გზა ბურთის მიმწოდებლიდან მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდობამდე
ოთხმოციანი წლების მიწურულს, "ბარსელონას" ძალიან ცუდი პერიოდი ედგა. კატალონიელი გულშემატკივრები გაბრაზებით და შურით უყურებდნენ მათ მთავარ მტერს, მადრიდის "რეალს", რომელიც ტიტულს ტიტულზე იგებდა. თითქმის 30 წლის მანძილზე "ბლაუგრანამ" ესპანეთის პრიმერა დივიზიონის თასი სულ ორჯერ მოიპოვა, ჩემპიონთა ლიგაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. სწორედ ამ დროს, პრეზიდენტმა ხოსეპ ლუის ნუნიესმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება-კლუბში მწვრთნელად მოიწვია ახალგაზრდა და გამოუცდელი ჰოლანდიელი, იოჰან კრუიფი. სწორედ ამ თავის დროზე დიდმა ფეხბურთელმა ჩამოაყალიბა "ბარსაში" ის სტილი, რომლითაც გუნდი ახლაც კი თამაშობს.
1984-85 წლების სეზონში, როცა "ბარსელონა" გახდა ესპანეთის ჩემპიონი, "ნოუ-კამპზე" ერთი არც ისე მაღალი და სუსტი ბიჭი ფეხბურთელებს ბურთს აწვდიდა. იმ დროს ვერავინ ვერ იფიქრებდა, ვერც თავად ეს ბავშვი და ვერც იქ მყოფი ფეხბურთელები, რომ იგი კატალონიელთა ლეგენდა გახდებოდა. მისი სახელი ხოსეპ გვარდიოლა იყო. პეპი პატარა ქალაქ სანპედორიდან იყო. იგი ადრეული ასაკიდანვე ერთობოდა ბურთის გორაობით და როდესაც შედარებით წამოიზარდა, მშობლებმა "ჟიმნასტიკის" საფეხბურთო სკოლაში შეიყვანეს. მან, თავისი ტექნიკურობით და სისწრაფით გააოცა "ბარსელონას" სკაუტები, რომლებიც ჩასული იყვნენ ამ პატარა ქალაქში, რათა ნიჭიერი ახალგაზრდები ეპოვნათ. სელექციონერებმა გვარდიოლა სინჯებზე დაიბარეს. და აი, 1984 წლის 28 ივნისს, როცა პეპი 13 წლის იყო, დაიწყო საფეხბურთო კარიერა "ბარსელონაში."...
თუმცა იყო ერთი პრობლემა... სიმაღლის არ ქონის და ფიზიკურად სისუსტის გამო ბევრ მწვრთნელს და ექიმს არ ჰქონდათ იმედი, რომ პეპი შეძლებდა ფეხბურთის მაღალ დონეზე თამაშს. როდესაც გვარდიოლა პატარებიდან შედარებით დიდებში გადავიდა, სხვებთან შედარებით იგი ერთიბეწო ბავშვივით იყო. მაგრამ "ბარსაში" გამოჩნდა ექიმი, რომელმაც ჩაატარა კვლევები. დოქტორის თქმით ყველაფერი გამოსწორდებოდა, ეს უბრალოდ დროის საკითხი იყო. ამან ძალიან გაახარა კლუბის ხელმძღვანელობა, რადგან პეპს ტექნიკისა და სისწრაფის გარდა ჰქონდა ისეთი რამ, რაც მხოლოდ ერთეულების ხვედრია. მასში ნამდვილი ლიდერის სული იყო ჩასახლებული. ბრწყინვალედ აკონტროლებდა მოედანზე არსებულ ვითარებას და თავად განაგებდა საკუთარი გუნდის შეტევას.
