რამ შექმნა და რამ დაღუპა რომარიო

რამ შექმნა და რამ დაღუპა რომარიო

 რომარიოზე ბევრი დაგვიწერია, რამდენიც არ უნდა ვწეროთ ბოლომდე მაინც ვერ ამოვწურავთ, სულ რაღაც ორი კარგი სეზონი გვაჩუქა და მაინც ვერ დაუსვამ წერტილს. იხსენებ და იკარგები.  ევროპიდან გაქრა და ბრაზილიაში ეზოს ფეხბურთის თამაში დაიწყო.

განიავებულ ნიჭზე ცუდი სანახავი ამქვეყნად არაფერია, ალბათ ვამეტებ განიავებულს, რომ ვუწოდებ, რადგან მსოფლიო ჩემპიონზეა საუბარი, მაგრამ ფეხბურთს ისეთი რამ მოაკლდა, რისი ანაზღაურებაც შეუძლებელია.

ასე ვერავინ თამაშობდა.

ნაკრებს შევეხები, რადგან მისი კატალონური კარიერა უკვე ზეპირად ვიცით. „ატლეტიკოსთან“, „რეალთან“, „მანჩესტერთან“ გატანილ გოლებს ყოველ თვე ვიხსენებთ.

წესით ბრაზილიის მეორე ოქროს თაობის მთავარი ვარსკვლავი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვერ მოხდა ასე, მხოლოდ ერთ მუნდიალზე გაიბრწყინა. ასეთი რანგის ფეხბურთელისთვის ძალიან ცოტაა.

დიდი იმედებით ხვდებოდნენ 90 წლის მსოფლიო ჩემპიონატს, რომარიო უკვე ვარსკვლავი იყო, ჰოლანდიაში ბრწყინავდა და ისეთი გოლები გაჰქონდა, რომელთა მსგავსიც ჰოლანდიელებს არ უნახავთ, არადა ჰოლანდიელებს ძალიან ბევრი აქვთ ნანახი.

ყველაფერი ტრავმამ გააფუჭა. მუნდიალამდე სამი თვით ადრე დაშავდა და მთელი ბრაზილია ლოცულობდა, რომ გამოჯანმრთელება მოესწრო, საბოლოოდ განაცხადში მოხვდა და მხოლოდ რამდენიმე წუთის ჩატარება მოახერხა, ძირითადად სკამზე იჯდა. ფლეიოფში არგენტინას გადაეყარნენ და ასევე ტრავმით გაწამებულმა დიეგომ იმ ცნობილი დრიბლინგით ყველაფერი დაამთავრა.

90-ში და 94-შიც მუნდიალზე სამი ვარსკვლავი სხვებთან შედარებით ბევრად გამოირჩეოდნენ, სამთავიანი კერბერუსივით ხრავდნენ ბებერ კონტინენტს, მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო ლოთარ მათეუსი გახდა.

რომარიო, ბაჯო და ბებერი მარადონა.

90-ში რომარიოსგან განსხვავებით ბაჯომ გაიბრწყინა და ნახევარფინალამდე მივიდა, სადაც მარადონას გადაეყარა. ნეაპოლს ერთი ღმერთი ჰყავდა და მისი სახელი მარადონა იყო.

ამაზე აპოლონისა და დიომედესის შეხვედრა მახსენდება. მას მერე რაც კაცთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი, ჭკუიდან შეშლილი დიომედესი ომის ღმერთს გაეკიდება და დაჭრის, მასთან ოლიმპოდან მიზანსაუცდენელი აპოლონი დაეშვება, დიომედესი აქაც გაიქაჩება და აპოლონი ჩვენს ენაზე რომ გადმოვთარგმნოთ, ასეთი სიტყვებით დააწყნარებს - შენ მე სხვა ღმერთებში არ შეგეშალოო.

ასე იყო 90-შიც, აწყვეტილმა ბაჯომ ნახევარფინალამდე იარა, მაგრამ მათ წინ მარადონა აღიმართა.

