5 მიზეზი თუ რატომ უნდა მოუგოს "ბარსამ" "ლევანტეს"

5 მიზეზი თუ რატომ უნდა მოუგოს "ბარსამ" "ლევანტეს"

 

როგორც მოგეხსენებათ, დღეს თბილისის დროით 23:00 სთ–ზე უნდა დაიწყოს ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე–14 ტურის შეხვედრა კატალონიის "ბარსელონასა" და "ლევანტეს" შორის. მასპინძლებს ბევრი მიზეზი აქვთ მოსაგებად. მოდით განვიხილოთ ხუთი ყველაზე მთავარი ფაქტი, რაც გვაძლევს წინაპირობას, რომ "ლურჯ–ბროწეულისფერები" მოწინააღმდეგეს "გადაურბენენ".

 

1. დავიდ ვილას დაბადების დღე. როგორც იცით, დღეს ესპანელი თავდამსხმელი 30 წლის გახდა. ძალიან კარგად დაემთხვა ლა ლიგის მატჩი მის დაბადების დღეს და ნამდვილად ბრწყინვალე საჩუქარი იქნება მისთვის ამ თამაშის მოგება. ასევე მოსალოდნელია ისიც, რომ "ელ გუახე" ამ ფაქტს გოლით ან საერთოდ გოლებით აღნიშნავს და კიდევ უფრო მკაფიოს გახდის თავისი გუნდის გამარჯვებას.

 

2. ხოსეპ გვარდიოლას მე–100 მატჩი "კამპ ნოუზე". დღევანდელი დაპირისპირება პეპისთვის, როგორც მწვრთნელისთვის მე–100 იქნება "კამპ ნოუზე". ასე რომ ეს კიდევ ერთი აღსანიშნავი ფაქტია და თავის მხრივ პროფესიონალი დამრიგებელი ყველაფერს იზამს, რათა ფეხბურთელები მოსაგებად განაწყოს.

 

3. "ბარსელონას" საკუთარ კედლებში ბურთების შეფარდება. უკვე ზედიზედ 12 მატჩია პრიმერა დივიზიონში კატალონიელები "კამპ ნოუზე" გოლს არ უშვებენ. მათ მეტოქის კარი 34–ჯერ აიღეს და საკუთარი კი მშრალად შეინახეს. ასე რომ "ლურჯ–ბროწეულისფერები" ამ ტრადიციის გაგრძელებასაც შეეცდებიან და ყველაფერს იზამენ, რათა რაც შეიძლება ბევრი გოლი გაუტანონ "ლევანტეს", ვალდესი კი კვლავ თავაწეული გამოვიდეს მოედნიდან.

 

4. მოახლოებული "ელ კლასიკო". ზუსტად ერთი კვირაღა დარჩა უდავოდ მსოფლიოს ყველა დროის ერთ–ერთ საუკეთესო დაპირისპირებამდე. 10 დეკემბერს მადრიდის "რეალი" "ბარსელონას" უმასპინძლებს. ხასიათის და ასევე ქულებში იგივე სხვაობის შესანარჩუნებლად აუცილებელია "ბლაუგრანამ" წინა მატჩი მოიგოს. "ლევანტეს" განსაკუთრებით მოუწევს დაცვის გაძლიერება, რადგან "კლასიკოს" წინ "ბარსას" ფეხბურთელები ყოველთვის აღფრთოვანებულები არიან და ჩვეულებრივზე ბევრად ლაღ ფეხბურთს თამაშობენ.

 

5. ვითომდა დაკარგული დიდების დაბრუნება. ბევრი ფეხბურთის გულშემატკივარი ამბობს, რომ ამ ბოლო დროს "ბარსელონა" ისე ვეღარ თამაშობს, როგორც ამას გასულ წლებში აკეთებდა. კატალონიელებმა უმნიშვნელოვანესი 3 ქულა დაკარგეს "ხეტაფესთან" და ეს ბევრს მათი უკუსვლის დასაწყისი ჰგონია. მართალია "ლურჯ–ბროწეულისფერებმა წინა ტურში "რაიო ვალიეკანო" გაანადგურეს, მაგრამ აუცილებელია ამ ტურშიც იგივეს გამეორება.

 

ასე რომ, ზემოთ მოყვანილი ფაქტების შემხედვარე, "ბარსელონამ" ქვა–ქვაზე არ უნდა დატოვოს და "ლევანტე" სახლში კუდამოძუებული უნდა გაუშვას.

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.