ლიონელ მესი - "სხვის კმაყოფაზე მყოფი ინდივიდუალისტი"

ლიონელ მესი - "სხვის კმაყოფაზე მყოფი ინდივიდუალისტი"

 

მაშ ასე, დღევანდელ სტატიაში მსურს ვისაუბრო კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელ ფენომენზე, რომლის შესაძლებლობებსაც საზღვარი არ აქვს, თუმცა უამრავი ადამიანი მას აკნინებს და "აცხოვრებს" იმ ჩრდილის ქვეშ, რომელსაც თვითონ ჩავისა და ინიესტას ეძახიან. ზოგს შეიძლება მოეჩვენოს, რომ საფეხბურთო ექსპერტივით ვმსჯელობ, თუმცა რეალობას ყველამ თვალი უნდა გავუსწოროთ, ამიტომაც ვსაუბრობ ამ პიროვნებაზე.

 

არსებობს უამრავი მოსაზრება იმის შესახებ, იქნება თუ არა ლიონელ მესი ისეთივე ბრწყინვალე ჩავისა და ინიესტას გარეშე, როგორიც დღესაა. რა თქმა უნდა, ამაზე პასუხი არავის არ აქვს და ლეოს მოძულეებს არგუმენტად მოჰყავთ ის, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია "ჩავიესტას" პასის შემდეგ გოლის გატანა. ნუთუ გულის სიღრმეშიც ამ აზრზე არიან? რატომღაც არამგონია და რატომ? იმიტომ, რომ გუნდში არიან უმაღლესი დონის ფორვარდები: დავიდ ვილია, პედრო როდრიგესი, ალექსის სანჩესი. რა თქმა უნდა, არ ვაკნინებ არცერთ მათგანს და მეტიც, უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ მებადება ასეთი კითხვა, რატომ არ აქვთ ამ პიროვნებებს ისეთივე ციფრები და მაჩვენებლები, როგორიც ლიონელ მესის? ნუთუ ესპანელთა ტანდემი მხოლოდ არგენტინელის პასებით მომარაგებაზე ზრუნავს? არა მეგობრებო, არა, აქ საქმე ეხება საშემსრულებლო ოსტატობასა და ფენომენალურობას, რომელსაც ერთად იტევს ლიონელ მესი და ბრწყინვალედ აქვს შერწყმული ერთმანეთში. ჩემი აზრით, არგენტინელი ისეთივე შთამბეჭდავი იქნება გიგზი-სქოულზის, ალონსო-კაკას გვერდით, როგორც დღეს არის "ჩავიესტასთან" ერთად. მისი ნიჭი და შესაძლებლობა იმდენად დიდია, რომ დღევანდელი ფეხბურთელები უბრალოდ ვერაფერს უპირისპირებენ, სწორედ ამიტომ ხდება, რომ ზედიზედ მესამე წელია ოქროს ბურთს არავის უთმობს "ოქროს ბიჭუნა". აქვე ვეიტყვი იმას, რომ არ ვუკარგავ ჩავის გენიალურობასა და ინიესტას ელეგანტურობას, მაგრამ იმაზე დავა თუ როგორი იქნება ლიონელი მათ გარეშე, უბრალოდ უაზრობად მიმაჩნია. მოდით გავიხსენოთ 2010/2011 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ½ ფინალის პირველი მატჩში "სანტიაგო ბერნაბეუზე". ლიონელ მესიმ ბრწყინვალე სოლო რეიდი შეასრულა, გზად 5 მადრიდელი ჩამოიშორა და გაოგნებული დატოვა დიდებული კასილიასი. საინტერესოა, როგორ ახსნის ამას თითოეული მადრიდისტა? იქნებ ჩავიმ ხელით დაიჭირა რომელიმე მცველი, ან თუნდაც ინიესტამ ბოლო წამს იკერს ყურადღება გაუფანტა? რა თქმა უნდა, ეს სრული აფსურდია. ამ მომენტში ადგილი ჰქონდა უბადლო ოსტატობას, რომელიც მხოლოდ თითო-ოროლას თუ გამოსვლია, მაგ: დიეგო მარადონა, იოჰან კრუიფი, რონალდო (კიჭა) და სხვ.