94 წელს ამერიკაში გამგზავრების წინ რომარიოს მამა გაიტაცეს და გამოსასყიდ თანხას ყოველდღე ზრდიდნენ, რომარიო დაიმუქრა - „მამაჩემს რამე, რომ დაემართოს, მუნდიალზე არ წავალო“!

გატაცებული მაშინვე დააბრუნეს.

94-ში სამივე სუპერვარსკვლავი მზად იყო, სამივე საუკეთესო ფორმაში, 34 წლის მარადონაზე, რომ დაწერ საუკეთესო ფორმაში იყოო ცოტა საეჭვოდ კი ჟღერს, მაგრამ ნამდვილად ასე იყო, ბევრად კარგად გამოიყურებოდა, ვიდრე ოთხი წლით ადრე, არც ტრავმა აწუხებდა, ორგანიზმიც სუფთა იყო (ეფედრინს თუ არ ჩავთლით) და წესით მაგარი ომი უნდა გვენახა, მაგრამ დიეგო აველანჟმა წაგვართვა.

ბრაზილია ძალიან პრაგმატულად მივიდა ბოლო წერტილამდე, მეტწილად რომარიოს დამსახურებით, იტალია კი ბაჯომ მიათრია ფინალამდე და მერე ის ამბავი დაემართა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ დაივიწყებს.

ასე იზეიმა რომარიომ ერთადერთი მუნდიალი და სწორედ აქიდან იწყება გაუთავებელი კარნავალი, ქალები, სასმელი, ყველაფერი ის, რის გარეშეც ბრაზილიელებს არ შეუძლიათ. გამოფიზლებას მხოლოდ მაშინ ახერხებენ, როცა მომდევნო მუნდიალის დრო მოდის, რომარიოს კი შეაგვიანდა. სანამ გამოფხიზლდებოდა უკვე განაცხადს მიღმა იყო. არადა ერთი წლით ადრე, კონფედერაციის თასზე, რომელსაც მუნდიალის რეპეტიციას უწოდებენ, ისეთი დუეტი შექმნა რონალდოსთან, რომ მათი შეჩერება ყოვლად წარმოუდგენელი უნდა ყოფილიყო, მძვინვარე რო-რო!

დატოვეს. ატირეს.

პირველ რიგში მისი ხასიათის გამო. ეჭვობდნენ, რომ სიტუაციას არევდა, ნაკრები ორ ბანაკად იყო დაყოფილი, ლეგიონერებად და ადგილობრივებად, რა თქმა უნდა, სჯობდა, რომ ნაკრებს ლეგიონერები გაძღოლოდნენ, რადგან მათ შორის იყვნენ რივალდო, რონალდო, კარლოსი, კაფუ და სხვა ვარსკვლავები, რომარიო კი ყველაფერს შეცვლიდა, რადგან ლიდერი სწორედ ის იყო.

საბოლოოდ, როგორც იმ თაობისგან ვიცით, ფინალის წინ, დუღილმა პიკს მიაღწია და პირდაპირ გასახდელში იჩხუბეს, ეპილეფსიური შეტევისგან თავდახსნილი რონალდოს დაბრუნება ვერ აიტანეს, ალბათ სწორადაც ვერ აიტანეს, რადგან ასეთი შეტევის მერე, საერთოდ აღარ ჰქონდა მნიშვნელობა იქნებოდა თუ არა მოედანზე.

რას იზამს გუნდი, რომელიც ფინალის წინ გასახდელში იჩხუბებს? განადგურდება. ეს მატჩი ჯერ კიდევ მაშინ წააგეს, სანამ მოედანზე გავიდოდნენ.

რომარიოს ცოდვამ გიწიათ! - რაღაც მსგავსი წამოაძახეს ზაგალოს. რომ მოეგო არავის გაახსენდებოდა, მაგრამ წააგო და რისხვაც დაატყდა. ასეა საქმე, როცა ბრაზილიას წვრთნი, მოულოდნელი ეპილეფსიაც უნდა გაითვალისწინო.

