მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ზედიზედ მესამე
მატჩი დასრულდა, "რაიოს" ფეხბურთელები მოედანზე შეცვივდნენ საზეიმოდ, ყველა ესპანური გუნდისთვის დიდი პატივი და მიღწევაა "კამპ ნოუზე" მოგება, არათუ მეორე და მესამე რანგის კლუბებისთვის, არამედ, მადრიდელებისთვისაც. ასე მოხდა, ისტორია დაიწერა, "ბარსამ" ზედიზედ სამჯერ წააგო საკუთარ კედლებში. თუმცა, ეს კედლები საკუთარს დიდი ხანია აღარ ჰგავს, გაუცხოვება შეინიშნება კლუბსა და გულშემატკივარს შორის.
რაღაც უცნაური ხდება. ქალთა გუნდს უფრო აფასებენ და მხარს უჭერენ. გასაგებია, რომ უფრო ხშირად იგებენ, მაგრამ, მაინც უცნაური ამბავია, ისეთ კულტურულ კრახთან გვაქვს საქმე, რომელსაც აქიდან ვერაფერს გავუგებთ, ადრეც დაგვიწერია, რომ იმ ქალაქში ცხოვრება აუცილებელია იმისათვის, რომ მსგავს ამბებში გამოერკვიო.
ყველა კლუბს თანაბარი რაოდენობის მატჩი აქვს ჩატარებული, "ბარსამ" უპირატესობით ვერ ისარგებლა და ქულები ქარს გაატანა. "სევილია" და "ატლეტიკო" ძალიან ახლოს არიან. ერთი ფეხის დაცდენა და გადასწრება ერთი იქნება. მეორეზე გასვლა კი მნიშვნელოვანია. რთულია ფეხბურთელების მოტივირება ვერცხლის მედლისთვის, მაგრამ სხვაგვარად არ გამოვა, ახლა ასეთი დღის წესრიგია.
"აინტრახტთან" მატჩმა ყველაფერი გააფუჭა. თითქოს კავშირი გაწყდა, არა მხოლოდ ფანებთან, არამედ შიდა სამზარეულოშიც. ვერ არის ყველაფერი რიგზე. ამის გასაგებად დე იონგის ნახვაც საკმარისი იქნებოდა, ძალიან უკმაყოფილო და განაწყენებულია. პარალელურად, გადაწყდა, რომ ტენ ჰაგი "მანჩესტერში" დაინიშნება, დე იონგი კი მისი კარიერის გამორჩეული ვარსკვლავია, გულახდილად რომ დავსვათ კითხვა, - ბედნიერია თუ არა ფრენკი "ბარსელონაში?" რა პასუხს მივიღებთ? არ ვიცი, ბედნიერს ნამდვილად არ ჰგავს. როცა ამ კლუბში გადმოდიოდა სულ სხვა მოლოდინი ჰქონდა და მას მერე მწვრთნელების განუწყვეტელ ცვლაში უწევს თამაში.
საკმარისია დაუძახონ და გაქრება. ასე მგონია.
უცნაური გოლი გავუშვით, დიდი ხანია მსგავსი არაფერი მინახავს. დესტი მეტოქესთან მანძილს არ ამცირებს, არ ცდილობს მოტრიალების საშუალება არ მისცეს, არ ცდილობს ბურთზე დაფარებას და გოლი გადის. არ ვიცი ამას რა ჰქვია, მაგრამ დაცვის გარდა ყველაფერი შეგვიძლია ვუწოდოთ.
ამ მომენტის მერე საშუალო სკოლის დარაჯადაც არ აიყვანენ.
პირველი ტაიმის საოცარი პერფორმანსის შემდეგ, დესტი გავიდა და ლანგლე გამოვიდა. გსმენიათ რაიმე უფრო ტრაგიკული? დესტი გადის, ლანგლე შემოდის. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება.
ვინ იყო საუკეთესო ამ გაუგებრობაში? ალბათ მაინც გავი. თავის ფეხბურთი ითამაშა, ყველაზე სახიფათო მომენტიც მან შექმნა, მშვენივრად დაარტყა, ცოტათი არ გაუმართლა. რა თქმა უნდა, პენალტი იყო. ცალკე საოცრებაა, რომ ვარმა არც კი განიხილა, მთავარი მსაჯი მონიტორთან არც კი მიიხმო, თუმცა, შესაძლოა არც ჰქონდა აზრი, რადგან გამეორებაზე გამოჩნდა, რომ ყველაფერს ძალიან კარგად ხედავდა, უბრალოდ გადაწყვიტა, რომ უკნიდან დაჯახება და ამავე დროს ბიძგი ხელით წესის დარღვევა არ არის. რატომ განსაჯა ასე? არ ვიცი. ესპანელ მსაჯებს წარმოუდგენლად მაგარი თავდაცვის საშუალება აქვთ, მატჩის მერე უბრალოდ ყველა ამბობს, - "ესპანელი მსაჯები" და ყველაფერი გასაგებია, ამ სიტყვების მიღმა ყველანაირი სიგიჟე შეგიძლიათ მოიაზროთ, მაინც ვერ შეძლებთ ლოგიკას აცდეთ, "ესპანელ მსაჯებთან" მიმართებით, აბსოლუტურად ყველაფერი ლოგიკურია. გავისთვის, რომ წითელი ბარათი მიეცათ და მოედნიდან გასვლის წინ მსაჯს პანღური ამოერტა, ესეც ლოგიკური იქნებოდა. ამ ხალხისგან მე დიდი ხანია არაფერი მიკვირს და თქვენ თუ დღემდე რაიმე გიკვირთ, ესე იგი, ძალიან ახალგაზრდა ბრძანდებით.
ყველა გუნდს აქვს კრიზისი, ყველას აქვს მძიმე პერიოდი, სწორედ ამ დროს ჩანს გამორჩეული ლიდერებისა და მწვრთნელის როლი. ჯერჯერობით ჩავი ვერ ახერხებს გუნდის მართვას კრიზისულ პერიოდში. როგორც მინიმუმ, ეს მისთვის დიდი გამოცდილება იქნება, როგორც მაქსიმუმ, შესაძლოა საერთოდ გაექცეს სადავეები ხელიდან და ფეხბურთელების ნდობა დაკარგოს. აი, ეს კი ცუდი ამბავი იქნება. ამიტომ, ერთ კვირაში ვალდებულია სიტუაცია გამოასწოროს.
ბევრი მომენტი იყო, მაგრამ გოლი არ გავიდა.
მარცხს გამართლება არ აქვს.
სეზონის მიწურულს მაქსიმალური კონცენტრაციაა საჭირო.
მერე კი დაიწყება ჩავის "ბარსელონას" ფორმირება.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]