 

ახლა გადავიდეთ უშუალოთ მესის თანაგუნდელებზე, თუ რას ფიქრობენ ისინი არგენტინელზე. ხერარდ პიკემ, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს მცველად მიიჩნევა და მისი მოტყუება ერთი-ორს გამოსდის, აცხადებს, რომ ვარჯიშებზეც კი ლეოს შეჩერება თითქმის შეუძლებელია. ურთულესი ამოცანის წინაშე დგება თვით კარლეს პუიოლიც მესის პირისპირ თამაშისას. შეგახსენებთ, რომ პუიოლი მრავალი წელია "ბარსელონას" კაპიტნობს და უდიდესი გამოცდილება აქვს საუკეთესო თავდამსხმელების წინააღმდეგ თამაშისა, მაგრამ 90% ლიონელის წინააღმდეგ "უძლურია". ნუთუ ეს არაფერს ნიშნავს? ნებისმიერი ფეხბურთელი, დაწყებული კახა კალაძით, დამთავრებული კრისტიანო რონალდოთი, ხოტბას ასხამს არგენტინელ ფეხბურთელს, მაგრამ ჩვენი "განსაკუთრებული" იხტიბარს არ იტეხს. იგი დაჟინებით ამბობს, რომ ლიონელი არის რიგითი მოთამაშე მოედანზე, რომელსაც არანაირი განსაკუთრებული ძალა არ აქვს მატჩის ბედის გადასაწყვეტად. (აღარ დავკონკრეტდები რამდენჯერ გადაუწყვიტა "რწყილმა" "განსაკუთრებულს" მატჩის ბედი)

 

ახლა რას ამბობს მასზე ტიაგო სილვა: "ის ძალიან ტექნიკური და ძალიან სწრაფი ფეხბურთელია. მასთან მიმართებაში გადაწყვეტილები მომენტალურად უნდა მიიღო და როცა მის წინაშე დგახარ, პირჯვარი უნდა გადაიწერო და ილოცო, რომ ის შეაჩერო." ამას აცხადებს ფეხბურთელი, რომლითაც მთელი ევროპა მოხიბლულია და "როსონერი" კი აპირებს, რომ კაპიტნის სამკლავური გადასცეს. წარმოუდგენელია, მაგრამ 1.69სმ სიმაღლის ჭაბუკი მსოფლიოს აზანზარებს. არაკეთილმოსურნეები კი აცხადებენ, რომ ჩავი და ინიესტა მთავარ როლს თამაშობენ. რა თქმა უნდა, უდიდესია მათი ღვაწლი მესის წარმატებაში და იმსახურებენ მსოფლიოს აღიარებას. თვით ესპანელთა დუეტი კი ამბობს, რომ მესი მათ თამაშს უადვილებს. აი სწორედ ეს არის ყველაფრის თავი და თავი. არგენტინელი უადვილებს ნახევარმცველებს თამაშს და აძლევს იმის საშუალებას, რომ აკეთონ გამჭოლი გადაცემები, გადაკიდონ პარაშუტები. რატომ იმავეს არ საუბრობენ ვილიაზე? რომელიც უმაღლესი კლასისა და უდიდესი გამოცდილების მქონე ფორვარდია? საქმეც ამაშია, მესი საკუთარი საქმის საუკეთესოდ შემსრულებელია.

 

ამიტომაც ვაცხადებ, რომ ლიონელ ანდრეს მესი არ არის "სხვის კმაყოფაზე მყოფი ინდივიდუალისტი", ის არის უბრალოდ უბადლო შემსრულებელი, მატჩის ბედის გადამწყვეტი და დამაგვირგვინებელი ფაზის მეფე!!! სწორედ ამის თქმა მსურდა მეგობრებო, იმედია სწორად მიხვდით ჩემს ნათქვამს...

 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.