მატჩისშემდგომი მიმოხილვა: დაბრუნდა ყველა თავის ადგილზე
მატჩის წინ სათქმელი ბევრი იყო, ჯერ ერთი ის, რომ "რეალის" საქმე ვერ წავიდა კარგად და "ბარსა" ჩემპიონატის სათავეში აღმოჩნდა. ამას რამდენიმე კვირის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, თითქოს ფლიკის გუნდს კრიზისი ჰქონდა, ახლა კიდევ პირველზე არიან. თუმცა, ვიღაც-ვიღაცებს მაინც აქვთ კრიზისი, კაპიტანი ხელმძღვანელებთან მივიდა და დასვენება ითხოვა, აღარ შემიძლია, მცირე ხნით განმარტოვება მჭირდებაო. არაუხოს მენტალური პრობლემები აქვს, ფლიკმა ამაზე საუბარი არ ისურვა. არც იმაზე, წინა მატჩის მერე რატომ იჯდა დაღვრემილი და თვალცრემლიანი, ვიღაცებმა მსაჯს დააბრალეს ეგ ამბავი, ვიღაცამ არაუხოს მდგომარეობას, ვიღაცამ ისიც დაწერა ფლიკს წასვლა უნდა, ბარსელონაში ვერ გრძნობს თავს კარგადო. მოკლედ, ბევრი რამ ხდება ისეთი, რაც ჩვენ არ ვიცით და ალბათ მხოლოდ სეზონის ბოლოს გვეცოდინება.
მოახლოვდა მატჩი და ფრენკი დე იონგი გამოგვაკლდა, ვირუსი აქვს, მოედანზე ვერ გავიდა. მის ნაცვლად ერიკ გარსია ვნახეთ საყრდენ ზონაში, რომელიც ასე ნელ-ნელა მიეჩვია ამ პოზიციაზე თამაშს. დაცვის ცენტრალური ზონის მარცხენა მხარეს კი ჟერარ მარტინი ვიხილეთ. მე წინა მიმოხილვისას მის ცენტრში შემოწევაზე კივუ გამახსენდა, "ბარსას" კატალონიელი ქომაგები კიდევ თურმე პაოლო მალდინის ეძახიან, ირონიულად, რა თქმა უნდა. აი, ბოლოს ვისაც მალდინი ეძახეს იმის საქმე ვერ წავიდა კარგად, გახსოვთ ხომ, "შავი მალდინი"?
სადა კაცო?
"ბარსამ" თავის თავს არ უღალატა, ისევ მაღლა ამოწეული დაცვით ითამაშა და "ატლეტიკოს", რა თქმა უნდა, შეექმნა მომენტები. არავის აღარ უჭირს უკვე ამ ბარიერის დაძლევა. გახსნეს კიდეც ანგარიში ასე ზღვარზე თამაშით, ბაენამ შეირგო გრძელი პასი, ჩვენი "მალდინი" ჩარჩა, ბაენა მის ხაზზე გასწორდა, გაიქცა და ლამაზად შეაგდო. მსაჯმა არ ჩათალა, თამაშგარე ეგონა, მაგრამ ვარმა დააზღვია და ასე გაიხსნა ანგარიში. იყო მოედანზე ალვარესიც, მატჩის წინ ეგეც ითქვა, "ბარსას" მთავარი სამიზნეა, ან, მას მოიყვანენ, ან ჰარი კეინსო. ჰარის აბა ვინ გამოუშვებს? ეგეც ალბათ ლევანდოვსკის მოდელად უნდათ, აი, ალვარესის ხელში ჩაგდება კი შესაძლებელია. ჰქონდა ამ მატჩშიც ერთი ისეთი მომენტი, როცა მაფიქრებინა, რომ უმაღლესი კლასის ფორვარდია, მაგრამ ჟოან გარსიამ გააქრო მისი ოცნებები.
"ბარსა" მალევე გადავიდა შეტევაზე. ნელ-ნელა ფორმაში შედის ლამინე იამალი. რაფინია ძირითადში იწყებს და რა თქმა უნდა, ის ძველი "დრაივი" დაგვიბრუნა, ლევანდოვსკიც ჯანმრთელია და რას ნიშნავს ეს? ნიშნავს, რომ წინა სეზონის სამეული როგორც იქნა აღდგა. ესე იგი, გოლები იქნება. ვერავინ ამას ვერ გადაურჩება. მით უმეტეს, რომ მათ უკან, სიღრმეში, პედრი ქსოვს აბლაბუდას, მიჰყვება მერე თავისივე მოქსოვილს და ყველგან იკვალავს გზას. ყველა გზა უკვე გაკვალული აქვს, ყველა წერტილში მიიტანს ბურთს.