რომარიოს ერთი პატარა კაფე ჰქონდა, (ალბათ ისევ აქვს), იქ ყველა იმ სპორტსმენისა და მწვრთნელის სურათია გამოკრული, რომელსაც პატივს სცემდა, იოჰან კრუიფის, ხრისტო სტოიჩკოვის, ბებეტოს და ა.შ, ალბათ გაგიკვირდებათ და ამ კაფეში ზაგალოს სურათიც მოიძებნება, ოღონდ ტუალეტის კარის ქვედა ნაწილში.

2002 წელსაც ელოდა გამოძახებას, მაგრამ არც ამჯერად გამოვიდა რამე. აღარც დიდი პროტესტი მოჰყოლია, რადგან ვეღარ გაუწევდა კონკურენციას ვერც რივალდო-რონალდოს დუეტს და ვერც ახალგაზრდა რონალდინიოს. სკამზე კი ჯობია ის გყავდეს ვინც მშვიდად და წყნარად დაელოდება თავის დროს და არა რომარიო, რომელიც მუდმივ წნეხში გამყოფებს.

ხასიათმა ათამაშა დიდი ფეხბურთი და ხასიათმა დაღუპა.

ერთი მეორეს გარეშე წარმოუდგენელია. რომ არა მისი დაუოკებელი სწრაფვა და ტკბობა ასეთი ცხოვრების მიმართ, ვერც მოედანზე იქნებოდა ისეთი, როგორიც იყო.

აბა ვის გაუგია რომარიო სავარჯიშო დარბაზიდან არ გამოსულიყოს, ათლეტურობაზე ეზრუნა და გატანილი გოლის მერე იდეალური სხეულის დემონსტრირება მოეხდინა, მისთვის ალბათ ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი, რომარიოსთვის ეს ალბათ ფეხბურთიც არ არის, რაღაც სხვა სპორტია.

2002 წლის ნახევარფინალში რონალდომ თურქებს გადამწყვეტი გოლი გაუტანა. თამაშის მერე პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ბურთის მიღებისთანავე გადაწყვიტა რომარიოს სტილში დაერტყა და მართლაც, გაჭრილი ვაშლივით ჰგავს შვედეთთან რომარიოს გატანილ გოლს,  დრიბლინგი მოკლე მონაკვეთში და მოქნეული ჭვინტი! ბუცის წვერი, რომარიოს საყვარელი იარაღი!

ორივე ნახევარფინალი იყო, ორივე იდენტური ანგარიშით დასრულდა და გოლებიც მსგავსი გამოვიდა. როცა 94-ში რომარიომ ეს გოლი გაიტანა, ჩვიდმეტი წლის რონალდო სკამზე იჯდა და სწავლობდა.

მეორე ოქროს თაობის ყველაზე დიდი მასწავლებელი იყო, მაგრამ იმ თაობის მთავარი სახე მაინც რონალდო გახდა და არა რომარიო. ევროპის დატოვებამ ასე იცის.

არავის აინტერესებს ბრაზილიაში რამდენჯერ ახოხიალებ მეკარეს გოლის გატანამდე.

მერე მიზნად დაისახა პელეზე მეტს გავიტანო. ბანალური მიზანია, იმაში გაიქაჩა რაც ყველაზე ნაკლებად იყო მისი საქმე, რიცხვები და ანგარიში.

ვუყურებდი დიეგოს და ყოველთვის ჩანდა, რომ ბევრ რამეს ნანობდა.

შეხედავ რონალდოს და ნახავ, რომ მუდმივ სინანულშია, ყოველთვის აღნიშნავს, რომ მეტი უნდა ემუშავა საკუთარ თავზე.

შეხედავ რონალდინიოს და თვალები სულ ცრემლიანი აქვს, ისე დაკარგა ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ გონზე მოსვლა ვერ მოასწრო.

