მატჩისშემდგომი მიმოხილვა: თქვენი დრო ამოიწურა
ალბათ ნანახი გაქვთ ვიდეო, თურქი მწვრთნელი შედის გასახდელში და რას ლაპარაკობს, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ თავის ფეხბურთელებს გაშლილ ხელს ულაწუნებს სახეში. ზოგს მეტად, ზოგს ნაკლებად. ბოლოსკენ ერთს მთელი ძალით გაარტყამს, ის საწყალიც სახეზე აიფარებს ხელს, აი, ეგ არის ჟერარ პიკე.
იმიტომ არა, რომ შეცდომა დაუშვა, თანაც ისეთი საშინელი, რომლის მსგავსიც დიდი ხანია, არ მინახავს, არც იმის გამო, რომ თითქოს მიძინებული "ინტერი" გამოაღვიძა და რწმენა დაუბრუნა, არც შაკირას გამო, ამ გალაწუნებას იმსახურებს იმიტომ, რომ ჯიუტად ამბობს, თამაში შემიძლიაო, "ბარსას" სტანდარტი კი ნელ-ნელა სულ ქვემოთ ჩამოიწია. მოკლედ, არასერიოზულად იქცევა, სეზონის წინ ბუზღუნებდა, ვინც არ უნდა მოიყვანოთ მე მაინც ძირითადში ვიქნებიო, თითქოს ვერ იჯერებს, რომ მისი დრო წავიდა, მაინცდამაინც ეს უბედურება გახდა საჭირო ამის დასაჯერებლად.
ჩავი კი ანიშნებდა, წასვლის დროაო, მაგრამ ისეთ დღეში აღმოჩნდა, მაინც ათამაშა. ოთხი მცველი დაკარგა, ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის წინ, - არაუხო, კუნდე, ბელერინი, კრისტენსენი, ოთხიდან სამი ცენტრალური მცველია. კი, დიდი უიღბლობაა. ამიტომ, თავიდანვე ვიცოდით, რომ დაცვაში პრობლემები იქნებოდა, როცა ერთდროულად სამ ცენტრალურ მცველს დაკარგავ, ბუნებრივია, კარგად არ გექნება საქმე.
გასვლის შანსი დავიტოვეთ, თუმცა, იმდენად მცირე, რომ ამას ალბათ შანსი არც უნდა ერქვას.
ტაქტიკა
ნამდვილად საინტერესო ტაქტიკა შემოგვთავაზა ჩავი ერნანდესმა და უნდა ითქვას, რომ პირველ ტაიმში გაამართლა. ფაქტია, პირველი ტაიმი მოვიგეთ. რა თქმა უნდა, საქმეში იყო ტერ შტეგენიც, მის გარეშე წარმოდგენაც არ მინდა, რას დავემსგავსებოდით.
"ბარსამ" სამი მცველით ითამაშა, - პიკე, გარსია, ალონსო; სერჟი რობერტოს განსაკუთრებული როლი ჰქონდა, გუნდის შეტევის დროს მოედნის ცენტრიდან უტევდა, გავის გვერდით იკავებდა ადგილს, პედრის კი კიდევ უფრო წინ წასვლის საშუალებას აძლევდა, მეტ თავისუფლებას შეტევაში, რეალურად, ეს ფსონი იყო პედრიზე, მის უნარებსა და შესაძლებლობებზე, ჩავიმ იცის, რომ "ბარსას" შეტევაში კრეატიულობა აკლია, ამიტომ, პედრის ათიანის პოზიცია შესთავაზა, ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე გაამართლა, ცალკეული მომენტები ვნახეთ, როცა ამ კრეატიულობამ სიმძაფრე მოიტანა, საერთო ჯამში ვერ ვიხეირეთ.
სწორედ ამ კრეატიულობისა და ბოლომდე ბრძოლის ხარჯზე შევაგდეთ ერთადერთი გოლი, რაფინია მთელი მატჩი ძალიან პრიმიტიულად მოქმედებდა, განუწყვეტლივ მაღალ ბურთს აწვდიდა საჯარიმოში, რაღაც შედეგი არ მოჰქონდა, ერთადერთხელ მიიღო ორიგინალური გადაწყვეტილება, ბურთზე ბოლომდე იბრძოლა და ძალიან ჭკვიანური პასი გააკეთა, ამას ძლიერი გადაცემა მოჰყვა საჯარიმოში და დემბელემ ანგარიში გახსნა.
