ბარსა, ჩავი და ობამეიანგი - იმუშავებს თუ ვერა?
The Athletic-მა ობამეიანგის "ბარსაში" ტრანსფერს სტატია მიუძღვნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
ჩავი იდეალისტი იყო.
ორი წლის წინ დოჰაში კომფორტულად მოკალათებულმა გამოთქვა მოსაზრება იმის შესახებ თუ რომელი ფორვარდი მოერგებოდა „ბარსას“. უფრო სწორად, ახსენა ფორვარდი, რომელიც ვერ მოერგებოდა, კერძოდ, - პიერ-ემერიკ ობამეიანგი.
„ობამეიანგი მოგკლავთ გაშლილ სივრცეში, მაგრამ „ბარსას“ სჭირდება ფეხბურთელები, რომლებიც მოკლე სივრცეში გადაადგილდებიან და ფლობენ ბურთს. ამ კუთხით ეტო’ო იდეალური იყო, ისევე როგორც სუარესი“, - ამბობდა ჩავი.
აბა.. ასეთი ამბავი ყოფილა.
მენეჯერად გახდომა საინტერესო პროცესია, ყველაფერი იდეალებით იწყება, ალაგებ კუბიკებს ბაღის ბავშვივით, აწყობ კოშკებს, მერე კი ლეპტოპის ერთი მოქნევით ყველაფერს ანადგურებ. ამჟამინდელი „ბარსა“ არ არის გუნდი, რომელზეც ჩავი საუბრობდა, მით უმეტეს, არ არის გუნდი, რომელიც მას წარმოუდგენია, ეს „ბარსა“ ვალებშია ჩაფლული, მეოთხე ადგილს ეპოტინება და გულზე ჯერ კიდევ გადახსნილი აქვს ჭრილობა, რომელიც ლიონელ მესის წასვლის შემდეგ დარჩა.
მთავარი პრობლემა, რა თქმა უნდა, გოლებია. „ბარსას“ ძალიან ცოტა გააქვს, თუ თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან გატანილ გოლებსაც გავაუქმებთ კატასტროფულ მაჩვენებელს მივიღებთ, საუკეთესო ფორვარდობისთვის ლუკ დე იონგი იბრძვის, დეპაი კუმანის წასვლის შემდეგ გონზე ვერ მოსულა და ახალ იმედს ბრეითუეიტი წარმოადგენს. „ბარსას“ მეგოლეები სჭირდებოდა და შემდგარი ტრანსფერებიდან ყველაზე გამტანი თავდამსხმელი გაბონელი ფორვარდია.
ობამეიანგს ყოველთვის ბევრი გოლი გაჰქონდა, "დორტმუნდშიც" და "არსენალშიც", ლონდონში სადებიუტო სეზონი მართლაც ძალიან მაგარი გამოუვიდა, მაგრამ, როგორც კი კონტრაქტი გაახანგრძლივა თამაშს მოუკლო და კონფლიქტებიც დაიწყო. საკითხავია, შეძლებს თუ ვერა ისევ ისეთი შედეგიანი იყოს? იქნება თუ არა ღია სივრცეში ისეთი საშიში, როგორც ადრე? მის ასაკზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება, გაბონელი 32 წლის არის, მის მთავარ უპირატესობად სისწრაფე მიიჩნეოდა, მაგრამ, ასეთ ასაკში ფეხბურთელები სისწრაფეს კარგავენ.
პირველ ფოტოზე ხედავთ მანჩესტერთან დაპირისპირების ფრაგმენტს, სადაც პასი განაპირა მცველის გასწვრივ კეთდება, ობამეიანგი კი მის ზურგს უკან სივრცეში გარბის, ამ ფრაგმენტის მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ობა ჯერ კიდევ სწრაფია, ღია სივრცეში ჯერ კიდევ ძალიან სახიფათო.
მანჩესტერთან აითვისა მარჯვენა ფლანგის ღია სივრცე, თუმცა, მთელი სეზონების განმავლობაში ცენტრალურ და მარცხენა ზონაში მოაქმედებს, რაღაცით ტიერი ანრის წააგავს, ობაც მაღალია, სწრაფია, გრძელი ნაბიჯი აქვს, როგორც „ტიტის“ და მარცხენა ფლანგი უყვარს. სწორედ ამას ხედავთ ფოტოზე. საფრთხეს, როგორც წესი, მარცხენა ფლანგიდან ქმნის.
არტეტა ამას გაუმკლავდა, სმიტროუსა და ობამეიანგს შორის ბალანსი შედგა, აი, „ბარსაში“ ეს რთული იქნება, რადგან, როგორც ანსუ ფატის, ისე, მემფის დეპაის, სწორედ ამ სივრცის ათვისება უყვართ, ცეტრალური და მარცხენა ზონა. თუმცა, ფატისა და დეპაის ჯანმრთელობის მდგომარეობას თუ გავითვალისწინებთ, პრობლემა წესით არ უნდა შეიქმნას.