აი, რომარიო საერთოდ არ ნანობს. არაფერს. რაც გაფუჭდა სხვისი ბრალია, ყველაფერი ზაგალოს ბრალია, ზიკოს ბრალია, სკოლარის ბრალია, ნუნიესის ბრალია!

სხვისი ბრალია.

ალბათ გახსოვთ სკორსეზეს „მძვინვარე ხარი“, სადაც ბობ დე ნირო, (ჯეიკ ლა მოტას როლის შემსრულებელი), მარლონ ბრანდოს სიტყვებს იმეორებს ფილმიდან - „On The Waterfront”. დაბოღმილი, განრისხებული, თავის საშინელ ხასიათთან მარტოდ დარჩენილი, ყველაფერს ძმას აბრალებს.

სპორტსმენის რთული ხასიათის ასეთი იდეალური ილუსტრაცია კინოში არ შემხვედრია და მიუხედავად იმის, რომ ლა მოტა მოკრივე იყო, რომარიო კი ფეხბურთელი, ხასიათის თვალსაზრისით უამრავი რამ აღმოაჩნდათ საერთო.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #10 31 იანვარი 2021 01:02
    0
    datio,
    ეხ მეგობარო, მეც თვალწინ მიდგას 94 წლის მუნდიალი და რომარიოს თამაში. ზუსტად მაშინ გავხდი ბრაზილიის ფანი. რომარიოზე მაბოდებდა...
    ზაგალომ დიდი შეცდომა დაუშვა...ცუდია რომ აღარაფრის შეცვლა არ შეიძლება...
    Culé [?]
    #9 31 იანვარი 2021 00:27
    1
    რომარიოს თამაში 1994 წელს ვნახე, რუსეთთან თამაშში: ერთი თამაშით შემაყვარა ფეხბურთიც, ბრაზილიის ნაკრებიც და ბარსელონაც.
    ბევრი ფეხბურთელი იყო ვინც ტავს დააკლო და ვერ ითამაშა ის რაც უნდა ეთამაშა. მაგრამ არასდროს ისე არავის უთამაშებლობა არ დამნანებია, როგორც რომარიოსი. ტიპი იყო ჯადოქარი. 1998 წელს უდიდესი სიბრიყვე ჩაიდინა ზაგალომ!
    Culé [?]
    #8 30 იანვარი 2021 23:50
    0
    Shen gaixare dzmao magari statiistvis.
    Romario umagresi iyo
    ბასქუ10
    სტუმარი [?]
    #7 30 იანვარი 2021 19:32
    0
    ბრავო!ძალიან მაგარი სტატიაა👏
    Anssumane
    სტუმარი [?]
    #6 30 იანვარი 2021 18:48
    0
    მეგობრებო გთხოვთ დამეხმაროთ გადადით ლინკზე და ხმა მიეცით სოფელ აჭყვისთავს ეს თქვენთვის არაფერს ნიშნავს მაგრამ ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ორი წამის საქმეა გთხოვთ დამეხმარეთ გადადით ლინკზე და ხმა მიეცით სოფელ აჭყვისთავს https://www.poll-maker.com/poll3385297x591E4088-103?fbclid=IwAR062GsXi1Pk9psY6MHJd6p0JUNS_xxUOwHDjWK0K2KKcSkJuCF2Wbc6U8I
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 30 იანვარი 2021 18:19
    0
    რამდენი ბრაზილიელი და ზოგადად სამხრეთამერიკელი ვარსკვლავი გვყავდა და მხოლოდ ერთეულებმა მოახერხეს იმედების გამართლება😞 ყოველთვის საკუთარი ხასიათის გამო იფუჭებდნენ კარიერას. ფეოლა როგორც ყოველთვის საუკეთესო ხარ❤️

    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    Culé [?]
    #4 30 იანვარი 2021 18:01
    0
    ვაუ შესანიშნავი სტატიაა💜❤💜 საჯარიმოს ლომი იყო!!
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 30 იანვარი 2021 17:49
    0
    მადლობა ავტორს, ძალიან საინტერესო იყო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 30 იანვარი 2021 17:21
    0
    Uდიდესი!!!!!!!კიჭაზე ბევრად ნიჭიერი საჯარიმოში,,,საჯარიმოს მეფე!
    Konrad de la Fuente
    სტუმარი [?]
    #1 30 იანვარი 2021 17:01
    1
    ✍️მესის უცნობი ისტორია - არჩევანი იტალიის, ესპანეთისა და არგენტინის ნაკრებებს შორის👀

    ლიონელ ანდრეს მესი კუჩიტინი - შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, მაგრამ „ლა პულგას“ (რწყილი) იტალიელი წინაპრები ჰყავდა.

