მატჩისშემდგომი მიმოხილვა: გასრულდა ასე ამბავი

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: გასრულდა ასე ამბავი

ასე სწრაფად გაირბინა. დამთავრდა სეზონი და მგონია, რომ გუშინ დაიწყო, ყოველ შემთხვევაში, მოლოდინი ნამდვილად გუშინდელივით მახსოვს და ამიტომაც დანამდვილებით შემიძლია ვთქვა რომ ეს მოლოდინი ვერ გამართლდა. ვერც მწვრთნელის, ვერც ხელმძღვანელობისა და ვერც ფეხბურთელების მხრიდან. ამიტომაც დარჩა "ბარსა" ტიტულის გარეშე. 

ბოლო მატჩი პრესტიჟის ამბავი იყო მხოლოდ, "ბარსას" ჩავისთვის უნდა მოეგო და მოიგო კიდეც. მიუხედავად ყველაფრისა, სევლიაში მოგება ყოველთვის რთული საქმეა, მაგრამ "ბარსამ" ამ დავალებას თავი გაართვა. ჯერ კიდევ პირველი ტაიმი უნდა დაესრულებინა მოგებით, აბსოლუტურად გიჟური ათი წუთი გამოდგა ტაიმის მიწურულს, ფაქტობრივად კარიდან-კარში თამაში წავიდა, მომენტებს ორივე გუნდი ქმნიდა, უფრო მეტს ალბათ მაინც "ბარსა", თუმცა, გოლი არ გავიდა, ხან მეკარე, ხან ძელი, მეორე ძელიც, მოკლედ არა და არ გავიდა მეორე გოლი. პირველი კიდევ ლევანდოვსკიმ შეაგდო თავის სტილში, კანსელუმ მორიგი საგოლე გადაცემა ჩაიწერა. კაცმა არ იცის მომავალ სეზონში ან ერთი სად იქნება, ან მეორე. 

ფერმინი უნდა დარჩეს! 

ფერმინი ჩავის კადრია, ჩავის აღმოჩენა, დაიწყო როგორც უცნობმა ფეხბურთელმა და ახლა ერთ-ერთი საუკეთესოა კლუბში, რა თქმა უნდა, ძირითადი ფეხბურთელების ტრავმებიც წაეხმარა, შრომა კი ნამდვილად დაუფასდა, ხან პასები, ხან გოლები, ბევრი დასამახსოვრებელი მომენტიც გვაჩუქა და დაგვარწმუნა რომ დარჩენის ღირსია, მაგრამ ის რაც მოსწონს ჩავის, შესაძლოა საერთოდ არ მოეწონოს ჰანსი ფლიკს, რომელიც უკვე გზაშია და მოდის. 

კიმიხიც მოითხოვა! 

იოზუა (ასე მქვიაო თავად თქვა) გამორჩეული ფეხბურთელია, თავის დროზე პეპ გვარდიოლამ დააწინაურა და ვერ ვიტყვი რომ სწრაფად განაგრძო განვითარება, მაგრამ თავის საქმე ნამდვილად იცის. 

ცვლილებები იქნება. აუცილებლად იქნება. ფლიკზე კიდევ ცალკეც დავწერთ, რა კაცია და რა უნდა საერთოდ ცხოვრებაში, "ბარსა" მაინც ვერ აცდა გერმანულ პროექტს, ხან ლიოვი ახსენეს, ხან ჰაინკესი, მერე კლოპი, მერე ტუხელი და აჰა, ფლიკიც მოვიდა. თითქოს ვერ არის თანხვედრა ამ კულტურებს შორის, მაგრამ რას გაიგებ.. ვნახოთ ძია ჰანსი რა კაცია. ნებისმიერ შემთხვევაში კარგი შეძახილებით უნდა დავხვდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გვახსოვს მისგან ბრიყვული წყენა. 

ფერმინის გოლი მეორე ტაიმში გადასარევი იყო. მარკ ოვერმარსს გაჰქონდა ასეთი გოლები, მას უყვარდა ცენტრში შემოსვლა და მეკარისგან მოულოდნელად ახლო კუთხეში დარტყმა. უმეტესად ვერ გაჰქონდა, მაგრამ გაუტანია კიდეც, "ლევერკუზენთან" მაგალითად. 

ფერმინმაც ასე შეაგდო. ზუსტი, ძლიერი და ცოტა მოულოდნელი დარტყმით. წავიდა და ჩაეხუტა ჩავის, ერთად აღნიშნეს ეს გოლი - სულ სხვა ამბავია, არ ჰგავს მესის გამომშვიდობებას გვარდიოლასთან, მაგრამ კარგი სანახავი იყო ესეც, მადლიერების გრძნობა ყოველთვის დასაფასებელია, თორემ, "ბარსას" ისტორიის მანძილზე იმდენი უმადურობა გვაქვს ნანახი რაიმემ ხომ უნდა დააბალანსოს?! 

წინ რა გველის? 

გველის ჩავის წასვლა და ფლიკის მოსვლა. ამ გერმანელმა კიდე ფინანსებზე არ უნდა ილაპარაკოს არავითარ შემთხვევაში, ლაპორტას მოთხოვნა ასეთია - წუწუნს არ ვართ. 

რაც გაქვს შეირგე, თუ თავი გაქვს ამ პირობებში დადე შედეგი, თუ არა და სხვა კაციც მოიძებნება. ჰანსიმ თქვა რომ თავი აქვს, თანაც მაგარი თავი აქვს, მოაზროვნე და დისციპლინის მოყვარული. 

