პიკეს ინტერვიუ
"ელ მუნდო დეპორტივოს" ჟურნალისტი გაესაუბრა კატალონიის "ბარსელონასა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს, ხერარდ პიკე ბერნაბეუს. გთავაზობთ ინტერვიუს...
- როგორ გრძნობთ თავს მას შემდეგ, რაც ერთთვიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდით მოედანს?
- მშვენივრად ვგრძნობ თავს. ნელ-ნელა ვვარჯიშობ თანაგუნდებელთან ერთად და ერთი სული მაქვს როდის ვითამაშებ "ბარსასთან" ერთად. მე 90 წუთი ვითამაშე ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში და დისკომფორტს არ ვგრძნობ. შესაძლოა შოტლანდიის წინააღმდეგაც ვითამაშო. დამიჯერეთ, ყველაზე რთულია სეზონის დასაწყისში ტრავმის მიღება, რადგანაც დაუბრუნდე სასურველ ფორმას - ეს მძიმე შრომას მოითხოვს, თუმცა ყველაფერი წარსულში დარჩა. როდესაც დავბრუნდები სანაკრებო ბატალიებიდან, დავიწყებ "რასინგზე" ფიქრს, შესაძლოა ძირითად თერთმეტეულშიც აღვმოჩნდე.
- როგორი ატმოსფერო იყო ნაკრების გასახდელში მას შემდეგ, რაც "ბარსასა" და "რეალს" შორის ამდენი რამ მოხდა?
- სხვათაშორის, ძალიან კარგი. ბოლო "კლასიკოების" შემდეგ ურთიერთობა მართლაც ძალიან დაიძაბა და საერთო ენას ვერ ვპოულობდით ერთმანეთთან, მაგრამ დღეს ბრწყინვალე ატმოსფერო სუფევს ნაკრებში. ყოველთვის ვიცოდი, რომ მადრიდის "რეალში" მოთამაშე ესპანელები კარგი ხალხი იყვნენ და ამიტომაც არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია. ის, რაც მოხდა, იყო საკუთარ თავებზე კონტროლის დაკარგვა.
- მართალია, სუპერ-თასის შეხვედრების შემდეგ თქვენ მართლაც თქვით, რომ მადრიდელები კარგი ხალხია, თუმცა ამან ყველა გააკვირვა, განსაკუთრებით იმ ეპიზოდების შემდეგ, რომელიც მოხდა მარსელოსა და ფაბრეგასს, მოურინიოსა და ვილანოვას შორის.
- ეს სიმართლეა, მე ახლაც ამ აზრზე ვარ, რომ ისინი ბრწყინვალე ადამიანები არიან. როდესაც პირველად შევაღე ნაკრების კარი, მე მადრიდელები ხელგაშლილი დამხვდნენ, რამაც ყველაფერი გამიმარტივა. "კლასიკოებში" მომხდარი კონფლიქტი კი გამოწვეულია მაღალი მღელვარებით.
- იმ საუბრებმა, რომლებიც იყო კასილიასს, პუიოლსა და ჩავის შორის, სიტუაცია უკეთესობისაკენ შეცვალა?
- დიახ, რა თქმა უნდა. ისინი ერთმანეთს წლებია იცნობენ და სამივეს უდიდესი წვლილი მიუძღვის იმ ატმოსფეროს დაბრუნებაში, რომლითაც მოვიგეთ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები. ნაკრებმა 13 შეხვედრა ზედიზედ მოიგო და არ გვსურს ამ ერთიანობის შეწყვეტა.
- გასაგებია, რომ შესანიშნავი ატმოსფერო ჩამოყალიბდა, მაგრამ რაიმე ზეგავლენა ხომ არ მოახდინა ამ ურთიერთობაზე სანქციებმა, რომლებიც დაეკისრათ მოურინიოსა და ვილანოვას?
- ყველამ კარგად ვნახეთ, რაც მოხდა. ამიტომ ვეთანხმებით ყველაფერს და ვაგრძელებთ წინსვლას. ნამდვილად არ მსურს დავიხარჯო იმაზე, რაც მთელმა მსოფლიომ ნახა.