    მესის დიდი ბაბუა 1983 წელს იტალიის ქალაქ რეჩანატიდან საცხოვრებლად როსარიოში გადავიდა და პატარა ლეოს მარტივად შეეძლო, რომ მასაც იტალიური პასპორტი ჰქონოდა.

    ოფიციალურად არ არსებობს იმის დამადასტურებელი ფაქტი, ან საბუთი, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაცია მესის დარწმუნებას ცდილობდა.

    საფეხბურთო წრეებში ბევრი საუბრობს, რომ იტალია და ესპანეთი ლეოს ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ, თუმცა მესის „სკუადრა აძურას“ ვარიანტი არასდროს განუხილავს.

    თუ, იტალიელთა შემთხვევაში ოფიციალური წინადადება და მცდელობა არ ყოფილა, ესპანელთა შემთხვევაში ნამდვილი ორთაბრძოლა გაჩაღდა.

    არგენტინა - ქვეყანა, სადაც მესი დაიბადა და ესპანეთი, სადაც ის გაიზარდა და ფეხბურთელად ჩამოყალიბდა და სადაც მისი დიდი ბაბუა ცხოვრობდა. ეს იყო ბალაგერი, ქალაქი კატალონიაში.

    არგენტინაში მესის აღმოჩენის შემდეგ „ბარსას“ სპორტული დირექტორი კარლეს რეშაკი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციასთან მოსალაპარაკებლად წავიდა, რათა ლეო „ფურია როხაში“ გამოეძახებინათ.

    ლეოს სურვილი ყოველთვის ნათელი იყო - მას არგენტინის მაისურით თამაში სურდა. ამ ფაქტმა ფეხბურთის ფედერაცია აიძულა, რომ 2004 წელს 16 წლის მესი 20 წლამდელთა ნაკრებში პარაგვაისთან და ურუგვაისთან ამხანაგურ შეხვედრებისთვის გამოეძახებინათ.

    ხსენებულ ორ შეხვედრაში მესიმ 3 ბურთის გატანა შეძლო და ის მალევე დააწინაურეს. შემდეგი საფეხური 23 წლამდელთა ნაკრები იყო.

    ლეომ თავის წიგნში „მესი, პატრიოტი“, შემდეგი რამ დაწერა:

    🗣„მე, არაოფიციალურად მკითხეს მინდოდა, თუ არა მეთამაშა ესპანეთის ნაკრებში, მაგრამ ჩემი არჩევანი ყოველთვის არგენტინა იყო. მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და ბავშვობიდანვე მსურდა, რომ მხოლოდ ამ ფერის მაისური მეტარებინა.

    მუდამ არგენტინის ნაკრების თავგადაკლული გულშემატკივარი ვიყავი. ნაკრების თამაშებს ყოველთვის ტელევიზორში ვუყურებდი, რადგან არ შემეძლო, რომ სტადიონზე მივსულიყავი და ქომაგის როლი მომერგო“.

    მესის მარტივად შეეძლო, რომ ესპანეთის ნაკრებში ასპარეზობა აერჩია და მას დღეს, საკლუბოზე არანაკლებ ტიტულოვანი სანაკრებო კარიერა ექნებოდა, თუმცა „რწყილს“ თავისი ქვეყანა ყოველთვის უყვარდა და მუდამ ოცნებობდა, რომ „ალბისელსესტესთან“ ერთად მუნდიალი მოეგო...