ანდრეს ინიესტას პრეს-კონფერენცია
ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველი, ანდრეს ინიესტა, ამბობს, რომ საკლუბო ჩემპიონატის მოგება ურთულესი იქნება, თუმცა ჩემპიონობა წლის საუკეთესო დასასრულია და ისინი ბედნიერები შეხვდებიან შობას.
სულ რაღაც 24 საათი დარჩა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალურ შეხვედრამდე და "ბარსა" მთლიანადაა კონცენტრირებული ამ მატჩზე. გუნდის ერთ-ერთმა საკვანძო ფიგურამ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ გუნდი იაპონიაში ჩამოვიდა უდიდესი "ინთუზიაზმითა და მსოფლიო პირველობის სურვილით". ინიესტამ ასევე ისაუბრა იმ ურთულეს გზაზე, რომლითაც ამ ჩემპიონატში მოხვდა "ბლაუგრანა": "აქ მოსახვედრად საჭიროა ჩემპიონთა ლიგის მოგება, რაც დღესდღეობით არცთუ ადვილია. თუ ჩემპიონები გავხდებით, წლის შესანიშნავი დასასრული იქნება და ბედნიერი შობა გაგვითენდება".
ეიფორია
მიუხედავად იმისა, რომ ქომაგები ძალიან შორს არიან იაპონიიდან, ინიესტას სურს, რომ თავისი ბედნიერება გამოხატოს მას შემდეგ, რაც 1:3 იმარჯვეს "ბერნაბეუზე": "გამარჯვებამ უამრავი რამ შეგვმატა. ჩვენზეც გადმოვიდა ფანების ეიფორია. როდესაც ასეთ შეხვედრაში იმარჯვებ, ძალიან ბევრს ნიშნავს მომავლისთვის". "ლურჯ-ბროწეულისფერები" ახლა ბევრად უფრო თვითდარწმუნებულები არიან "ალ-სადთან" შეხვედრაში. ესპანელმა ასევე განაცხადა, რომ მადრიდელებზე გამარჯვება ჩემპიონობას არ ნიშნავს.
კარგი შეგრძნებები
"არ ვიცი როგორ იმოქმედებს ეს მარცხი მადრიდის "რეალზე". მე მხოლოდ საკუთარი გუნდის მდგომარეობაზე შემიძლია საუბარი და გეტყვით, რომ ატმოსფერო ბრწყინვალეა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო გამარჯვება". კატალონიელთა 8 ნომერმა ასევე ისარგებლა მომენტით და განაცხადა, რომ "ბარსელონა" ყველა გუნდის წინააღმდეგ ერთნაირად თამაშობს, იქნება ეს მატჩი "ჰოსპიტალეტთან" თუ "სან სიროზე".
განსაკუთრებული ჩემპიონატი
ინიესტასთვის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ძალიან მნიშვნელოვანია. 2009 წელს ანდრეს ინიესტა დაშავდა ამავე ჩემპიონატის ნახევარ-ფინალში და ამიტომ გამოტოვა ფინალი: "ჩემთვის ეს ექსტრა-მოტივაციაა. იმ წელს უამრავი პრობლემები მქონდა ტრავმების გამო, ახლა კი იმედი მაქვს, რომ შევძლებ ფინალში თამაშს".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]