მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ჩემპიონობა მეზობლის ეზოში
"ბარსა" ჩემპიონია!
ალეეე ალეეე ალეეეე!!!
მორბის "ესპანიოლის" ფანი და მოაქვს რაღაც ბლაგვი თავში ჩასარტყმელად,
ალეეე ალეეე ალეეე!
ყველამ შეასწრო გასახდელში და შერჩა ეს ბლაგვი.. იმასავით.
დავიწყოთ ასე, კატალონიური ბალადით. არ დამწყვეტია გული "ესპანიოლის" ფანების ასეთ გაცეცხლებაზე, შეურაცხყოფილად ჩათვალეს თავი, ნეტაი რაულ ტამუდო სად იყო ამ დროს, იმედია მასაც ეწყინა, აი, იმ ამბისთვის, 2007 წლის შოკისთვის, პასუხი ოფიციალურად გაცემულია. როგორც იქნა "ესპანიოლმა" საჩემპიონო ზეიმი იხილა საკუთარ მოედანზე, ოღონდ "ბარსელონასგან".
მოდი და ნუ გაგეცინება.
ამიტომაც გარბოდნენ სიცილ-სიცილით, სამწვრთნელო შტაბის წევრი წაიქცა და ყველამ მელოტ თავზე გადაუარა, მაგრამ მაინც სიცილით. კარგი დღე იყო, საჩემპიონო, არ ვიცი რატომ, ლევანტეში გაჩემპიონება გამახსენა, იქ გასახდელში ატყდა ზეიმი, მაგრამ რატომღაც მაინც გამახსენდა, ალბათ იმიტომ, რომ ისიც რაღაც ახალის დასაწყისი იყო.
გაიხარეს ფეხბურთელებმა, გაიხარეს მწვრთნელებმა, ლაპორტა კი თავშეკავებული იყო. ჩემპიონობა კარგია, მაგრამ წინ უამრავი სირთულეა გადასალახი, მძიმე ზაფხული იქნება და მაგაზე ეფიქრება. პროგრამა მინიმუმი კი შესრულდა. "ბარსა" ესპანეთის ჩემპიონია. პლუს, სუპერ თასიც არ დაგვავიწყდეს.
რა თქმა უნდა, ყველას მაქსიმუმის შესრულება გვსურდა, მაგრამ მაქსიმუმი დროთა განმავლობაში მოდის, ასე სწრაფად ეგ ამბავი არ ხდება. დასაწყისისთვის ლა ლიგა მშვენიერია.
არაუხო დადგა გასახდელის გვირაბთან, ისე დადგა როგორც საკუთარ კართან დგას ხოლმე, და მთელი სეზონი ვინც არ გაატარა, აქ პირიქით, ყველა გაუშვა და გაუშვა, თანაც ძალიან სწრაფად, მერე თავადაც გაუჩინარდა. გაეშურა საზეიმოდ. უკვე კაპიტანივით იქცევა, მგონი, ყოველთვის ეგრე იქცეოდა, იმიტომ, რომ კაპიტანი ვერ გახდები, კაპიტნად უნდა დაიბადო. არაუხო კი დაბადებულია იმისათვის, რომ გუნდს წინ გაუძღვეს.
სეზონის ბოლოს ბუსკეტსი დაგვტოვებს, სამკლავურს კი არ ვიცით ვინ ჩაიბარებს. დიდი ალბათობით წავა ჟორდი ალბაც, მისი შემცვლელი დაფრინავს და 2-3 წელში მისგან გვექნება მოლოდინი, რომ თავის პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესო გახდეს. სერჟი რობერტო არ ვიცი დარჩება თუ წავა, მაგრამ მის კაპიტნობაზე აბა რა გითხრათ.
ჯერჯერობით სამი კანდიდატია - არაუხო, ლევანდოვსკი, ტერ შტეგენი.
და, თუ ის კაცი გუნდს დაუბრუნდა, ყველა სხვა კითხვასთან ერთად, ამ კითხვასაც მოხსნის დღის წესრიგიდან. თუმცა, რავიცი.. ჩააფრინდნენ ეს არაბები და არ აპირებენ გაშვებას. აიღეს და ჩააგდეს პირდაპირ ნავთობში ეს ორმოცს მიტანებული კაცი.
თამაშზეც ვთქვათ ორი სიტყვა. გამიხარდა, რომ "ბარსამ" იმ შემადგენლობით ითამაშა, რომელსაც ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის ჩემპიონობაში. კარში სწორი კაცი, დაცვის ხაზი იდეალური, ბუსკეტსის და დე იონგის უზადო ტანდემი, ოქროს ბიჭები ადგილზე არიან, რაფინიამ დემბელეს ადგილი დაიკავა და წინ ლევანდოვსკი.
მოვიდა ჩემპიონობისთვის და გახდა კიდეც ჩემპიონი. ბევრი ვაკრიტიკეთ, მაგრამ მის გარეშე არაფერიც არ იქნებოდა. ბრეითუეიტისა და ჩვენი ძმაკაცის, ლუკ სქაიუოქერის შემდეგ, ლევანდოვსკი ლიონელ მესიდ მოგეჩვენება ადამიანს.
პირველი ტაიმი ბალდეს ჩაბარდა. საგოლე პასი მიითვალა და გოლიც გაიტანა. ტაიმის ბოლოს ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა, რაფინიამ კი მორიგი საგოლე პასი მიითვალა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ფრენკი დე იონგმა ჩავის სტილში გადაატარა დაცვას და კუნდემ შეაგდო თავისი გოლი. გადასარევი იყო ყველაფერი, უბრალოდ, ბოლოს ორი გოლი გავუშვით, რაც ძალიან არ მესიამოვნა, არც მე და არც ტერ შტეგენს.
დაცვა ამაზე უკვე აღარ ფიქრობდა, ყველას ჩემპიონობა უტრიალდებდა თავში და მოვიდა ეგ დროც.
"ბარსა" ჩემპიონია!
მეზობლის სტადიონზე.
ერთი გადარბენაა "კამპ ნოუმდე", ჟორდი ალბა ისე გაიქცა უკვე "კამპ ნოუს" გასახდელიდან დადო ფოტო.
დარჩა ოთხი ტური, დუბლებისთვის, რეზერვისთვის, იმ ხალხისთვის ვისაც ბევრი არ უთამაშია. თუმცა, წინ არც მსოფლიო ჩემპიონატია, არც ევროპის. ძალების დაზოგვა არავის სჭირდება. ითამაშე რამდენიც გინდა.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]