რა გველის სახლში - ბარსა კამპ ნოუზე ბრუნდება
„ჩვენ ვბრუნდებით სახლში,“ - ასეთი განცხადება დაგვახვედრა "ბარსამ" ორშაბათს.
909 დღიანი პაუზის შემდეგ, „ბარსა“ სახლში დაბრუნდება და "კამპ ნოუზე" "ბილბაოს" უმასპინძლებს. რეკონსტრუქციაზე ჯერჯერობით 1.8 მილიარდია დახარჯული. პროექტი გრძელდება, შესაბამისად, ხარჯიც იზრდება. ლაპორტამ შაბათის მატჩს ისტორიული უწოდა - "შესანიშნავი იქნება დაბრუნება, ისტორიული!"
ამასობაში "მონჟუიკიც" შეგვიყვარდა, აქვს თავისი ხიბლი, ადგილმდებარეობა გაცილებით უკეთესი აქვს, ვიდრე "კამპ ნოუს", ქალაქის მეორე ბოლოშია, მთაზე, ფაქტობრივად ოლიმპოა. თუმცა, "კამპ ნოუს" ვერაფერი შეედრება და რთული იყო "ბარსას" ყურება სხვა სტადიონზე, თითქოს ყველა მატჩი გასვლითი იყო. დასასრულამდე ჯერ მაინც შორია. ამჟამად მხოლოდ 45'000 ადამიანი შეძლებს დასწრებას, საბოლოო ჯამში სტადიონი 105'000 ადამიანზე იქნება გათვლილი. ახლა კი გეტყვით რა სამუშაოები დარჩა რეკონსტრუქციის დასასრულებლად და რა კითხვები რჩება უპასუხოდ.
როგორ მივედით ამ ეტაპამდე?
ჯერ კიდევ 2007 წელს ლაპორტამ ინგლისელი არქიტექტორი ნორმან ფოსტერი დაიქირავა „კამპ ნოუს“ ახალი დიზაინის შესაქმნელად, მაგრამ გეგმა განუხორციელებელი დარჩა. მომდევნო გაჩერება 2014 წელს ვნახეთ, კლუბის მფლობელმა წევრებმა (ესპანურად socios) დაამტკიცეს მაშინდელი პრეზიდენტის, ჟოზეპ მარია ბართომეუს მიერ წარმოდგენილი „ესპაი ბარსას“ პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა 1957 წელს გახსნილი „კამპ ნოუს“ და მის გარშემო მდებარე ტერიტორიების მოდერნიზებას. თუმცა, პროექტი შეჩერდა მას შემდეგ, რაც კლუბში ფინანსური პრობლემები დაიწყო. გეგმა მზად იყო, მაგრამ ნაბიჯს ვერავინ დგამდა, იქამდე სანამ ისევ ლაპორტა არ დაბრუნდა. მან დიდი რისკი გასწია და ყველაზე მძიმე მომენტში გადაწყვიტა ყველაზე დიდი პროექტის განხორციელება.
გეგმაში ცვლილებებიც შეიტანა, 2021 წელს დამტკიცდა და 2023 წელს თურქული სამშენებლო კომპანია Limak-იც დაიქირავეს აღსრულებისთვის. იმავე წლის აპრილში Goldman Sachs-ის მეშვეობით უზრუნველყოფილი იქნა საწყისი ფინანსირება — 1.4 მილიარდი ევრო.
2023 წლის იანვარში ლაპორტამ განაცხადა, რომ გახსნას 2024 წლის ნოემბრისთვის ელოდა, კლუბის დაარსების 125 წლის იუბილესთვის, მაგრამ სამუშაოები ძალიან გაიწელა. მერე ითქვა გამპერის თასისთვის მზად იქნებაო, მერე სექტემბერი დასახელდა, მერე ოქტომბერი, მაგრამ ვერა და ვერ გაიხსნა. ამასობაში ის კომპანია გაკოტრდა, საიდანაც "ბარსა" სამშენებლო მასალებს ეზიდებოდა, ხალხმა იჩივლა ღამით შესრულებული სამუშაოების გამო და მერიამ პროცესი შეაჩერა. გაათავისუფლეს მთავარი არქიტექტორი და ქაოტური სურათიც დაიხატა, მაგრამ როგორც იქნა, სტადიონი სანახევროდ მზად არის.