გაგახაროს ღმერთმაო - შეუთვალეს აქიდან და მოგვარდა ეგ ამბავი. 

ვიღაც მოვა, ვიღაც წავა. კვარაცხელიას ტრანსფერის შანსები ცოტა არ იყოს შემცირდა, ისედაც არ იყო ბევრი, მაგრამ ახლა უფრო შემცირდა. თანაც, "ნაპოლის" მომდევნო სეზონში ანტონიო კონტე გაწვრთნის და ეს კვარას დარჩენის კიდევ ერთ მოტივად შეიძლება იქცეს, იქიდან კიდე სენ-ჟერმენი დებს გადასარევ კონტრაქტს. 

გარდა ამისა, წინ გველის ევრო 2024, ძალიან გამორჩეული ევრო, ქართველებისთვის ყველაზე გამორჩეული, რაც კი აქამდე ყოფილა. გარდა ჩვენებისა, მეორე ჩვენებს, ესე იგი, "ბარსელონელებსაც" შევხედავთ. პოტენციურ "ბარსელონელებსაც" და პოტენციურ წამსვლელებსაც. 

მოკლედ, კარგი ზაფხული გველის. მთავარია უცბად არ დაგვატეხონ თავზე გაკოტრების ამბავი. საერთოდ არ არის გამორიცხული. მერე ევრო გადაივლის და სულ სხვა ფორმატის ჩემპიონთა ლიგა დაგვხვდება წინ. რა ვიცით აბა, რას მოიტანს.. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 27 მაისი 2024 22:07
    0
    ფეოლა ველოდები ფლიკზე შენს აზრს და შენებურ სტატიას..
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 27 მაისი 2024 19:43
    0
    იმ ბრიყვულ წყენას თუ გავიხსენბთ, იმ შემადგენლობით, რაც ბარსას ყავდა მაშინ, არ უნდა წაეგო სამარჩხვინო ანგარიშით 8:2, მაგრამ მწვრთნელი გვყავდა შლანგი. ამიტომაც მწვრთნელს აქვს უდიდესი მნიშვნელობა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 27 მაისი 2024 16:32
    2
    გუშინდელმა თამაშმაც დაგვარწმუნა, პირველივე გატანილის შემდეგ მის შენარჩუნებაზე ფიქრს იწყებენ რატომღაც და მე მგონი ეს ჩავის გაშვების ერთ-ერთი მიზეზიც გახდა. მსაჯებზე წუწუნიც აქედან მოდის და ნერვების ვერმოთოკვაც. წარმოიდგინეთ მწვრთნელი უფრო ბევრჯერ იქნა გაძევებული ამ სეზონში ვიდრე რომელიმე ფეხბურთელი. არადა უნდა უხელმძღვანელოს, უყვიროს, გააღვიძოს ჩაძინებულები. როგორც პეპი აკეთებს, როგორც სიმეონე და მოურინიო.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 27 მაისი 2024 12:26
    3
    მთლიან სეზონზე მინდა ორი სიტყვით რომ ვთქვა, მოლოდინები მართლაც დიდი გვქონდა, უტიტულოდ დამთავრებას მართლა ვერ წარმოვიდგენდით, მითუმეტეს ასე ადრევე თუ გამოვემშვიდობებოდით ყველა მათგანის მოგების შანსს და ბოლო თამაშებს თუ ასე უღიმღამოდ ჩავატარებდით. ველოდით კარგ შედეგებს თუმცა არ აგვიხდა ნატვრა, ბევრმა ფაქტორმა იმუშავა ამაზე, ტრავები, არასაკმარისი ფიზიკური თუ ინტელექტუალური შესაძლებლობების გამომჟღავნება ფეხბურთელების მხრიდან, შიდა დაპირისპირებასავითაც ვნახეთ გუდოგანი რომ მეტს ითხოვდა გუნდისგან (მთლად მტყუანი არ ყოფილა), ჩავის გაშეშება და ტებასის ლიგის მსაჯობა, რომელზეც ბევრი იყბედა თვითონ ჩავიმაც, ჩვენც ვხედავდით და წელს მართლა ზენიტში იყო მათი უნამუსო მოქმედებები, რომ გადავხედოთ დაკარგულ ქულებს და ჩაგდებულ თამაშებს ბევრზე ვიტყვით რომ მსაჯის შეცდომამ განაპირობა შედეგი, მითუმეტეს რომ ეს შემადგენლობა რაც ახლა ბარსას ყავს მე თუ მკითხავთ წინა სეზონის შემადგენლობაზე ძლირია და ამიტომაც იყო მეტი მოლოდინები, მაგრამ რას ვიზამთ ბარსელონაა და მსაჯებზე წუწუნი არ შეგშვენდითო გვეუბნებიან "პირმართალი" გუნდის ფანები. ზაფხული ქაოტური იქნება ალბათ, ტყუილის და მართლის გარჩევაში გავა უმეტესად, ბევრზე დაიწერება მოყავთო და მერე ტყუილი აღმოჩნდება, ალბათ ზოგს მართლაც მოიყვანენ, ბევრსაც გაუშვებს ფლიკი ასე მგონია. იმედია არ მოინდომებს სულ თავიდან დაწყებას და უბრალოდ გააგრძელებს ჩავის დაწყებულს.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"