აქ ერთი რამ მენიშნა ცუდად, ფეხბურთელების სიხარული იმაზე დიდი იყო, ვიდრე ველოდი. ასე შეიძლება ჩვენ გაგვიხარდეს, გულშემატკივრებს, მათ კი საქმე უნდა აკეთონ ცივი გონებით, ჯერ პირველი ტაიმი იყო, მათ კი ისე იზეიმეს, თითქოს მატჩის ბოლო წუთები ყოფილიყოს. ცუდად მენიშნა ეს ამბავი და ვნახეთ კიდეც, რა მოხდა.
დაცვით ფაზაში მეოთხე მცველის ფუნქციას "უახლოესი კაცი" ასრულებდა, უმეტესად სერჟი რობერტო ასწრებდა უკან დახევას, რაც უბრალო საქმე არ არის, ამას ძალების დიდი დახარჯვა და ყურადღება სჭირდება, შეტევაში კი საგოლე პასი ჩაიწერა.
პირველ ტაიმში ლევანდოვსკის დარტყმული კარის ხაზიდან გამოიტანეს, დემბელეს შორეული გასროლა ონანამ ხელებში ვერ შეიმაგრა, რაფინიას კი მიზანმა უმტყუნა, არადა, ვალდებულიც კი იყო, უკეთ დაერტყა, ეს რეალურად საგოლე მომენტი იყო.
"ბარსა" კი როგორღაც გადარჩა, ბურთი ჯერ ხარიხარს მოხვდა, მერე ზუსტად კარის ხაზზე დაეცა, ბოლოს კი შტეგენმა ივარგა. გაგვიმართლა.
მეორე ტაიმი
საპლეიოფო მატჩი იყო. ნაადრევად ნათამაშები, "კამპ ნოუმაც" დაიბრუნა ძველი სახე, მაგრამ იმედგაცრუებული დარჩა. ბევრჯერ გაახსენდებოდა გულშემატკივარს 2010 წლის მატჩი "ინტერთან, და 2012 წლის მატჩი "ჩელსისთან", ჩვენთვის ორივე წარუმატებლად დასრულდა, ეს კი მესამე იყო. მაშინ ჩავი მოედანზე იყო, ახლა მწვრთნელის რანგში დამარცხდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ სამი მატჩიდან არცერთი არ წაგვიგია.
მეორე ტაიმი დაიწყო შოკით, ბასტონი აწვდის საჯარიმოში.. პიკემ მშვიდად გაშალა ხელები, მისი შემხედვარე გავი დუნდება, ტერ შტეგენიც კი დუნდება, მიუხედავად იმისა, რომ პიკეს დიდად აღარ ენდობა, საჯარიმოში შემოჭრილი ბარელა იღებს ბურთს და 1:1. გავი დაფარებას ვეღარ ასწრებს, თავს დაღალატებულად თვლის, პიკემ მოატყუა, შეცდომა დააშვებინა. "ინტერს" ახალი სუნთქვა გაეხსნა, "ბარსა" კი აირია. რა თქმა უნდა, მატჩის საკვანძო მომენტი, სწორედ ეს იყო.
მეორე გოლიც მალევე მივიღეთ, აქ უკვე მეორე მნიშვნელოვანი გზავნილი დაიწერა, - დროა, პიკეს ბუსკეტსიც მიჰყვეს. უმაგრესი პირველი ტაიმი ჰქონდა, მაგრამ, ისეთ პოზიციაზე თამაშობს, სადაც შეცდომის დაშვება არაფრით არ შეიძლება, უშეცდომო სერხიო კი დიდი ხანია, აღარ გვინახავს. აღარ შეუძლია, ასაკი თავისას შვება, უნდა წავიდეს.
