ბუსკეტსი" ჩვენ ვეთამაშებით "მილანს" და არა იბრაჰიმოვიჩს"
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სერხიო ბუსკეტსმა ისაუბრა ჩემპიონთა ლიგის მომდევნო შეხვედრაზე და შეაფასა მადრიდის "რეალი" "კლასიკოს" წინ.
ბუსკეტსმა მკაფიოდ განმარტა, რომ "მილანი" უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ზლატან იბრაჰიმოვიჩი. ნახევარმცველის განცხადებით, ოთხშაბათს გასამართი შეხვედრა არ მიიღებს პირადი რევანშის ან დუელის სახეს: "ჩვენ ვეთამაშებით "მილანს" და არა ცალკეულად რომელიმე ფეხბურთელს. ეს იქნება შეხვედრა "მილანსა" და "ბარსას" შორის და არა იბრაჰიმოვიჩსა და "ბარსას" შორის."
ნახევარმცველი გუნდის გეგმებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ კატალონიელები იტალიაში ქულების მოსაპოვებლად ჩადიან. "ჩვენ მილანში მივდივართ მოსაგებად, სამი ქულის მოსაპოვებლად და ჯგუფში პირველობის განსამტკიცებლად."
ბუსკეტსმა მწუხარება გამოთქვა ანდრეს ინიესტას ტრავმის გამო. მოგეხსენებათ, ესპანელი ნახევარმცველი განაცხადს მიღმა დარჩა. "ანდრესი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. საბედნიეროდ მისი ტრავმა არ არის სერიოზული."
ლიონელ მესიზე საუბრისას ბუსკეტსმა განაცხადა: "ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და ჩვენთვის ბევრს აკეთებს."
სერხიო ბუსკეტსი მადრიდის "რეალსაც" შეეხო და აღნიშნა, რომ დედაქალაქელები ძალიან კარგ ფორმაში არიან. "ასეთი ძლიერი მადრიდელები არასდროს მინახავს. ისინი უკვე დიდი ხანია ერთად თამაშობენ და ძალიან ძლიერები არიან. "რეალი" რამდენიმე ქულას დაკარგავს, როგორც ყოველ წელს ხდება. შესაძლოა "კლასიკო" გადამწყვეტი აღმოჩნდეს."
ბუსკეტს შეკითხვა დაუსვეს "ვალენსიასა" და "რეალს" შორის გამართული მატჩის დროს მომხდარ ინციდენტზე, როდესაც იგუაინმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა. "ეს მსაჯის საქმეა, მაგრამ რთულად შესაფასებელი სიტუაციაა. მსაჯმაც შეიძლება, რომ შეცდომა დაუშვას."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]