გარდა იმისა, რომ "ბარსამ" ისევ იზარალა ფინანსურად, სტადიონის ქირის ხდაში, რამდენიმე მატჩის ჩატარება "იოჰან კრუიფზეც" მოუწიათ, ესე იგი, სავარჯიშო მოედანზე, რაც პრესტიჟის თვალსაზრისით მძიმე დარტყმა იყო.
მეტი VIP ადგილი
"კამპ ნოუს" ერთ-ერთი პრობლემა VIP ადგილები იყო, რომელიც სტადიონზე განთავსებული სკამების მხოლოდ 5%-ს შეადგენდა. გაცილებით ნაკლებს, ვიდრე სხვა გრანდების სტადიონები, შესაბამისად, შემოსავალიც ნაკლები იყო. ახალი VIP ადგილების მონტაჟი ჯერ კიდევ პროცესშია, ნაწილი მზად არის და უკვე გაასხვისეს კიდეც, თანაც, მრავალი წლით. ისე კი, ყოველწლიურად 120 მილიონის მოგებას ვარაუდობენ. თუმცა, ამ ადგილების დამონტაჟებამ მშენებლობა მნიშვნელოვნად გაართულა.
უკვე განახლებულია გასახდელებიც. ასე რომ, შაბათს ფეხბურთელებს სრულიად ახლებური გარემო დახვდებათ.
რა მდგომარეობაშია კამპ ნოუ
„ბარსას“ ორშაბათის განცხადებაში ნათქვამია, რომ კლუბმა მიიღო სტადიონის ქვედა იარუსების გამოყენების უფლება. "ბარსას" უკვე ჰქონდა 1A ფაზის ნებართვა მიღებული, მაგრამ ეს მხოლოდ 27'000 ქომაგს მოიცავდა, ახლანდელი ნებართვით კი დასწრებას 45'400 მაყურებელი შეძლებს. (უფრო სწორად, 45'401) ნუ დავკარგავთ იმ ერთ ბედნიერ ადამიანს.
კლუბმა დაადასტურა, რომ მერიის მოთხოვნები გათვალისწინებულია, რამდენიმე შესასვლელი იმუშავებს და ევაკუაციის დროს სტადიონის დატოვებაც მარტივი იქნება. 1B ფაზის ნებართვის ერთ-ერთი პირობა მოიცავს რომ უარი უთხრან სტუმარ ქომაგებს დასწრებაზე, რადგან, მათი გამოყოფა და დაცვა სტადიონზე ვერ მოხერხდება.
ვინ მივა შაბათს და რამდენი დაუჯდებათ?
გასულ თვეში „ბარსამ“ 2025/26 წლების სეზონის 21'000 აბონიმენტი გაყიდა. რაც შეეხება შაბათის მატჩს, 16'000 ზე მეტი ბილეთი უკვე გაიყიდა. მაყურებელი უკმაყოფილო იყო ფასების გამო, თუმცა, როცა მოთხოვნა დიდია, ფასებიც ბუნებრივია იზრდება, "კამპ ნოუსთვის" 45'401 ადამიანი მაინც ცოტაა. ფასები 199 ევროდან იწყებოდა და რიგ შემთხვევებში 500 ევროსაც აღემატებოდა. კლუბის წევრებზე 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. დაახლოებით 8'000 ადგილია შაბათის მატჩის VIP კატეგორიაში, ფასი 1'050 ევროა. ხოლო, პრეზიდენტის ლოჟიდან მატჩის ყურება 1'500 ევრო დაგიჯდებათ.