მის გარდა, შეცდა ერიკ გარსიაც, იმდენად ცუდად ჰქონდა პოზიცია შერჩეული, რომ მაქსიმუმ რაც შეეძლო, თერთმეტმეტრიანის აკიდება იყო, ლაუტაროს ერთი შეხება და გარსია უბრალოდ გაქრა, უშნოდ მოიქნია წიხლი და მოარტყა კიდეც, მაგრამ წაქცევა კი არა, დარტყმაშიც კი ვერ შეუშალა ხელი, ოდნავ მაინც, არადა, ეგ მცირედი, შესაძლოა დაგვხმარებოდა, ბურთი ჯერ ერთ ძელს მოხვდა, მერე მეორეს და კარში შეგორდა. ტერ შტეგენი თავს საშინლად გრძნობდა, ჯერ მცველმა დააღალატა, მერე ძელმა.
ერიკ გარსიას რომ ძალიან მაგარი პირველი პასი აქვს, ამ მატჩშიც გამოჩნდა, მაგრამ ის პირველ რიგში მცველია, პირველ რიგში თავის დაცვა უნდა იცოდეს, ეგ თუ არ იცის, აბა ვის რად უნდა მაგის პასები?!
თამაშში მაინც დავბრუნდით, ვერ ვიტყვი, რომ ლევანდოვსკის საუკეთესო მატჩი იყო, მოულოდნელად იმაში მოიკოჭლა, რაშიც საუკეთესოა, არასწორ გადაწყვეტილებებს იღებდა ხოლმე, თანაც აგვიანებდა. თუმცა, თამაშში ამ კაცმა დაგვაბრუნა, ნახევარმომენტი გოლად აქცია, რიკოშეტი წაეხმარა და 2:2! იმედი თავიდან დაიბადა, ასეთი მატჩები მოგვიგია და წაგვიგია კიდეც. ვახსენეთ "ჩელსისთან" მატჩი და ეგ იყო... მაშინ ტორესი გაიქცა, ახლა ლაუტარო, მაშინ ორ შეხებაში გოლი მივიღეთ, ახლა სამი გახდა საჭირო, დაცვა ისევ ჩავარდა.
ვნატრობდი მატჩის დროს არაუხოს, თუნდაც ერთი ტაიმის სათამაშოდ..
თითქოს მორჩა, მაგრამ არა, გარსიამ ზუსტად ჩააწოდა და ლევანდოვსკიმ კიდევ ერთხელ გაგვაცოცხლა, დროც საკმარისი იყო, ოთხი წუთი კიდევ გვქონდა, მაგრამ ამ წუთებმა უაზროდ ჩაიარა, იყო რაღაც მომენტები და ვერ შევირგეთ, ვიღაცას კლასი არ ეყო, ვიღაცას ტვინი.
დარჩენილ დროში წაგებისგან ისევ შტეგენმა გვიხსნა.
წესით, ლევანდოვსკისა და შტეგენის გმირობა საკმარისი არ უნდა იყოს ჯგუფიდან გასასვლელად. ახლა სასწაულის იმედადღა თუ ვიქნებით, რისი იმედიც მე არ მაქვს.
პროექტი ჩავარდა.
უიღბლობაც არის.. სამი ნაყიდი მცველიდან სამივე გამოგვაკლდა.
რა დააკლდა "ბარსას"?
პირველ რიგში ერთიანი ქმედება, გუნდი თავისი ლიდერის გარშემო უნდა მოქმედებდეს, ჩვენს შემტევებს კი ლევანდოვსკისთან არანაირი საერთო არ აქვთ. ძალიან შორს არის რაფინიაც და დემბელეც იმ თამაშისგან, რასაც ლევანდოვსკი თამაშობს. გამოდის, რომ ყველა ცალ-ცალკე უბერავს და ამ შებერვაში ხან გამოდის რაღაც, ხან არა. თუ გამოდის, ისევ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე, გუნდის ერთიანი სახე კი არ ჩანს.
დასანანია, უნდა ვიჩხუბოთ ცოტა, უნდა გავბრაზდეთ კიდეც, მერე კი მოგვიწევს ფეხზე წამოდგომა. გუნდი, რომელსაც წლების განმავლობაში ძირს უთხრიდნენ, როგორც ჩანს, ასე ორ წელში ვერ შენდება.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 40 ]