დირიჟორი, ანუ ორკესტრის ხელმძღვანელი
"მევიოლინე თავის თავს თვითონ მართავს, ორკესტრი კი დირიჟორზეა დამოკიდებული" –კარლ მარქსი.
ფეხბურთის მოედანზე პოზიციები ბევრია, თუმცა ყოველ ტაქტიკურ სქემაში არის "განსაკუთრებული" ადგილი, ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო. მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელს აქვს უნარი აიღოს ეს დავალება თავის თავზე – გახდეს გუნდის სული და გული და ნამდვილი ლიდერი. ვინ არის დირიჟორი "საფეხბურთო ორკესტრში"? სწორედ ამაზე მოგიყვებით დღეს...
როგორია მოთამაშე, რომელიც გუნდის სული და გულია? ეს შეკითხვა ძალიან რთული და ამავდროულად ძალიან ადვილიცაა. პოზიცია, რომელზეც ეს ფეხბურთელი თამაშობს, ნებისმიერ საფეხბურთო კოლექტივში არის სტადიონის ცენტრში. სწორედ იგი განაგებს თავისი გუნდის შეტევებს, აკეთებს ბრწყინვალე გადაცემებს და ყველაზე მთავარი– შესანიშნავი აქვს მოედნის ხედვა. ეს არის ფლეიმეიქერი, რომელიც აკონტროლებს ბურთს და საკუთარი კლუბის თამაშს ორჯერ და სამჯერ უფრო ლამაზს და სანახაობრივს ხდის. ფლეიმეიქერი რაც უფრო დაკვირვებული და მოძრავია, შეტევაც მით უფრო სახიფათო და საგოლე გამოდის. მაგრამ მარტო დაკვირვებულობა როდია საკმარისი: თუ ფეხბურთელი არ არის ბრძოლის უნარიანი მაშინ გამოვა რამე? იგი აუცილებლად უნდა გადიოდეს მოედანზე მხოლოდ და მხოლოდ მოსაგებად და შინაგანად უნდა ფიქრობდეს და გრძნობდეს, რომ საუკეთესოა. ასევე მისი საქმეა წაიკითხოს მოწინააღმდეგე კლუბის თამაში და რა თქმა უნდა საჭიროა თვალდახუჭული შეეძლოს თანაგუნდელთან ბურთის გორაობა. ამ ყველაფრის კარგი მაგალითია "ბარსელონა". ოჰ როგორ უყვართ კატალონიელ ნახევარმცველებს ვარჯიშზე კვადრატის თამაში! მოკლე პასებს, რომლებიც მეტისმეტად ზუსტია, თავისუფლად შეუძლია მეტოქის დაცვის ბარიერის იოლად გადალახვა. მატჩის მიმდინარეობისას, "ლურჯ–ბროწეულისფერები" ქმნიან "ბერმუდის სამკუთხედს", რომელშიც სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით–იკარგებიან მოწინააღმდეგეები. ვინ არის "ბარსას" ნახევარდაცვის ბურჯი? ჩავი ერნანდესი. სწორედ იგი გახლავთ ფეხბურთელი, რომელიც ითავსებს ყველა ზევით ხსენებულ ფუნქციას. ასევე არ აკლებენ ანდრეს ინიესტა და ლეო მესი. რაც შეეხება ახალწვეულ სესკ ფაბრეგასს, სწორედ იგი მოიაზრება ჩავის "მემკვიდრედ". ეს ადამიანები ნამდვილად ღმერთისგან ნაბოძები არიან, რათა ასიამოვნონ გულშემატკივარი, მოაგებინონ გუნდს რაც შეიძლება მეტი ტიტული და ყველაზე მთავარი – შექმნან ახალი ეპოქა სპორტის ამ სახეობაში.
ღმერთს მადლობას მოვახსენებ, რომ უფლება მომცა ვიცხოვრო ამ დროს... ამ დროს, როცა "ბარსელონას" ბრწყინვალე "დირიჟორი" ჰყავს ჩავის სახით, ხოლო მსოფლიო ფეხბურთს–"ბარსელონას" სახით. ვუყუროთ და დავტკბეთ მათი თამაშით. სანამ ამის საშუალება გვაქვს ვისიამოვნოთ და მრავალი წლის შემდეგ კი, უკვე ალბათ(!) გამართლდება ნათქვამი: დრონი მეფობენ არა მეფენიო. "ბარსა" დღევანდელი ფეხბურთის მეფეა, კატალონია კი–სამეფო!
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]