ახალი წესები?!

ახალი წესები?!

დასრულდა ესპანეთის ჩემპიონატის კიდევ ერთი ტური. განსაკუთრებულად არაფერი შეცვლილა. სხვაობა "რეალსა" და "ბარსას" შორის კვლავ 7 ქულას შეადგენს. ბომბარდირთა დავაში მესი კვლავ მეორე პოზიციას იკავებს. "კამპ ნოუზე" "ბარსა" კვლავ დაუმარცხებელია. ერთადერთი, რაც სავარაუდოდ შეიცვალა, არის საჯარიმოში თამაშის წესები! მოდით, უფრო დეტალურად ვისაუბროთ ამ თემაზე:

 

იცით, თუ არა, როდის ეძლევა ფეხბურთელს წითელი ბარათი და როდის ინიშნება პენალტი? ციტატა ფეხბურთის წესების სახელმძღვანელოდან: Denying the other side an opportunity to score by handling the ball - მეტოქესთვის გოლის გატანაში ხელის შეშლა, ხელით თამაშით! საინტერესოა... არ გეგონოთ, რომ მივიჩნევ, თითქოს მსაჯი არ შეიძლება შესცდეს, ან არ გამოეპაროს თვალთახედვიდან ესა თუ ის ეპიზოდი, ან მიიღოს საკამათო გადაწყვეტილება, ვინაიდან თამაშის მსვლელობისას გარკვეული წესების დარღვევა მისთვის ძნელად განსასჯელი გახდეს. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ყველაფერი... მაგრამ, როცა ხსენებული "ყველაფერი" სისტემატიურ ხასიათს იღებს, უკვე სიტუაცია საგანგაშოა. არ იფიქროთ, თითქოს ტენდენციური ვარ და ამ სტატიაში მხოლოდ "ბარსას" საწინააღმდეგოდ დაშვებულ შეცდომებზე გავამახვილებ ყურადღებას. არა! მაგალითისთვის გამოვყოფ "ვალენსიასთან" დაპირისპირებას, სადაც ჩვენი მეკარე პინტო აშკარად იმსახურებდა მოედნიდან გაძევებას, ვინაიდან მან საჯარიმოს გარეთ ხელით ითამაშა და ჩაშალა საგოლე შეტევა. ასევე ავღნიშნავ "რეალის" წინააღმდეგ აბიდალის ქმედებას. რაკურსი, რომელიც ოპერატორებმა შემოგვთავაზეს ასახავს, რომ აბიმ ხელით ითამაშა (თუმცა ბურთს მიმართულება არ შეუცვლია), მაგრამ, სანამ მავანნი თავიანთ ბრძნულ აზრებს გადმოაფრქვევენ, შეგახსენებთ, რომ რომ არა მსაჯის გაუმართლებელი გადაწყვეტილება (ლასანას არ გაგდება მოედნიდან), არავინ იცის მოვლენები როგორ განვითარდებოდა.

 

ახლა გადავიდეთ იმ მომენტებზე, რომლებმაც "ბარსა" ძალიან დააზარალა, ხოლო მის უშუალო კონკურენტს სარგებელი მოუტანა. პრიმერას "კლასიკომდე" კატალონიელები გასვლით მატჩს მართავდნენ მადრიდში, "ხეტაფეს" წინააღმდეგ. ამ შეხვედრაში სტუმრებმა მთელი 3 ქულა დაკარგეს. ვერ ვიტყვით, რომ ისინი გამარჯვებას იმსახურებდნენ თავიანთი თამაშიდან გამომდინარე, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, მათ გოლის გატანა მოახერხეს, მაგრამ ამაოდ... მსაჯმა გოლი გააუქმა, ვინაიდან ჩათვალა, რომ ის თამაშგარედან გავიდა. ამ გადაწყვეტილებით კატალონიელებმა +1 ქულა დაკარგეს. პარალელურად +3 ქულა ჩაიწერა "რეალმა" "ვალენსიასთან" მატჩში, რადგან მსაჯისთვის იგუაინის "ხელბურთი" შეუმჩნეველი დარჩა. სხვათაშორის, ფეხბურთის წესების სახელმძღვანელოში გარკვევით წერია, რომ საჯარიმოში ხელით თამაში მხოლოდ მეკარის პრეროგატივაა:

