი დრო დაეთმო რიკი პუჩს და ისევ იგივე შთაბეჭდილება დატოვა, იმსახურებს ეს ბიჭი მეტ სათამაშო დროს. მით უმეტეს, რომ "ბარსა" გადაეწყო და ფრენკი დე იონგი საყრდენად ნამდვილად არ თამაშობს. უბრალოდ, რიკის დიდი კონკურენცია ექნება, ჯერჯერობით დე იონგიც და პედრიც შეუცვლელები არიან.
თავდასხმა
ცუდი იყო დემბელე. ბოლო სამი მატჩიდან ყველაზე ცუდად ეს მატჩი ჩაატარა. სტაბილურობა მისი უპირატესობა არასდროს ყოფილა, თუმცა, ისევ ჯობია ასეთ შეხვედრაში ჩაიკარგოს, სადაც ძალების დაზოგვაა საჭირო, მერე კი ცენტრალურ შეხვედრებში გამოიჩინოს თავი.
გრიზმანმა დასაწყისში შეაგდო და ამან ძალიან კარგი სამსახური გაუწია. მომდევნო ორი მომენტი განსაკუთრებით გამოსაყოფია, პირველ მომენტში მესიმ მისი პასით გაიტანა, უჩვეულო ეპიზოდი იყო, იდეალურად გაუგეს ერთმანეთს, მეტოქის საჯარიმომდე ჩაისეირნეს და ძალიან დროული პასი გაკეთდა, ზუსტად იმ დროს, როცა მომენტმა მოითხოვა და მესი მზად იყო, ესეც ურთიერთგაგება, ამასაც მოვესწარით! მეორე გოლს რაც შეეხება, ძალიან მაგარი იყო, ძველი გრიზმანი გამახსენა, არავინ არ ელოდა და გაიტანა. ყველაფერი პირველმა შეხებამ გადაწყვიტა, იმდენად კარგი პირველი შეხება გამოვიდა, ისე კარგად მიიღო ბურთი, რომ მარჯვენაც გემრიელად მოიქნია, სწორედ ასეთი გოლები გვინდა გრიზმანისგან. თამაშიც მშვენიერი იყო, მაინც და მაინც, მარცხენა გარემარბობას ვერ დავაბრალებთ, მაგრამ მშვენივრად ითამაშა.
მესი
ახალი წელი ახალი მესით დაიწყო. ასეთი საჭირო პაუზა მგონი არასდროს აუღია. თვითგამორკვევა და რაღაცების გადახარშვა იყო საჭირო, ხოდა გამოერკვა. ახალი წლის მერე სულ სხვა მესის ვხედავთ მოედანზე.
არსებობს პეტერ ჰანდკეს ასეთი წიგნი - "მეკარის შიში თერთმეტმეტრიანის მოლოდინში", ამ მატჩის შემდეგ, შესაძლოა დაიწეროს - "ცოცხალ კედელში გაწოლილი ფეხბურთელის ფიქრები, მესის გოლის მოლოდინში" - ნეტავ, მართლა რას ფიქრობენ ამ დროს ის ფეხბურთელები, ცოცხალი კედლის უკან რომ "ბელუქსის" ძროხასავით გაწვებიან, განზრახვა აქვთ, რომ მესიმ დაბალი დარტყმით არ გაიტანოს, თან კარისკენ სახით არიან და ერთობ საინტერესო რაკურსი აქვთ გოლის სანახავად.
გუშინაც, იმ საწყალმა ისეთი რაკურსით ნახა გოლი, რომელსაც ვერცერთი ოპერატორი ვერ დაიჭერდა. ესღა დარჩა გასამხნევებლად, თორე გულიც გაუსკდებოდა, მთელი სხეული გაწირა და მესიმ მაინც გაიტანა, თან დაბალი დარტყმით.
სუპერ თასი
მომდევნო მატჩი უკვე ნახევარფინალია, შემდეგი მატჩი ფლეიოფია "სოსიედადთან", ერთგვარი რეპეტიცია პსჟ-თან თამაშამდე და ძალიან კარგი შანსი, რომ სეზონის პირველი ტიტული მოვიგოთ. მეორე ნახევარფინალში "რეალი" და "ბილბაო" ითამაშებენ.
წინა წელს "კლასიკო" არ შედგა. ვნახოთ ამჯერად რა იქნება.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]