გააკეთა კიდეც ერთი ასეთი პასი, შეატოვა რაფინია ობლაკს, ამანაც ერთი მოძრაობით მარტივად, ლამაზად მოიცილა მეკარე და მარჯვენა ფეხით შეაგდო, - 1:1. კარგი გოლი იყო. გაიხარა "კამპ ნოუმ", რომელიც უფრო ბარსელონურია, ვიდრე ტურისტული. ეგ ალბათ მერე მოვა, ზრდასთან ერთად.
მთავარი ამბები კი ტაიმის ბოლოს გველოდა. საჯარიმოში დანი ოლმო წააქციეს. კარგად ჩადგა ფეხი, მცველს დაასწრო და პენალტიც აიკიდა. მივიდა ბურთთან რობერტი და... "სევილიასი" არ იყოს, აქაც გააფუჭა, გაუშვა სადღაც ყვავებთან, მერე გაზონს დახედა, მაგრამ ეგ არაფერ შუაშია რობერტ, ცუდი დარტყმა გამოგივიდა. მცირე ხანში ლამინემ თავზე დაასვა ბურთი, ამანაც კარგად დაარტყა და მატჩის სეივი გვაჩვენა ობლაკმა, ურთულესი ბურთი მოიგერია. კი გამახსენა რაღაც, პეპის სადებიუტო ელ კლასიკო, ეტო'ომ პენალტი გააფუჭა, კასილიასმა აუღო, მერე მცირე ხანში ტყვიასავით გაუშვა კარში და ისევ იკერმა აუღო, ბოლოს კი მაინც შეაგდო გოლი, გატეხა ნავსი, გამოასწორა ეს ამბავი, აქაც ეგ ვიფიქრე, გოლსკი უეჭველად გაიტანს-მეთქი.
გაიტანა და გაიტანეს
ნათელი იყო, რომ "ბარსა" მოიგებდა, აბსოლუტურად ყველა მონაკვეთში სჯობდა "ატლეტიკოს". დროის ამბავი იყო გოლის შეგდება და ოლმომ ითავა ეს ამბავი. ლევანდოვსკიმ თავად ვერა, მაგრამ სხვას გაატანინა, მიითვალა საგოლე პასი. გოლის მერე კიდევ ორივე გავიდა. პოლონელი იმიტომ, რომ გადაიღალა, გოლის ავტორმა კი მხარი დაიზიანა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. არადა, მაგარი გოლი შეაგდო, მარცხენა ფეხით, ძალიან ტექნიკურად და ჭკვიანურად დაარტყა. ლოგიკური იყო რაც მოხდა, მეორე ტაიმი "ბარსას" გაავებული შეტევებით დაიწყო და ხომ უნდა გაეტანათ ბოლო-ბოლო?!
ცუდია, რომ ოლმომ ტრავმა მიიღო. თითქოს მანაც აკრიფა ფორმა და მაინც და მაინც ახლა... ვერ არის კარგი ამბავი.
ცვლილებაზე ფერან ტორესი და რაშფორდი გამოვიდნენ. რაფინიამ ცენტრში შეიწია. ისიც დაიწერა რაშფორდი გუნდს ზამთარშივე დატოვებსო. ინგლისიდან მსურველები გამოუჩნდა, ისე კარგად ათამაშდა. "ბარსაში" რაფინიას დაბრუნების მერე დრო შეუმცირდება, წინ კიდევ მსოფლიო ჩემპიონატია. რა თქმა უნდა, სურს თამაშიც და წასვლაც. ჰოდა, ვნახოთ აბა რა იქნება.
წერტილი ფერან ტორესმა დასვა. მანამდე "ატლეტიკომ" მიგვაბა საკუთარ ნახევარზე, მაგრამ არც ჟოან გარსიამ დაანება გოლის შეგდება და არც ჩვენმა "მალდინიმ". გამოიჭირეს კონტრშეტევაზე, ჯერ რაშფორდმა ხია ობლაკის კარში, ბოლოს კიდევ ტორესმა შეაგდო ახლო მანძილიდან, ამჯერად მოახერხა და კარგი მომენტი ქარს არ გაატანა. მერვე გოლი შეაგდო ლა ლიგაში. "ბარსა" ლიდერია!
წინ რა გველის
"ბეტისი", "აინტრახტი", "ოსასუნა", აი, მერე კიდევ სეზონის ბოლო მატჩი ზამთრის პაუზამდე და კიდევ ერთი გამოცდა - მატჩი "ვილიარეალთან". ეგ არის. ამოცანა პირველი ადგილის შენარჩუნებაა.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]