თავისი მოსვლის პირველივე დღიდან, იოჰან კრუიფმა დაიწყო ახალი გუნდის ჩამოყალიბება. სწორედ ჰოლანდიელმა სპეციალისტმა შექმნა "ბარსელონაში" 3-4-3 სქემა. ფლანგებიდან სწრაფი ფეხბურთელები უტევდნენ, ხოლო ცენტრში ჭკვიანი და დაკვირვებული მოთამაშე იდგა. თავიდან ამ პოზიციაზე მილია თამაშობდა, თუმცა შემდეგ მას რაღაც პრობლემები შეექმნა კლუბში და მადრიდის "რეალში" წავიდა კარიერის გასაგრძელებლად. "ბარსას" ამ პოზიციაზე ახალი ფეხბურთელის ძებნა დასჭირდა. მათ გადაწყვიტეს "ლივერპულიდან" შეეძინათ იან მიოლბი, მაგრამ ეს ტრანსფერი ჩაიშალა. ამ დროს კრუიფის ყურამდე მივიდა სპეციალისტების აღფრთოვანება, რაც გამოწვეული იყო ბიჭისგან, რომელიც იყო 19 წლის და გამოდიოდა "ბარსა ბ-ში".
უკვე 1990 წლის 16 დეკემბერს გვარდიოლას დებიუტი ჰქონდა პირველ გუნდში. მაშინ "ბარსელონამ" კადისი მიიღო საკუთარ მოედანზე. პეპს ეს დღე მაინც და მაინც კარგად არ დაამახსოვრდა, რადგან ნერვიულობამ თავისი ქნა და იგი ვერაფრით გამოირჩა. ამის შემდეგ საფეხბურთო სამყაროში დაიწყეს კრუიფის კრიტიკა. მან ხომ ჩამოყალიბებულ მოთამაშეს, იან მიოლბს, ახალგაზრდა და გამოუცდელი ხოსეპ გვარდიოლა ამჯობინა. მაგრამ იოჰანს სჯეროდა. მას სწამდა პეპის და იცოდა, რომ მისგან ნამდვილ ვარსკვლავს ჩამოაყალიბებდა.
ყველაფერი ისე აგიხდეთ, როგორც ეს ყველაფერი აუხდა კრუიფს. გვარდიოლა ბრწყინვალე იყო "დრიმ-თიმის" ცენტრში. იგი ნამდვილი ლიდერი იყო. მისი გრძელი პასები და ბურთის ფლანგიდან ფლანგზე სწრაფი გადატანები ხშირ შემთხვევაში გოლით სრულდებოდა. მას შეეძლო ტემპის ერთდროულად ამაღლებაც და დადაბლებაც. პეპს "ბარსელონას" მწვრთნელს ეძახდნენ, რომელიც მოედანზე იყო. ხოსეპმა "ბლაუგრანაში" ფეხბურთელის ახალი სახე ჩამოაყალიბა. იგი სამაგალითო იყო ჩავისთვის, ინიესტასთვის და ფაბრეგასისთვის, რომლებიც იმ დროისათვის პატარებში თამაშობდნენ. გვარდიოლამ და კრუიფმა ახალი ერა შექმნეს და ეს ერა კიდევ მრავალი წლის განმავლობაში იარსებებს.
დადგა 1996 წელი და "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა თავისი პოსტი დატოვა. ამ ფაქტის შემდეგ კატალონიაში ორმაგად დაიწყეს გვარდიოლას დაფასება. ამ წელს "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" არც მოგება შეწყვიტეს და არც ტიტულების თავს ზემოთ აღმართვა, თუმცა პეპი ძალიან ახლოს იყო კლუბის დატოვებასთან. ერთადერთი მიზეზი, რატომაც იგი დარჩა, იყო "ბარსას " ახალი მწვრთნელი ლუი ვან გაალი, რომელიც მანამდე ჰოლანდიური "აიაქსის" დამრიგებელი იყო და ესპანელი ფეხბურთელიც ამ გუნდს და ყველა იქ მომუშავეს დიდ პატივს სცემდა. ამის შემდეგ იყო ტრავმები. ხოსეპმა ვერ მოახერხა დახმარებოდა ესპანეთის ნაკრებს 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რადგან კოჭი აწუხებდა და ოპერაციის გაკეთება დასჭირდა. ნაკრები ვახსენეთ და ბარემ ვთქვათ, რომ იქ გვარდიოლა ცუდად არ თამაშობდა, თუმცა როგორც თავად ამბობდა, ამას იმიტომ აკეთებდა, რომ კატალონიას არ ჰქონდა უფლება მიეღო გათამაშებაში მონაწილეობა საკუთარი გუნდით...
