მატჩისშემდგომი მიმოხილვა: კუმანი გააწითლეს
რა ქენი გუდუნა ეს?!
რონალდ კუმანმა გუდუნას შემდეგ ყველაზე არასწორი რამ ჩაიდინა - დაწინაურების შანსი „გრანადას“ გაატანა.
პირველ ადგილზე გადასვლა შეგვეძლო და ვერ გადავედით, ერთი ფრის უფლება გვარგუნა განგებამ და ეგეც ვერ შევირგეთ, წავაგეთ!
წაგებით კი ორი მადრიდული გუნდის შედეგზე ვართ დამოკიდებული, მაგრამ ყველაზე ცუდი და თავშიშემოსარტყმელი ამბავი ის არის, რომ თუ ძაან მოვინდომებთ და „ატლეტიკოს“ დავამარცხებთ, ამით „რეალს“ მივცემთ გაჩემპიონების შანსს.
აი, ეს ჩაიდინა „ბარსამ“ ''გრანადასთან''!
წინა მიმოხილვისას "იუვესთან" შეხვედრა გავიხსენეთ, სადაც ერთი დავალება გვქონდა, არაფრით სამი ბურთით არ უნდა წაგვეგო, ჰოდა, სამი ბურთით წავაგეთ, ახლაც მსგავსი ამბავი იყო, პირველზე გადასასვლელად აუცილებლად მოსაგები გვქონდა, მაგრამ თუ რამე გაუთვალისწინებელი მოხდებოდა, როგორც მინიმუმ ფრე მაინც უნდა გვეთამაშა, სახლში! "გრანადასთან"! წავაგეთ.
როცა პასუხისმგებლობა და წნეხი იზრდება, კუმანი ზეწოლას ვერ უძლებს.
Pu*a Madre! - ამოსძახა ჰოლანდიელმა ბულდოგმა პირველი გაშვებული გოლის შემდეგ და ბევრი ჩვენთაგანის სათქმელიც ითქვა, რა თქმა უნდა, ამის გამო არავის გაუძევებია, დამხმარე მსაჯს მიაძახა ტკბილი სიტყვები, არ ვიცი რის გამო, მინგესას ჯავრი მასზე იყარა და აუფრიალეს წითელი ბარათი.
კუმანი გაწითლდა! ყველანაირი გაგებით.
მთავარი შეცდომა იყო ის, რომ მშვიდად მოგება გადაწყვიტა, აქ მაინც და მაინც იმას არ ვგულისხმობ, რომ პედრი, დესტი და ლანგლე დაასვენა, პედრი აუცილებლად დასასვენებელი იყო, ხოლო დესტსა და სერჟი რობერტოს შორის, ან ლანგლესა და უმტიტის შორის, ნამდვილად არ არის იმხელა სხვაობა, რომ „გრანადასთან“ პრობლემები შეგვქმნოდა, მაგრამ შეგვექმნა, რადგან მთელი გუნდი ასეთი განწყობით გავიდა მოედანზე, სეირნობით გადავწყვიტეთ სამი ქულის აღება, ამ განწყობის დამაჯერებლობაში გადასვლას ხელი შეუწყო იმან, რომ მეტოქე მთელი გუნდით უკან ჩაჯდა, მესის გატანილი გოლის შემდეგაც კი, ასეთ დროს აუცილებლად შეგაწუხებს ფიქრი, რომ ყველაფერი რიგზეა, სამი ქულა ჯიბეშია!
განწყობა და შემართება მწვრთნელის საქმეა, ერთი წუთით მოდუნების საშუალება არ უნდა მოგცეს, მაგრამ ვნახეთ, რომ მთელი გუნდი მოდუნებული იყო, „ბარსა“ ამ სეზონში არ არის გუნდი, რომელიც ძალების დაზოგვით მოიგებს თამაშს, თუნდაც „გრანადასთან“, „ბარსა“ ამ სეზონში არის გუნდი, რომელიც ყველა ქულას ბრძოლაში იღებს, რადგან ბევრი გამოუცდელი და ბევრი ასკოვანი გადაღლილი ფეხბურთელი ჰყავს, აი, აქ დაუშვა კუმანმა მთავარი და გადამწყვეტი შეცდომა.