თუ იგუაინის ხელით თამაში არ შეიმჩნიეს, მაშინ რა დააშავა რაულ როდრიგესმა? არც არაფერი... სწორედ ამიტომ მსაჯმა თვალები დახუჭა მორიგ "ხელბურთზე", როცა როდრიგესმა "ბარსელონელი" პედროს დარტყმული ბურთი ფაქტიურად ცარიელი კარიდან გამოიტანა ხელით. ამით კვლავ კატალონიელები დაზარალდნენ, ვინაიდან მათ დაკარგეს ძვირფასი 3 ქულა და მხოლოდ +1 ქულას დასჯერდნენ. იგუაინისგან განსხვავებით "ესპანიოლის" ფეხბურთელმა მატჩის დასრულებისთანავე აღიარა ხელით თამაში და განაცხადა, რომ ამის დამალვას უკვე აზრი აღარ აქვს, რადგან გამეორებაზე ყველაფერი ნათლად გამოჩნდება. პიპიტა და მისი ქომაგები კი ჯიუტად უარყოფენ ხელით თამაშს, მიუხედავად ამ ყველაფრის ამსახველი უამრავი ფოტო და ვიდეო მასალისა.

მივუბრუნდეთ ისევ "ხეტაფეს". ბოლო ტურის მინი-დერბიში "ხეტაფემ" "რეალს" უმასპინძლა. თამაში მეტად უღიმღამო აღმოჩნდა. მასპინძლები ვერა და ვერ ახერხებდნენ შეტევის ორგანიზებას და ბურთს ან ცენტრში ან კი მაქსიმუმ საჯარიმოსთან ახლოს კარგავდნენ. მიუხედავად ამისა, მათ მაინც მოაბეს თავი ერთ შეტევას, მაგრამ რა ხეირი?! რისთვის აქვთ ფეხბურთელებს ხელები? მეტოქის დარტყმული პეპემ ხელით მოიგერია და ამის შემდეგ ისე დაეცა მოედანზე და იტრიალა, თითქოს ტკივილებისგან კრუნჩხვებში იყო. "ბარსას" სიმულაცია აკერიათ მადრიდელებს მუდამ პირზე, ჰოდა ამ ბოლო დროს ამ სფეროში პირველობას არავის უთმობენ, განსაკუთრებით კი პეპე, რომელმაც "ყასბობასთან" ერთად სიმულანტობაც შეითავსა და საბოლოოდ ყველასთვის ამაზრზენ და საძულველ "ფეხბურთელად" ჩამოყალიბდა. არავინ იცის პენალტი რომ დანიშნულიყო, შესძლებდა თუ არა "ხეტაფეს" მოთამაშე მის რეალიზებას, მაგრამ... მაინც +2 ქულა მადრიდელებს.

"ბარსამ" პენალტის გარეშე მოიპოვა გამარჯვება "რეალ სოსიედადთან", თუმცა ეს სულაც არ ამართლებს მსაჯის გადაწყვეტილებას, რათა მან "არ შეიმჩნიოს" ხელით თამაში საჯარიმოში. კომენტატორების თქმის არ იყოს, უკვე ალბათ თქვენც ვერ ხვდებით, თუ რას ნიშნავს ე.წ. "ხელბურთი".

 

ასეა თუ ისეა, მსაჯების მიერ განგებ თუ უნებლიე ქმედებების დამსახურებით, "ბარსა" ესპანეთის ჩემპიონატის ცხრილში მეორე პოზიციაზეა... და მავანნი კიდევ ჩვენ გვეძახიან "მსაჯელონას"...

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.