საბოლოოდ, ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე პეპმა განაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებდა "ბარსელონას". მის წასვლას არანაირი კრიტიკა და ხმაური არ მოჰყოლია. ისე მშვიდად წავიდა, როგორ მშვიდადაც მოვიდა. მან ახალი გუნდის ძებნა დაიწყო. იყო საუბარი, რომ იგი თავისი კუმირის, მიშელ პლატინის ყოფილ კლუბში, "იუვენტუსში" გადავიდოდა, თუმცა "ბებერ სინიორიტას" სათავეში მარჩელო ლიპი ჩაუდგა, რომლის გეგმებშიც გვარდიოლა არ შედიოდა. ხოსეპს არ სურდა რომელიმე ესპანურ გუნდში გადასვლა, რადგან ვერ წარმოედგინა თავისი თავი "ბარსას" საპირისპიროდ. საბოლოოდ კვლავ "სერია ა" არჩია და "ბრეშიას" მაისური ჩაიცვა. პირველივე წელს დოპინგთან დაკავშირებით შეუქმნეს პრობლემები კატალონიელ ფეხბურთელს. სწორედ ამიტომ იგი "რომაში" გადაბარგდა. დედაქალაქში ვერ დაიმკვირდა ადგილი, რადგან "მგლები" სხვა სტილის ფეხბურთს თამაშობდნენ. პეპი კვლავ "ბრეშიაში" ბრუნდება. კარიერის მიწურულს, ნახევარმცველმა გადაწყვიტა აზიაშიც გაესეირნა, კერძოდ კი "ალ-აჰლიში". ის იქ ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა და ორი წლის განმავლობაში საუკეთესოდ ასახელებდნენ. 2005 წელს პეპმა მექსიკური გუნდისგან, "დორადოს დე სინალოასგან" მოულოდნელი წინადადება მიიღო და სწორედ იქ, 10 მატჩის ჩატარების შემდეგ დაასრულა კარიერა.
"ბარსელონას" ლეგენდამ ამ დიდი და ხანგრძლივი საფეხბურთო ისტორიის შემდეგ გადაწყვიტა გამხდარიყო მწვრთნელი. იგი "ბარსა ბ-ს" ჩაუდგა სათავეში და შექმნა თავისი სქემა. სქემა, რომელიც შეისწავლა იოჰან კრუიფისგან. პეპის გუნდის თამაშის დროს შეამჩნევდი "დრიმ-თიმის" კვალს. გვარდიოლა დიდ დროს უთმობდა მოწინააღმდეგის თავიდან ბოლომდე შესწავლას. კატალონიელთა მეორე გუნდი 4-3-3 ტაქტიკით თამაშობდა, თუმცა მათი მთავარი მწვრთნელი არ ივიწყებდა კრუიფისებულ 3-4-3-ს.
პირველი სეზონის შემდეგ, გვარდიოლამ "ბარსა ბ" "ტერსერას" ჩემპიონი გახადა. ჭორები იმის შესახებ, რომ იგი "ბარსელონას" პირველი გუნდის დამრიგებელი უნდა გამხდარიყო, დიდი ხანია დადიოდა. საბოლოოდ ბევრი მითქმა მოთქმის შემდეგ, ოფიციალურად დამტკიცდა: "ბლაუგრანას" ახალი მწვრთნელი ჰყავდა-ხოსეპ გვარდიოლა. ბევრს აღარ ვისაუბრებ იმაზე, რასაც "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" მიაღწიეს პეპის მეთაურობით. ისინი აგრძელებენ შესანიშნავად გამოსვლას. ბევრი მათ ახალ "დრიმ-თიმს" ეძახის. ეს გვარდიოლამ შექმნა, იოჰან კრუიფის შთამომავალმა.
...ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ გვარდიოლამ იცის რატომ წავიდა და რატომ დაბრუნდა...მას აქ არასოდეს დაივიწყებენ...
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]