ფეხბურთელი, რომელიც მუდამ ფორმაშია...

ფეხბურთელი, რომელიც მუდამ ფორმაშია...

მოგესალმებით! მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სტატია დაწერილა ამ ფეხბურთელზე, მაინც მსურს კიდევ ერთხელ გადავავლოთ მის საფეხბურთო კარიერას თვალი. ის ხომ ასეთი ბრწყინვალეა, ელეგენტური (ფეხბურთი მაქვს მხედველობაში). მისი თითოეული მოძრაობა ხომ სიამოვნებას ანიჭებს ეკრანებთან მიჯაჭვულ ფეხბურთის მოყვარულებს. მოკლედ, დონ ანდრეს ინიესტა ლუხანი...

 

ანდრეს ინიესტა ლუხანი ქვეყანას 1984 წლის 11 მაისს მოევლინა. მისი დაბადების ადგილი გახლავთ ფუენტეალბილა. ბიჭუნამ სწორედ ამ ქალაქის საფეხბურთო სკოლას მიაკითხა ადრეულ ასაკში. ეს გუნდი გახლდათ "ალბასეტე", რომლის აქციების ნაწილი დღესდღეობით ანდრესს აქვს შეძენილი. 12 წლის ასაკში ალბასეტელი ჭაბუკი გადმობარგდა "ბარსელონაში", სადაც შეუმჩნეველი არ დარჩენილა მისი ტალანტი და საფეხბურთო აზროვნება. 2001 წელს ინიესტამ ადგილი დაიმკვიდრა "ბარას ბ"-ს ძირითად შემადგენლობაში და ზუსტად 2 წლის შემდეგ იგი ძირითად გუნდში მოგვევლინა. 2005 წლის შემდეგ კი გუნდის უცვლელი წევრია.

 

ინიესტა მიეკუთვნება იმ ფეხბურთელთა რიცხვს, რომლებიც პატივისცემასა და სიმპატიებს იმსახურებენ ნებისმიერი გუნდის ქომაგებში. მისი თამაშის მანერა უბრალოდ ენით აუწერელია. შეუძლია ითამაშოს როგორც ნახევარმცველად, ისე ვინგერად, რაც ერთი-ორად ურთულებს საქმეს მოწინააღმდეგე გუნდის მცველებს. ანდრესს შეუძლია გამოუვალი სიტუაციიდან თავი ისე დაიძვრინოს, რომ მეტოქესთან ერთად მაყურებელიც გაოგნებული დატოვოს. ამას, რა თქმა უნდა, წინ უძღვის მისი თავდაუზოგავი შრომა. ალბასეტელ ბიჭს შესანიშნავი ურთიერთობა აქვს ბურთთან. ისინი ძმებივით უგებენ ერთმანეთს. მისი თითოეული მოძრაობა, თითოეული შეხება ბურთთან... უბრალოდ ფანტასტიკის სფეროდანაა... შეიძლება ზოგმა გადაჭარბებულადაც მიიჩნიოს, თუმცა მათ ვურჩევ, რომ უყურონ ინიესტას თამაშს და მიხვდებიან რაშიცაა საქმე. ვთვლი, რომ ბევრი მას ისე არ აფასებს, როგორც საჭიროა, თუმცა გენიალურობა თავისას მაინც გაიტანს. ანდრესს შეუძლია მეტოქეთა 3-4 ფეხბურთელს ძალიან ადვილად გაუმკლავდეს და შექმნას სახიფათო მომენტი, რომელსაც ან თვითონ დააბოლოვებს ან თანაგუნდელს დააგვირგვინებინებს.

 

დონ ანდრესის მიღწევები ყველაფერზე მეტყველებს. საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე მოგებული აქ ყველაფერი, რაზეც შეიძლება იოცნებოს ფეხბურთელმა. მეტიც, ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონობა ალბასეტელის "კისერზეა". ულამაზესი დარტყმით შეარხია ჰოლანდიელთა კარის ბადე და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში პირველად მოაპოვებინა ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს ნანატრი ჯილდო. იგი მუდამ ფორმაშია, იშვიათად, მეტიც, ათასში ერთხელ ინიესტამ მატჩი ჩააგდოს. როდესაც იგი მოედანზეა ფეხბურთელები თავს მშვიდად გრძნობენ, რადგან ყველამ იცის მისი პროფესიონალიზმის ამბავი. არაერთხელ გადაუწყვეტავს შეხვედრის ბედი და ალბათ არავის გაუკვირდება, თუ გავიხსენებ "სტემფორდ ბრიჯზე" გატანილ გოლს. სწორედ ამ გატანილი ბურთით შეძლო "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის ფინალში ასპარეზობა და შემდეგში გამარჯვება. კატალონიელებმა 1/2 ფინალის პირველი შეხვედრა საკუთარ მოედანზე 0:0 ითამაშეს, ხოლო "ჩელსისთან" სტუმრობისას ესიენის ბრწყინვალე გოლის წყალობით 1:0 აგებდნენ 93 წუთამდე, თუმცა ამ დროს ლიონელ მესის პასი შესანიშნავად გამოიყენა ანდრესმა და საჯარიმოს მისადგომიდან ულამაზესი მოჭრილი დარტყმით დაამწუხრა ლონდონელები.

 

ანდრეს ინიესტა გახლავთ ფეხბურთელი, რომელსაც მთელი "კორნელა" ("ესპანიოლის" სტადიონი) აპლოდისმენტებით ესალმება და აცილებს. ესპანეთის ყველა მოედანზე მას უდიდეს პატივს სცემენ და არასდროს უსტვენენ. ეს ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს, იგი ბრწყინვალე პიროვნებაა. იშვიათობაა ფეხბურთში ასეთი მოთამაშის ხილვა და თითოეული "ბარსელონას" ქომაგი უნდა ამაყობდეს, უხაროდეს, რომ ეს ადამიანი ჩვენთანაა და აძლიერებს "ბლაუგრანას". ანდრესი ყოველი გუნდისთვის სასურველი მოთამაშეა, რადგანაც მუდამ ფორმაშია და ყოველთვის აკონტროლებს მატჩის მიმდინარეობას. მას შეუძლია გაზარდოს ან შეამციროს შეხვედრის ტემპი. უბრალოდ გენიალურია... რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ არის მასზე, მაგრამ დანარჩენს მისი თამაში გვეტყვის... დონ ანდრეს ინიესტა ლუხანი: "კარიერის ბოლომდე "ლურჯ-ბროწეულისფერთა" სამსახურში მიგულეთ!" - სწორედ ეს სიტყვები უთხრა მან კატალონიურ გამოცემა "სპორტს" 2007 წელს.

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=6JqdkAzeCgg]

 

ლეგენდარული გოლი "სტემფორდ ბრიჯზე"

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=DfiOsgk8Uoc]

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.