- როგორ ფიქრობთ, დეკემბრის "კლასიკო" იქნება "ნორმალური" მატჩი? თუ ბოლო თამაშებივით უსიამოვნო ინციდენტებით აღსავსე?
- ტემპერატურა ყოველთვის მატულობს მაშინ, როდესაც ერთმანეთის პირისპირ წარსდგებიან "ბარსელონა" და "რეალი", რადგანაც ეს მსოფლიო ფეხბურთის საუკეთესო სპექტაკლია. რა თქმა უნდა, დაძაბულობა პიკს მიაღწევს, მაგრამ ბრწყინვალე იქნება, თუ მატჩი უსიამოვნო ინციდენტების გარეშე ჩაივლის. ჩვენ ფეხბურთელები ვართ, მაგრამ პირველ რიგში ადამიანები, სწორედ ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი.
- თქვენ მცველი ხართ, მაგრამ პეპ გვარდიოლა სულ უფრო ცოტა მცველით თამაშობს. ახლა მან შეიმუშავა ტაქტიკა 3-4-3, რას ფიქრობთ?
- მე მითამაშია ასეთი განლაგების გუნდში. ეს კარგი ტაქტიკაა, რომელმაც მე გამოცდილება უნდა შემძინოს. ამისთვის მძიმე შრომაა საჭირო, მუდამ უნდა ჩაშალო მეტოქის შეტევები და ბურთი წინ გადააწოდო პარტნიორებს, რატა განხორციელდეს შეტევა, მაგრამ სიმართლეს გეტყვით, ძალიან მომწონს ეს სქემა. ასეთი ტაქტიკა ასევე გვეხმარება სრულ მობილიზებაში, რადგანაც ერთი შეცდომა შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს.
- ხო, მაგრამ შესაძლოა სამივე ცენტრალურ მცველს მოგიწიოთ სათადარიგოზე ჯდომა, პიკეს, პუიოლსა და ფონტასს. რას ფიქრობთ, ცოტა მცველი, ნაკლები სათამაშო დრო?
- ეს გადაწყვეტილება მწვრთნელის მისაღებია, ხოლო მე მას ყოველთვის ვეთანხმები. მართალია, ცენტრალური მცველები რაღაც პრობლემების გამო ხშირად ვერ ვთამაშობდით, მაგრამ "მაშე" (საუბარია მასკერანოზე ავტ.) ყველაფერს უმაღლეს დონეზე ასრულებდა. აბიდალი და ალვეში კი ბრწყინავენ ფლანგებზე. სწორედ ეს არის "ბარსელონა". მრავალფეროვნება სწორედ იმაშია, რომ არავინ იცის როდის დაისვენებს ან როდის ითამაშებს. სწორედ ამით ვსულდგმულობთ და ძალიან მომწონს აქ ყველაფერი.
- სეზონის დასასრულისკენ აქტუალური გახდება პეპ გვარდიოლას კონტრაქტის საკითხი, რომელიც 2012 წლის ივნისში იწურება. ასევე საუბარია შესაძლო გახანგრძლივებაზე. თქვენ მას ბრწყინვალედ იცნობთ, რას ფიქრობთ, იქნება ხოსეპ გვარდიოლა "ბარსელონას" ალექს ფერგიუსონი?
- ნამდვილად ვერ ვეტყვი პეპს იმას, რომ გაახანგრძლივოს კონტრაქტი, რადგანაც ის ამის შესახებ მთელი წელი ფიქრობს და როგორც წესი, ყველაფერი კონტრაქტზე ხელის მოწერით მთავრდება. ის ერთობა საკუთარი სამუშაოთი, ჩვენ გვჯერა მისი და ვასრულებთ პეპის დავალებებს პირნათლად. მჯერა, რომ დღევანდელი "ბლაუგრანა" მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა და ვერავინ შეძლებს ჩვენს გატეხვას. ვფიქრობ, პეპს არანაირი მიზეზი არ აქვს გუნდიდან წასვლისა და იგი დარჩება კლუბის მწვრთნელად.
- რამდენიმე დღის წინ თქვენ საკუთარ "ტვიტერზე" დაწერეთ ფრანზა "დონ კიხოტიდან": "ისინი ტყუიან, ეს იმის ნიშანია, რომ ჩვენ წინ მივიწევთ". ეს ყველაფერი მოურინიოს სანქციას ეხებოდა თუ პირად ცხოვრებას?