ყველა მოგებული თამაშის მერე მის დარჩენაზე იწერება, ყველა წაგებულის მერე წასვლაზე, უსამართლო დამოკიდებულებაა, მაგრამ რაც არის, ეგ არის, გულის სიღრმეში ყველა ჩავის დაბრუნებას ელოდება, ვიღაც გამოუტყდა ამაში საკუთარ თავს, ვიღაც არა, მაგრამ უმრავლესობას ასეთი განწყობა აქვს და ლაპორტას სიმპატიებიც ცნობილია, თუმცა, მოცდა მოგვიწევს, რაღაც არ მგონია, რომ მადრიდელებმა ქულები აღარ დაკარგონ, ისეთი ჩემპიონატია, რომ უნდა დაკარგონ, ჰოდა, იქნებ ისევ მოგვეცეს შანსი, მაგრამ ვიმსახურებთ კი?! თუ ვიმსახურებთ, მხოლოდ იმიტომ, რომ კონკურენტებიც ბევრს სცოდავენ, თუმცა, მათ „ბარსა“ დაამარცხეს, „ბარსას“ კი მადრიდელები არ დაუმარცხებია, „ატლეტიკოსთან“ ამის გამოსწორების შანსი გვექნება.
ფატალური შეცდომა
შეცდა მინგესა და ისეთი გოლი გავუშვით, არაფერში, რომ არ ეწერა, არც სათამაშო სცენარში, არც თამაშის მიმდინარეობაში, უბრალოდ, რაღაც მოიგონა და დავისაჯეთ, ეს არ იყო ამ თამაშში პირველი შემთხვევა, როცა ტექნიკური წუნი ჰქონდა და ბურთი დაკარგა, სამჯერ შეცდა ასე, უბრალოდ იმ შეცდომებს გოლი არ მოჰყოლია, ცენტრალური მცველისთვის სამი ტექნიკური წუნი დამღუპველია, ცენტრალური მცველი ბოლო კაცია, რომელიც არაფრის დიდებით არ უნდა ცდებოდეს, მინგესა კი შეცდა.
იმედია, ამ შეცდომასაც გამოცდილებისთვის და განვითარებისთვის გამოიყენებს, ოღონდ დეპრესიაში ნუ ჩავარდება და ფსიქოლოგიურად ნუ გატყდება, კუმანის ღრიალი ნამდვილად არ მოაკლდება.
ტრადიციული სურათი გვქონდა უმტიტისთან მიმართებაშიც, დასწრებაზე კარგი იყო, პოზიციურად კატასტროფა, იმდენჯერ დატოვა თავისი ზონა და იმხელა სივრცეებს ტოვებდა, რომ ხიფათი მხოლოდ მის ზონაში იქმნებოდა, მაგრამ სოლდადო ცალკე უბედურება სჭირს ესპანურ ფეხბურთს, ამიტომ სანამ ლანგრით არ მივართვით ბურთი, მანამდე ვერ გაგვიტანეს.
იმდენი ხანია პირველ ადგილზე არ ვყოფილვართ.. თითქოს, გადავეჩვიეთ.
გოლი კარგი იყო, ნამდვილად ძალიან კარგი იყო, მაგრამ ვის ახსოვს ახლა გოლი?! ახლა ცხრილია მოდაში, ყოველი ტურის მერე, ყველა გულშემატკივრის თვალები სატურნირო ცხრილს აირეკლავს და იქ დაფიქსირებული შედეგის მიხედვით, ან გაბრწყინდება, ან დანაღვლიანდება.
გაისროლა გუდუნამ და „ბარსელონას“ გაარტყა.
წინ გველის „მესტალია“ და მერე „ატლეტიკოს“ მივიღებთ შურისძიება მოწყურებული სუარესიანად, „რეალი“ კი „სევილიას“ უმასპინძლებს, ეს კარგი ამბავია, მაგრამ ცუდი ის არის, რომ „სევილია“ თავად იბრძვის ჩემპიონობისთვის, ამიტომ, ისე შეიძლება პირველ ადგილზე აღმოჩნდეს, რომ ვერავინ ვერაფერს გაიგებს.
ასე რომ, ოთხი ლიდერიდან ორი წყვილი ერთმანეთს შეხვდება, ყველაფერს, სწორედ ეს თამაშები გადაწყვეტს.
კუმანის წასვლა არ წასვლაზე კი ჯობია მსჯელობა შევწყვიტოთ, ახლა მაინც არაფერი შეიცვლება, ვაცადოთ ხუთი ტური და მერე ვნახოთ, დაემთხვევა თუ არა ჩვენი აზრები ლაპორტას აზრებს.
შემდეგი გაჩერება - „მესტალია“.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]