"ტევადობა გაიზრდება და ფასებიც დასტაბილურდება. ეს განსაკუთრებული მატჩი იქნება, შევაფასეთ სიტუაცია და მიგვაჩნია, რომ ფასები ადეკვატურია", - თქვა ლაპორტამ RAC1-თან ინტერვიუში.
რა ხდება ჩემპიონთა ლიგაზე?
უეფას რეგულაციებით განსაზღვრულია, რომ ლიგის ფაზიდან მოყოლებული, კლუბებმა ჩემპიონთა ლიგის ყველა საშინაო მატჩი ერთ და იმავე სტადიონზე უნდა გამართონ. თუმცა წესი სივრცეს ტოვებს გამონაკლისისთვის. უეფას ესმის „ბარსას“ განსაკუთრებული მდგომარეობა.
ფლიკის გუნდმა პირველი ორი საშინაო მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე („პარი სენ-ჟერმენთან“ და „ოლიმპიაკოსთან“ - "მონჟუიკის" სტადიონზე გამართა. ახლა კი "კამპ ნოუზე" დაბრუნების ჯერია, უკვე ჩემპიონთა ლიგაზეც.
როდის დასრულდება რეკონსტრუქცია?
განახლებული „კამპ ნოუს“ დასრულების ვადა 2026 წლის ივნისად იყო განსაზღვრული. მოგვიანებით სამიზნედ 2027 წლის ზაფხული დაასახელეს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ახალი სტადიონის მესამე იარუსი ჯერ კიდევ მშენებლობის საწყის ფაზაშია, ზუსტად ვერავინ იტყვის როდის იქნება მზად სრული ტევადობა.
გეგმის მიხედვით, სტადიონის სრული ტევადობის აღდგენის შემდეგ უნდა დასრულდეს სახურავის მონტაჟი, რომელიც საუკეთესო შემთხვევაში 2028 წლის ზაფხულისთვის იქნება მზად.
კლუბის უახლოესი ამოცანაა ქალაქის მერიისგან „1C ნებართვის“ მიღება, ეს შესაძლებლობას მისცემს ჩრდილოეთ კარის უკან მდებარე ტრიბუნებზეც შეუშვან გულშემატკივრები, რითაც დასაშვები ტევადობა 62,500-მდე გაიზრდება. „ვნახოთ, შეძლებთ თუ არა წლის ბოლომდე 62,000-მდე ავიდეთ,“ თქვა ლაპორტამ RAC1-ის ეთერში.
წინ არჩევნებია
შაბათს "ბარსას" ბევრი ფეხბურთელი პირველად ითამაშებს "კამპ ნოუზე", და არა მხოლოდ ფეხბურთელები, ჰანსი ფლიკიც პირველად შედგამს ფეხს მასპინძლის რანგში. საზეიმო განწყობა იქნება, კლუბმა მეტი თანხის გამომუშავება უნდა დაიწყოს. ახლოვდება არჩევნები, რა თქმა უნდა, ლაპორტას "კამპ ნოუზე" დაბრუნება არჩევნებამდე სურდა, ეს მისი მთავარი კოზირი უნდა იყოს, ხოლო მისი კონკურენტის - ვიქტორ ფონტის კოზირი ლიონელ მესია. მისი თუნდაც ერთი სეზონით დაბრუნება, გამოსათხოვარი სეზონის ჩასატარებლად. ლეომ თავად თქვა რომ სხვაგვარად წასვლა სურდა და ახლა მისი დაბრუნება, პედრისთან და იამალთან ერთად თუნდაც ერთი სეზონის ჩატარება მართლა ოცნება იქნება. ფონტი ამ სცენარისთვის მზად არის, იცის, რომ ლეო უფასოდაც ითამაშებს იმ ერთ სეზონს. ხოლო, ლაპორტა სასტიკ უარზეა, მისთვის ეს არასერიოზულია.
ასე რომ, წინ საინტერესო ბრძოლა გველის, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.



კომენტარები [ 8 ]