”რომას” დირექტორი: ”ლუის ენრიკე არსად მიდის”
”რომას” დირექტორმა, ფრანკო ბალდინიმ უარყო პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ”ბარსელონადან” პეპ გვარდიოლას წასვლის შემთხვევაში კატალონიურ კლუბში სამუშაოდ ლუის ენრიკეს მიიწვევენ.
იტალიური და ესპანური პრესის აზრით ლუის ენრიკე გვარდიოლას პოტენციური მემკვიდრეა. 41 წლის სპეციალისტმა კატალონია გასული სეზონის ბოლოს დატოვა და ”რომას” ჩაუდგა სათავეში.
ამას გარდა პრესამ გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, თუ რა თანხა დაჯდება ლუის ენრიკეს გამოსყიდვა. ამ თანხის გადახდის შემთხვევაში ის თავისუფლად გადავა ”ბარსელონაში”. ყველა ეს ინფორმაცია კი ”რომას” დირექტორმა, ფრანკო ბალდინიმ უარყო და ”Corriere dello Sport”-ის ჟურნალისტი დაარწმუნა იმაში, რომ ლუის ენრიკე რომს არ დატოვებს.
”ლუის ენრიკე არსად მიდის. ის რომში მინიმუმ 2013 წლამდე დარჩება, მის კონტრაქტში კი არავითარ გამოსასყიდ თანხაზე საუბარი არ არის” - განაცხადა ფრანკო ბალდინიმ.
”ბარსელონას” სარეზერვო გუნდის ყოფილ მწვრთნელს სეზონის დასაწყისში სერიოზული პრობლემები ჰქონდა, თუმცა ბოლო თვეებში მისი მდგომარეობა საგრძნობლად გამოსწორდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]