- ყველამ ისე გაიგოს, როგორც სურს. მე ხომ ვიცი რატომაც დავწერე?
- ამან ზეგავლენა ხომ არ მოახდინა თქვენსა და შაკირას ურთიერთობაზე? ალბათ იცით, რომ უამრავი ჭორი დადის თქვენზე...
- სიმართლე იმაში გახლავთ, რომ არც ტელევიზორს ვუყურებ ხშირად და არც პრესას ვკითხულობ, ამიტომაც ნამდვილად არ ვიცი რა აზრისაა ხალხი ჩვენს უერთიერთობაზე. ინფორმაციებს მეგობრები მაწვდიან, თუმცა ჭორებზე ძალიან, ძალიან ცოტას ვფიქრობ. მე მხოლოდ ფეხბურთზე ვარ ორიენტირებული, რადგანაც წინ უამრავი გამოწვევაა, რომელის პირისპირაც უნდა წარვსდგეთ.
- გთხოვთ გაიხსენოთ საუკეთესო მატჩი იმ 149 გამართული შეხვედრიდან, რომელშიც "ბარსას" მაისურით იასპარეზეთ...
- საუკეთესო მატჩი იყო 2-6 "სანტიაგო ბერნაბეუზე". ეს იყო ბრწყინვალე გამარჯვება უშუალო მეტოქეზე და ამ მატჩში გოლის გატანაც მოვახერხე. არასდროს დამავიწყდება ეს მომენტი...
- ყველაზე ცუდი მატჩი?
- ყველაზე ცუდი მატჩი კი იყო ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის განმეორებითი შეხვედრა "ინტერთან", 2010 წელს, როდესაც ჩვენ "კამპ ნოუზე" ვუმასპინძლეთ მათ. 1:0 გავიმარჯვეთ, მაგრამ ბურთების შეფარდებით იტალიელებმა გვაჯობეს. რამდენიმე დღე ძალიან ცუდად ვიყავი, რადგანაც წარმომედგინა, როგორ ვიასპარეზებდით გამარჯვების შემთხვევაში ზედიზედ მეორე წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში.
- ყველაზე საშიშ თავდამსხმელად ვის მიიჩნევთ?
- მე გაოგნებული დავრჩი, როდესაც მომიწია დიდიე დროგბას წინააღმდეგ თამაში. ის ძალიან ძლიერია და არის პოტენციური თავდამსხმელი. შეუძლია უამრავი სარგებლის მოტანა. ძალიან საშიში მეტოქეა.
- საუკეთესო მეკარე?
- მე კარგად მახსოვს სამეფო თასის შეხევდრა "სევილიასთან", იქ ანდრე პალოპი ბრწყინვალე იყო. ასევე აღვნიშნავ ჟულიო სეზარის კარგ თამაშს ჩვენს წინააღმდეგ.
- საუკეთესო რეფერი?
- ხალხი ამბობს მატეუ ლაოსია საუკეთესოო და მეც ვეთანხმები. მას აქვს ინგლისური სტილი. მხოლოდ მაშინ უსტვენს, როდესაც აუცილებელია.არ სჩვევია მცირე ხარვეზების გამო მატჩის შეჩერება.
- საუკეთესო გოლი, რომელიც გაგიტანიათ?
- მიუხედავად იმისა, რომ წარმატებას ვერ მივაღწიეთ იმ მატჩში, ვთვლი, რომ ჩემი საუკეთესო გოლი იყო "ინტერთან". მემგონი მცველისთვის მართლაც შტამბეჭდავი მოძრაობა გავაკეთე... (იცინის).
- საუკეთესო სტადიონი?
- "ოლიმპიკო დე რომა". ადგილი, სადაც 2009 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში აღვმართეთ თასი.
- საუკეთესო გულშემატკივრები?
- "სევილიას" ფანები. ისინი მთელი მატჩის განმავლობაში მღერიან საკუთარი ფეხბურთელების გასამხნევებლად.
P.S. ინტერვიუ ჩაიწერა 12 ოქტომბერს !
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]