მეორე მხრივ, არსენალში ყოფნის დროს, ობამეიანგი ხშირად იწევდა სიღრმეში, ბურთის კონტროლისა და ამოტანის გაუმჯობესებისათვის, „ბარსაში“, ამის საჭიროება არ დგას, ჯობია უკანასკნელ მცველთან აიწიოს, სივრცე გაიშალოს და ბუსკეტსს, გავისა, პედრისა და დე იონგს, მეტი ადგილი დარჩეთ თამაშის გასაკონტროლებლად.
ფოტოზე ხედავთ ობამეიანგის დარტყმების მაჩვენებლს, ურტყამს თითქმის ყველა პოზიციიდან, თუმცა, მიმდინარე სეზონში გატანილი ოთხი გოლიდან, ოთხივე საჯარიმოდან შეაგდო.
პრემიერ ლიგაში ოთხი გოლი შეაგდო, ყველა ტურნირზე კი რვა გოლი მოუგროვდა. მართალია მარცხენა ფლანგიდან უფრო ეფექტური იყო საწყის სეზონებში, მაგრამ, მიმდინარე სეზონში გამოავლინა, რომ საჯარიმოს ფორვარდადაც შეუძლია სარგებლის მომტანი იყოს. ალღო აღმოაჩნდა, ზუსტად ისეთი, როგორიც ამ ფოტოზეა ასახული, საკამ დაარტყა, მეკარე ჩაერთო და ობა ადგილზეა.
ობამეიანგს შეტევის გაგრძელება მარცხენა ნახევარსფეროში უყვარს, არა მხოლოდ აჩქარებით, ან დრიბლინგით, არამედ პასებითაც. მიმდინარე სეზონის მონაცემებშიც კარგად ჩანს, რომ ობა ხშირად ირჩევს შეტევის განსავითარებლად მარცხენა ნახევარსფეროს.
ახალგაზრდა ალბას პირობებში მარცხენა ფლანგი მარტივი წარმოსადგენი იქნებოდა, მაგრამ ჩავის ხელში, ალბა იშვიათად ერთვება შეტევებში, მარტივი მიზეზის გამო, ვერც უკან ჩასვლას ვეღარ ასწრებს და აღარც ძალა ჰყოფნის იმისათვის, რომ მთელი მატჩი წინ და უკან ირბინოს. ამიტომ, ობამეიანგს, შესაძლოა თავად მოუწიოს ბურთის წაღება.
საჯარიმოშიც მოუწევს მაღალ ბურთებზე ბრძოლა, მესის წასვლის შემდეგ, „ბარსას“ ჩაწოდებების მაჩვენებელი ძალიან გაზრდილია. როგორც ფოტოზე ხედავთ.
ერთია იდეალისტური „ბარსა“, რომლის ხილვაც ჩავის სურს და მეორეა გუნდი, რომელიც ყველა მეთოდით ცდილობს მეოთხე ადგილის დაკავებას, რათა ფინანსური და სპორტული მდგომარეობა გაიუმჯობესოს. ზამთრის სატრანსფერო პერიოდში „ბარსამ“ ალვესი, ტორესი, ტრაორე და ობამეიანგი შეიძინა, ჯერ რთული წარმოსადგენია ეს ფეხბურთელები, როგორ დააბალანსებენ თამაშს მოედანზე, მანამდე კი შეგვიძლია ვარაუდებს მივყვეთ, მაგალითად, აი, ასეთს:
ტრაორე დალეწავს ყველაფერს, წამოიღებს ბურთს დაცვიდან შეტევაში და ჩააწოდებს დე იონგზე. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა, ისე კი, ჩავის ბევრი მუშაობა მოუწევს, ფაქტობრივად ბაბილონის გოდოლი აქვს გუნდში, ყველა სხვადასხვა საფეხბურთო კულტურის შვილია. (წერს სტატიის ავტორი, ჯონ მიულერი, და ავიწყდება, რომ ალვესი და ადამა ძველი „ბარსელონელები“ არიან, ფერანი კი ასევე „ბარსელონელებთან“, ლუის ენრიკესთან და გვარდიოლასთან მუშაობდა, ჰოდა, რაღაცას ამეტებს ეს კაი კაცი. ავტ.)
შეცვალეთ დე იონგის ფოტო ობამეიანგის ფოტოთი და არც თუ ისე ცუდი სურათი დაიხატება. იდეალურია? არა, მაგრამ რაღაცას ჰგავს. თან, ერთმა ბრძენმა კაცმა თქვა, ობამეიანგი ღია სივრცეში აუცილებლად მოგკლავსო.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.

კომენტარები [ 11 ]